Batumelebi | რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი… რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი… – Batumelebi
RU | GE  

რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი…

 

ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ვინმეს ცუდი გამიხარდებოდა, მაგრამ ახლა იმაზე უნდა დავწერო, თუ რა დონემდე გაგვანადგურეს ჩვენი ოჯახი, რომ მიტევებისა და შეცოდების გრძნობა საერთოდ დავკარგეთ. ჩემმა ახლობელმა როცა გაიგო, რომ გელა მახარაძე დაიჭირეს, დიდი სიხარულით დამირეკა. მას ჩემი სასამართლო პროცესებიდან კარგად ახსოვს ამ გამომძიებლის გამოსვლები.
მისი დაკავების ამბავი ვერ დავიჯერე და სოციალურ ქსელებში დავიწყე ინფორმაციის ძიება. როცა დავრწმუნდი, რომ მართლაც დაკავებული იყო, მთელმა ოჯახმა ერთხმად შევძახეთ – დაილოცოს ღმერთო შენი სამართალი.



რამდენი წელი უნდა იცხოვროს ჩემმა ოჯახმა, რომ მისი სიბოროტე და ცინიზმი დაივიწყოს. ეს ის გელა მახარაძეა, რომელმაც უსაფუძვლოდ გასცა სანქცია შალიკაშვილების დაკავებაზე. ეს ის მახარაძეა, რომელიც ირონიულად მიყურებდა და მეუბნებოდა, ახლა კი არა, დროზე უნდა გეფიქრა ფეხმძიმედ რომ იყავი და საყაჩაღოდ არ უნდა წასულიყავიო. ეს ის მახარაძეა, რომელიც ურცხვად შემობრძანდა კპზ-ში და მომატყუა, ნათია, შენი საქმე დამთავრებულია, შენმა ძმამ ხელი დაგადოო. მაგრამ ყველაზე შემზარავი იყო ფინალი – სასამართლო პროცესზე, როცა აღმკვეთ ღონისძიებას გვიფარდებდნენ, ადვოკატმა ჩემი გირაოთი გათავისუფლება ითხოვა, რადგან 16 კვირის ფეხმძიმედ ვიყავი, ამიტომ კანონი გირაოთი გათავისუფლებას ითვალისწინებდა, მაგ პატივცემულმა კი წამოიძახა – „არც ისე დიდია ნაყოფი, რომ მოშორება არ შეიძლებოდესო“.

 

 

კიდევ ის მახსოვს, ხელვაჩაურში როგორ დამიბარა გამომძიებელმა დამატებითი ჩვენების მისაცემად. მახსოვს, ფილმს უყურებდნენ, „მონანიებას“, გელა მახარაძეც იქ ბრძანდებოდა. მე უკვე 6 თვის ფეხმძიმე ვიყავი… მაშინ ვუთხარი მახარაძეს – როცა ყველაზე მეტად გაგიჭირდება ცხოვრებაში, იცოდე, რომ ჩემმა ცოდვებმა გიწია-მეთქი. ნეტა, თუ გავახსენდი ახლა? მას ჩვენ დიდ ხანს უნდა ვახსოვდეთ…

 

 

მაგრამ თუ არ გახსოვართ, პატივცემულო, მე შეგახსენებთ თავს. მე და ჩემი ძმაც, აუცილებლად დავესწრებით თქვენ სასამართლო პროცესებს, მნიშვნელობა არ აქვს, თბილისში იქნება თუ ბათუმში.

 

როგორ ჰკითხეთ ჩემს ძმას პროკურატურაში ამოცნობაზე რომ მოგვიყვანეს??? ციხის ხომ არ გეშინია ბიჭოო??? ახლა მე გეკითხებით მახარაძევ, როგორია კაბინეტის სავარძლიდან ნარზე გადაჯდომა? ციხემ ხომ არ შეგაშინათ?
აი, ეს ის გელა მახარაძეა, რომელიც ყველაზე ძალიან მეჯავრებოდა.

 

 

ჯერ ისიც არ ვიცი, თქვენი წყალობით რა მომელის, ჩემი ბიჭი ახლა 3 წლისაა. მე პატიმრობა იქამდე გადამივადეს, სანამ ბავშვი 5 წლის არ გახდება.
მართალია, თქვენ მთელი ჩემი ოჯახი შეურაცხყავით და გაანადგურეთ, მაგრამ მე მაინც მინდა ღმერთს ვთხოვო, რომ თქვენს ოჯახს ამაზე მეტი განსაცდელი არ მოუვლინოს.

 

 

ჩემ საქმესთან დაკავშირებულ კიდევ ორ ადამიანსაც მინდა მივმართო – გამომძიებელ ოლეგ მიქელაძეს და ვითომ დაზარალებულ – ციალა ბაკურიძეს. გეშინოდეთ… თქვენი დროც მალე მოვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
24.12.2011 , მაგისტრი ნათია შალიკაშვილი