კვირის ამბები

25 ათასი საათი სკოლაში

18.03.2014 • 3307
25 ათასი საათი სკოლაში

„დახატეთ ბავშვებო, დახატეთ, მათემატიკური ფიგურებით როგორ მიულოცავთ დედის დღეს დედას“,  – თენგიზ კუჭავა მეორეკლასელებს მათემატიკის გაკვეთილს უტარებს. კლასში წესრიგს მშვიდად, აუღელვებლად ამყარებს. დაფაზე დაწერილი მაგალითის პასუხი მოსწავლეთა უმრავლესობამ ხმამაღლა წამოიყვირა, თუმცა დაფასთან მხოლოდ ის გაჰყავს, ვინც არ იყვირა –  უბრალოდ, ხელი ასწია. ამბობს, რომ ამით ერთგვარად წესრიგს აჩვევს მოსწავლეებს.

„პარალელურად ბევრგან ვმუშაობდი. საზღვაო აკადემიაშიც ვასწავლიდი. სასწრაფო დახმარებასავით მიწვევდნენ ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. სხვადასხვა პედაგოგს ვცვლიდი, საათობრივ დატვირთვაზე ვიყავი. ახლა დილიდან საღამომდე სკოლაში ვარ. შევეჩვიე ამ პროფესიას. მასწავლებლობა ძნელი პროფესიაა, მაგრამ გაკვეთილზე მე ვარ ჩემი გაკვეთილის ბატონ-პატრონი. ოლიმპიადებს ვატარებ, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს. სულ ძიებაში ვარ. უფრო მეტს მოსწავლეები მასწავლიან, ვიდრე მე ვასწავლი მათ“, – ამბობს თენგიზ კუჭავა.

მათემატიკის სწავლების თავისი მეთოდი გამოიგონა: BMNH – მათემატიკა ანიდან ჰოემდე, ანუ როგორც თვითონ უწოდებს „ბათუმელი მათემატიკოსის ნოვატორული ჰიტი“.

„მთელი მათემატიკა ერთ ფურცელზე ეტევა. თუ ამას ისწავლის მოსწავლე, მერე ყველაფერს მიაღწევს, ამას ჰქვია BMNH – ეს არის პარამეტრები, რომელიც უნდა ცვალო. კლასში 40 მოსწავლეც რომ იჯდეს, მაინც ყველას სხვადასხვა დავალება ექნება. გასასწორებლად არის ძნელი, თორემ ისე იდეალურია. ეს მეთოდი არის მათემატიკის შესწავლისადმი რწმენის გაღვივების მეთოდი,“ – ამბობს თენგიზ კუჭავა.

მათემატიკის ნიჭი დედისგან გამოჰყვა, მამისაგან კი – პოეზიის სიყვარული: „მეც ვწერდი რაღაცას. მეექვსე კლასში ვიყავი, ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ რომ წავიკითხე. ამას მეც დავწერ-მეთქი ვთქვი და დავიწყე წერა. ორი-სამი წინადადება რომ დავწერე, მერე დავანებე თავი. არაა წერა ჩემი საქმე. აი, მათემატიკა კი მთელი ცხოვრებაა ჩემთვის. გამუდმებით ვსწავლობ. ვსწავლობ ჩემი მოსწავლეებისგან, კოლეგებისგან. პედაგოგიკაში ძალიან სუსტებთან და ძალიან ძლიერებთან მუშაობის პრობლემებია ყოველთვის გადამწყვეტი. უფროსკლასელებთან სწავლებისას ხშირად იძულება მჭირდება. სულ ვუხსნი, რომ მათემატიკა არის ცხოვრებასთან კავშირში: აი, მაგალითად, ჩვენ სახლში რომ შევდივართ, ქუდს ვიხსნით და ვკიდებთ. რიცხვები კი, ფესვში რომ შედიან, ქუდს იხურავენ.

ბავშვებს საინტერესო მაგალითს თუ მოუყვან, ცოტათი უფრო ინტერესდებიან. თუმცა მათემატიკის სწავლა ყოველთვის მარტო ხალისი არ არის. ზოგჯერ დაძალებაც სჭირდებათ. მათემატიკა მშრალად რომ მიაჩნიათ, ეს ძალიან მაღიზიანებს და ვცდილობ, სულ უფრო სახალისო გავხადო ბავშვებისთვის.

მაგალითად, თუ მოსწავლე მეუბნება, რომ არ უყვარს მათემატიკა, იმით ვინტერესდები, რა უყვარს. ვთქვათ, ცეკვა უყვარს, სიმღერა უყვარს… ჩემს მოსწავლეებს დაუწერიათ საკონფერენციო თემები, ვთქვათ, გიტარის აგებულებაზე, მუსიკასთან რა კავშირი აქვს მათემატიკას, ხელოვნებასთან რა კავშირი აქვს, აი ამ კუთხით. ცეკვა გიყვარს? – ვეუბნები, გააკეთე ცეკვის ილეთი და დააკვირდი ამ ილეთის დროს რამდენგრადუსიანი კუთხით ხრი ხელს, როგორ მოძრაობ. იგივე ჩაცმულობაში ათასი ფორმებია მათემატიკური. მნიშვნელოვანია, რომ დავალება, რასაც მივცემ, აუცილებლად შეასრულონ. ვეუბნები – სკოლაში მოდიხართ როგორც სამსახურში“.

ამჟამად ორ სკოლაში ასწავლის. ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში გახანგრძლივებული ჯგუფი ჰყავს, ასევე მოსწავლეებს დამატებით ამეცადინებს.

„იმის გამო, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვუყარო თავი ყველაფერს, ბოლო სამი წელი ვცდილობ, მაქსიმალურად ვიმოძრაო და ვიმუშაო. სამი შვილი მყავს, ორი დიდია უკვე, მესამე პატარა მყავს – ხუთი წლის. ობამას არჩევა პრეზიდენტად და მე რომ შვილი შემეძინა 54 წლის ასაკში, ერთი და იმავე რეზონანსის ამბავი იყო,“ – ამბობს თენგიზ კუჭავა.

მათემატიკის გარდა ზოდიაქოთია გატაცებული. ზოდიაქოს ნიშნების შესახებ ინფორმაციას ძველ, ყდაშემოცრეცილ ბლოკნოტში ინახავს. ფანქრით წვრილად ნაწერ ტექსტს ჩაჰკირკიტებს და ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ, ეს ჩანაწერები უსათვალოდ გააკეთა, ახლა კი სათვალით წაკითხვაც უჭირს.
„სხვებზე ნაკლებად, მაგრამ საკუთარი თავისთვის რაც მიწინასწარმეტყველებია, ყველაფერი ისე ყოფილა 80%-ით. ვიცი ჩემი მოსწავლეების ზოდიაქოს ნიშნები. ვიცი, რომ იმ კლასში, სადაც უფრო მეტი მშვილდოსანია, უფრო მეტი პრობლემა მექნება. ვიცი, რატომ აქვს, მაგალითად, ერთ ზოდიაქოს ნიშანს კარგი შედეგი მათემატიკაში და მეორეს – არა. ამდენ სხვადასხვა ხასიათის მოსწავლესთან ურთიერთობა რთულია.

მასწავლებლად შესვლა კლასში არის გმირობა. მიუხედავად ამისა, არ მახსოვს შეურაცხყოფა მიმეყენებინოს მოსწავლისთვის, „შე შტერო“ ან რამე ამდაგვარი მეთქვას. როდესაც ყვირი, ეს შენი სისუსტის მანიშნებელია, ესე იგი, ვერ ნახულობ გამოსავალს, ან არ ხარ მზად გაკვეთილისთვის.
ბავშვი, რომელიც შეიძლება მათემატიკაში სუსტია, ჩემზე ასი თავით უფრო მაღლა დგას ტექნიკასთან მიმართებაში. ჩემმა ხუთი წლის შვილმა ნარდში მომიგო ორჯერ – ბაღში რომ არ წასულიყო. რა ვქნა, ვემორჩილები“.

ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სწავლა ასპირანტურაში ქალაქ ვლადიმირში განაგრძო. ბათუმში დაბრუნების შემდეგ კი მუშაობა სკოლაში დაიწყო. პედაგოგი შემთხვევით გახდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: