კვირის ამბები

პატიმრობა 25 წლით და ორი წელი ფსიქიატრიულში

01.03.2014 • 2135
პატიმრობა 25 წლით და ორი წელი ფსიქიატრიულში

 

 

 

“ჩვენ სოფელში სამი დასახლება იყო: იფარი, ნაკიფარი და ზეგანი.  ნაკიფარში მეათე საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია დგას, სადაც აღმაშენებლის დროინდელი მხატვრის _ ასანის მიერ ოქროსა და ვერცხლში მოჭედილი რამდენიმე ხატი ინახებოდა. აქედან ერთი ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენშია”.
საგვარეულო ეკლესიაში ინახება სამართლის კოდექსი და ქართული ანბანი, რომელიც თავისი წერითი, მეტყველებითი კულტურით, სვეტიცხოვლის დამწერლობას უტოლდება.

გადმოცემით სოფელი იფარი ქართველთა მეფეების საზაფხულო რეზიდენცია ყოფილა: “როცა მამაჩემი გადასახლებიდან დაბრუნდა და სვანეთში სახლის რეაბილიტაცია დაიწყო, სახლის ქვეშ ცხრა ქვევრი აღმოაჩინა, განძიც იპოვა. მამამ საგანძური ხელისუფლებას არ გადასცა. ამ განძიდან დიდი ვერცხლის თასი კვირიკეს ეკლესიას შესწირა, ბაჯაღლოს თასი კი, რომელიც ერთ კილოს იწონიდა _ ჩვენი სოფლის წმინდა გიორგის ეკლესიას. განძის ნაწილი, როცა ილია მეორე აღსაყრდა, საპატრიარქომ წაიღო, მათ შორის იყო თამარის დიადემა”.

 

მორწმუნე მამას ახლო ურთიერთობა ჰქონია კათალიკოს ეფრემ მეორესთან. გარდაცვალებამდე ეფრემმა მის ოჯახს უსახსოვრა პირადი ნივთები: “პიანინო “როინიში”, რომელიც ჩემმა ბიძაშვილმა ზურაბ პირველმა გაყიდა თბილისში, ვენეციური სარკე და იტალიაში დაბეჭდილი ბიბლია”.

 

მამა 1944 წელს დაგეგმილი აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო. ამ დროს ეროვნული ძალები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას აჯანყებით გეგმავდნენ. მათთან იყვნენ თურქეთში მცხოვრები ქართველებიც, რომლებიც ტაო-კლარჯეთის საქართველოს ფარგლებში დაბრუნებაზე მუშაობდნენ. აჯანყებას ჰოლანდიაში მყოფი ქართველებიც უნდა შეერთებოდნენ. მცდელობა უშედეგოდ დასრულდა”.

 

ნაზიბროლა პირველის თქმით, აჯანყებულები საფრანგეთიდან ჩამოსულმა მაღლაფერიძემ დაასმინა: “ყველა დახვრიტეს, ბევრი გადაასახლეს, მათ შორის ლაზები, ჩეჩნები, ინგუშები, რადგან ისინიც ჩართული იყვნენ ამ ამბებში. მამა ერთადერთი იყო აჯანყების ორგანიზატორებიდან, ვინც დახვრეტას გადაურჩა”.

ვასილ პირველის ოჯახი მაშინ თბილისში ცხოვრობდა: “თუმცა მამამ სკოლა დუშეთში დაამთავრა, მისი კლასელი იყო იოსებ ნონეშვილი, რომლის მშობლებიც იმ პერიოდში დახვრიტეს. ახლოს იცნობდა გრიგოლ რობაქიძეს”.

1944 წლის აჯანყების ჩაშლის შემდეგ ოთხი წელი სვანეთის ტყეებში, სამი წელი კი თბილისში, გოცირიძეების ოჯახში იმალებოდა. უშიშროებამ მის კვალს მამის პირველი ცოლის მეშვეობით მიაგნო. ვასილმა ქობულეთში გაქცევა მოასწრო”.

ქობულეთში ნაზიბროლას დედაზე, ნინა სიმონიშვილზე იქორწინა. მას პირველი ქორწინებიდანაც ჰყავდა შვილი თენგიზი, რომელიც მამასთან იზრდებოდა: “დედამ არაფერი იცოდა მამის პოლიტიკური საქმიანობაზე, ამიტომ, როცა წაიყვანეს, ვერ გაიგო რა მოხდა. ინჟინრად მუშაობდა და დედამ იფიქრა, მშენებლობაზე ხომ არ შეემთხვა რამეო. მამა 1951 წელს წაიყვანეს. იმ წელს 1944 წლის აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნიჟარაძე გადმოსულა თურქეთიდან, მას თან ჰქონია აჯანყების ორგანიზატორთა სია, სადაც მამის სახელიც ეწერა. როცა მამა წაიყვანეს, მე ოთხი თვის ვიყავი. მისმა ერთმა ნაცნობმა, რომელიც უშიშროებაში მუშაობდა, დედა გააფრთხილა, სასწრაფოდ დეპეშა გაუგზავნე ვოროშილოვს, თორემ შენს ქმარს დახვრეტენო. მეორე დღეს კი მოვიდნენ და სახლიდან ყველაფერი გაიტანეს. ბინაც ჩამოგვართვეს. დედამ ძვირფასეულობა ახლობლებთან გადამალა… ერთადერთი მიბარებული ნივთი, რომელიც დედას ახლობელმა სიკვდილის წინ დაუბრუნა, ალმასებით გაწყობილი შვეიცარული ოქროს საათი იყო”.
ნინა სიმონიშვილი გამგეობაში ბუღალტრად მუშაობდა. ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. უსახლკაროდ დარჩენილი დედა-შვილი ნათესავებმა შეიკედლეს: “ჩემი ძმა თენგიზი მამიდამ წაიყვანა თბილისში. ეს დიდი შეცდომა იყო _ თენგიზი 12-13 წლის ასაკში ქურდულ სამყაროს გარემოცვაში მოხვდა. დიდხანს ცდილობდა თავის დაღწევას და ძალიან ნანობდა ამ ნაბიჯს. 21 წლის ასაკში კი თავი მოიკლა”.

ოჯახმა ვასილ პირველის შესახებ დიდი ხანი არაფერი იცოდა:
“ახლობელმა დედა გააფრთხილა, საღამოს 11 საათზე ვაგონი გამოივლის ბათუმის სადგურში, შეიძლება გაჩერდეს და გაიგებ, იქ არის შენი ქმარი თუ არაო. ვაგონიდან პაპიროსის ქაღალდები გადმოყარეს, სადაც დაჭერილების სახელები ეწერა. მამას ვაგონის პატარა ფანჯარაში თვალიც კი მოჰკრა დედამ. როცა თბილისში დასახვრეტთა კამერაში იჯდა, გული წასვლია და სიზმარი უნახავს. “აქედან გახვალ” _ უთქვამს ხმას.

როცა თვალი გაუხელია, დედის ნათესავი ექიმი დაუნახავს. თურმე სიცხიან ადამიანებს არ ხვრეტდნენ, ვერ გეტყვით რატომ. მამაც იმას გადაურჩენია, სიცხე აქვსო უთქვამთ”.  

 

ვასილ პირველი 1952 წელს სოხუმში გაასამართლეს და 25 წლით ქალაქ ვორკუტში გადაასახლეს. იქედან მიიღო ოჯახმა პირველი წერილი.
“შემდეგ წერილები შეწყდა. მამას ციხეში ანტისაბჭოთა ჩანაწერები აღმოუჩინეს და 1954 წელს ლენინგრადის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმი ქალი დაეხმარა _ ფსიქოტროპულ წამლებს არ უკეთებდა. მამა წერდა თავის დღიურებში: ამ ქვეყნად ოთხი ქალი მიყვარს _ ჩემი ნაზიბროლა, დედა, ის ექიმი და ნატაშა ლებანიძეო. “ეს ის ქალი იყო, რომელიც მამას მთელი ცხოვრება უყვარდა, მაგრამ მასზე დაქორწინება ვერ შეძლო”.

 

ვასილ პირველმა ფსიქიატრიულში ორი წელი გაატარა. საავადმყოფოს პატარა ფანჯრიდან დანახულ ვენის ნაპირებს და გამვლელებს ხატავდა. მოგვიანებით ის მახინჯაურის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

 

“მამა აქ ვნახე პირველად. შვიდი წლის ვიყავი. როცა ვიწრო დერეფანში შევედი, გისოსებს შეშლილი ადამიანები მოაწყდნენ და აყვირდნენ. მეც ავკივლდი. მამამ დამამშვიდა, ხელში ამიყვანა და მითხრა: “უნდოდათ, ასეთი ყოფილიყო მამაშენიო”. აქედან ძმის, ოთარ პირველის ხელწერილის საფუძველზე გაუშვეს.

 

“ცოტა ხანი ქობულეთში, ჩვენს პატარა ქოხში ცხოვრობდა, რომელიც ზღვის პირას ააგებინა დედამ. მამა არაჩვეულებრივი არქიტექტორი იყო, ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი გამოშვება. იმ წელს სამეგრელოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა და ერთმა ნაცნობმა მარტვილში ბანკის შენობის რეაბილიტაციაზე წაიყვანა. მამის  აღდგენილია სენაკის კულტურის სახლი. მისი დაპროექტებული იყო ციხისძირში ლიმონარიაც, სვეტები ჩუქურთმებით იყო მოხატული, თუმცა შემდეგ ჩამოინგრა.

 

როცა თენგიზმა თავი მოიკლა, ვასილმა ასკეტური ცხოვრება დაიწყო. სვანეთში წავიდა და იქ მამისეული სახლის რესტავრაციას მიჰყო ხელი. მაშინ აღმოაჩინა ქვევრები და საგანძური. ქობულეთში ზამთრობით ჩამოდიოდა, ზაფხულობით კი მე და დედა მივდიოდით სვანეთში”.

ვასილ პირველი  ქუთაისში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: