კვირის ამბები

რას იწვევს იოდის დეფიციტი მოზარდებში

17.03.2014 • 23859
რას იწვევს იოდის დეფიციტი მოზარდებში

„ასეთი ბავშვები აპათიურებიც არიან, თითქოს არაფერი აინტერესებთ“, – ამბობს ლია კაკაურიძე, აჭარის ენდოკრინოლოგიური ცენტრის ექიმი, რომელიც სამი წელია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებსა და ბაღის აღსაზრდელებს იკვლევს. მისი თქმით, მოზარდებში იოდდეფიციტი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება, რადგან ამ დროს ორგანიზმის ინტენსიური ზრდა-განვითარება მიმდინარეობს.

„ყურადღებით უნდა იყოს მშობელი და ყველაფერი არ უნდა მიაწეროს გარდატეხის ასაკს. უნდა გვახსოვდეს, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ იოდდეფიციტის ენდემურ კერაში. ადრე ითვლებოდა, რომ ეს კერა იყო მაღალმთიანი აჭარა, მაგრამ მთელი აჭარაა უკვე ამ არეალში. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა, დღეისათვის მსოფლიო მოსახლეობიდან დაახლოებით ერთი მილიარდი განიცდის იოდის დეფიციტს“, – ამბობს ლია კაკაურიძე.

რატომ არის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი იოდი და რას იწვევს მისი დეფიციტი? ენდოკრინოლოგი განმარტავს: „იოდის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს ფარისებრ ჯირკვლის განვითარების შეფერხებას. იოდი არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების საშენი მასალა და როცა ორგამიზს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის იოდი, ეს იწვევს ამ ჰორმონების ნაკლებობას და ვითარდება ჰიპოთირეოზი, დაავადება, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებას იწვევს. ამას, თავის მხრივ, მოჰყვება სერიოზული პრობლემები, ჩამორჩენა ფსიქოსომატურ განვითარებაში და უკიდურეს შემთხვევაში საქმე იდიოტიამდეც შეიძლება მივიდეს. საბედნიეროდ ასეთი შემთხვევები იშვიათია ჩვენთან.“

სპეციალისტები იოდდეფიციტის საუკეთესო პროფილაქტიკად იოდიზებული მარილის გამოყენებას მიიჩნევენ. მარილს ადამიანი ყოველ დღე მოიხმარს, თუმცა აქაც არსებობს ერთი წესი. ლია კაკაურიძის განმარტებით, იოდიზებული მარილის გამოყენება მხოლოდ მაშინაა ეფექტური, თუკი მარილით კერძს მომზადების შემდეგ ვანელებთ, რადგან ხარშვისას იოდი ორთქლდება და იგი სასარგებლო აღარ არის. რაც შეეხება პროდუქტებს, რომლებიც იოდდეფიციტის დაძლევაში ეხმარება მოზარდს და ზრდასრულ ადამიანსაც, ეს არის ოკეანის თევზი (მდინარის თევზი ნაკლებად სასარგებლოა) და ზღვის პროდუქტები. ასევე: ჩაი, შედედებული რძე, შავი პური და ყავა. ხილს შორის შედარებით მეტ იოდსს შეიცავს ფეიჰოა, კარალიოკი და კივი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ბაღის აღსაზრდელებსა და 1-8 კლასის მოსწავლეებს სახელმწიფო მესამე წელია უფასო გამოკვლევებს ატარებს. ლია კაკაურიძე ამ პროგრამაში მესამე წელია მონაწილეობს. იგი ამბობს, რომ მოზარდებში იოდდეფიციტის სიმპტომები ხშირად გვხვდება და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისა და ბაღის აღსაზრდელების გამოკვლევა უფასოდ ხორციელდება, სკოლაში, შემოწმებისას გაცემული მიმართვის საფუძველზე, მშობლები მაინც ნაკლებად აქცევენ ამ პრობლემას ყურადღებას.

„პროგრამაში შედის უფასო ექოსკოპია, უფასო ჰორმონალური გამოკვლევები, მაგრამ მომართვიანობა მცირეა. მშობლები რატომღაც ამ თემას არ აქცევენ სათანადო ყურადღებას. მეორედ რომ მივედი სკოლაში და ბავშვი გავსინჯე, რომელსაც შარშან ვუთხარი, რომ ჩიყვი ჰქონდა, აღმოჩნდა, რომ ახლაც იგივე მდგომარეობაა. თვალშისაცემი პრობლემა არ არის ეს და ალბათ ამიტომ არ აქცევენ მშობლები ყურადღებას. როცა გარედან შესამჩნევია, მაშინ აკითხავენ ექიმს. მშობლებს მინდა მივმართო, ბავშვი სკოლიდან რომ მოიტანს ამბავს, მივიდნენ იქ, სადაც მიმართვა ექნებათ, ან დარეკონ ჩვენთან, ენდოკრინოლოგიურ ცენტრში და ნუ წაუყრუებენ ამ ამბავს, ეს გამოკვლევები უფასოა“, – ამბობს ლია კაკაურიძე.

იოდდეფიციტის სამკურნალოდ იოდიზებული ტაბლეტების თვითნებურად მიღებისაგან სპეციალისტები მოზარდებს და ზრდასრულებსაც თავშეკავებას ურჩევენ. დოზირება უმჯობესია ექიმთან შეთანხმებით განისაზღვროს, რადგან ზედმეტი იოდი ორგანიზმისათვის მავნებელია, ისევე როგორც მისი დეფიციტი.

ექსპრესტესტი _ აკლია თუ არა ორგანიზმს იოდი

თუ ადვილად იღლებით, ცუდად გამოიყურებით, ყველაფერი გავიწყდებათ, ჩქარი სიარულისას სუნთქვა გეკვრით, ცუდად გესმით, სახეზე დაგედოთ მოყვითალო ფერი, თვალების ქვემოთ არეები შეგიშუპდათ, ენაზე შესამჩნევია კბილების ანაბეჭდები, გიჭირთ ცხვირით სუნთქვა, მიმართეთ ექიმს – ეს იოდდეფიციტის ნიშნებია. თქვენს ეჭვს დაადასტურებს მარტივი ტესტი: ყურის საწმენდი ჩხირის ერთი ბოლო ამოაწეთ იოდის 5%-იან ხსნარში და დაიხატეთ ბადე წინამხრის შიგნითა ზედაპირზე. თუ ორი საათის შემდეგ ხაზები გაქრა, ორგანიზმში იოდის დეფიციტია.

ლია კაკაურიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: