კვირის ამბები

ზაურ ფუტკარაძე: ციტრუსის სეზონი წარმატებული იყო

17.01.2014 • 1933
ზაურ ფუტკარაძე: ციტრუსის სეზონი წარმატებული იყო

 

წელს ციტრუსისთვის  13, 800 მილიონი ლარია გამოყოფილი, მათ შორის 1, 800 მილიონი არასტანდარტული მანდარინისთვის – არსტანდარტულ მანდარინში 1 კგ-ზე 10 თეთრს ვიხდით. დღეის მდგომარეობით 9 ათასი ტონაა არასტანდარტული მანდარინია ჩაბრებული, აქედან 8 ათასი ტონა არის აჭარის და თანხა – 10 თეთრი მთლიანად გავეცით. რაც შეეხება სტანდარტულს, 12 მლნ ლარია გამოყოფილი. 80 ათასი ტონა თუ გავა ქვეყნიდან ექსპორტზე, ეს 12 მილიონი საკმარისი იქნება. სტანდარტული მანდარინზე 15 თეთრია. თავდაპირველად, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ თუ 5 ათას ტონაზე მეტი გვექნება ციტრუსი, რა თქმა უნდა, დავამატებთ თანხასო. დღეის მდგომარეობით 60 ათას ტონაზე მეტი უკვე გატანილია. 

 

ახლა იმაზე თუ როგორ ხდება თანხის გაცემა. დელეგირება საქართველოს მთავრობამ აჭარის მთავრობას მოგვცა. ეს იმას ნიშნავს, რომ აჭარა, გურია, სამეგრელო, საქართველოს ციტრუსის ზონები, ყველა მეციტრუსე, ვისი პროდუქციაც იქნება ექსპორტზე გატანილი, საქართველოს გარეთ, ყველა კილოგრამზე დამატებით მიიღებს 15 თეთრს. ეს იქნება ექსპორტიორი, თუ თვითონ პიროვნება, არა აქვს ამას მნიშვნელობა: შეისყიდა 40 თეთრად, 50 თეთრად, 60 თეთრად, დამატებით მიიღებს 15 თეთრს. 

 

რატომ გავაკეთეთ ეს? განვასხვავეთ სტანდარტული და არასტამდარტული მანდარინი. თუ არასტანდარტული მანდარინი 1 კგ ღირს 20 თეთრი, 10 თეთრს ვუხდით ჩვენ და 10 თეთრს ქობულეთის საწარმო, სადაც არასტანდარტულ მანდარინს ამუშავებენ. გლეხი რომ არ დაზარალებულიყო, სტანდარტული მანდარინის შესყიდვის მინიმალური ფასი  35 თეთრით განვსაზღვრეთ. ამას დაემატება მთავრობის მიერ გაცემული 15 თეთრი და სტანდარტული მანდარინის მინიმალურ ფასს მივიღებთ 50 თეთრს. მაგრამ დავუშვათ კაცს აქვს ძალიან კარგი მანდარინი და ყიდის 50 თეთრად, ამ შემთხვევაშიც დაემატება 15 თეთრი, მაშინ ფერმერი მიიღებს 65 თეთრს.

 

ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი მყიდველსა და გამყიდველს შორის. ორივე მხარე აწერს ხელს მიღება-ჩაბარების აქტს და ამას ამოწმებს თემის რწმუნებული.  ამის შემდეგ აუცილებლად უნდა დაერთოს მიღება-ჩაბარების აქტს საექსპორტო დეკლარაცია, რომელიც დასტურია იმისა, რომ ტვირთი გავიდა ქვეყნის გარეთ.

 

გლეხმა ან მანდარინის ნებისმიერმა გამყიდველმა შესაბამის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს მიღება-ჩაბარების აქტს, თავის პირადობის მოწმობა და საბანკო ანგარიში, ასევე საექსპორტო დეკლარაცია. იმისათვის რომ არ მოხდეს გაორება, დუბლირება, შეიქმნა სამთავრობო კომისია. ექსპორტიორმა, რომელმაც გაიტანა 100 ტონა, უნდა მიიღოს 15 ათასი ლარი. ორიგინალური საბუთები – მიღება-ჩაბარების აქტი, საექსპორტო დეკლარაცია და ასე შემდეგ, რჩება იმ შპს-ს, მეწარმეს, ვინც პროდუქცია ექსპორტზე გაიტანა. მას შეუძლია აღნიშნული დოკუმენტები მიიტანოს, ვთქვათ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ზუგდიდში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სადაც არის მანდარინი. ორ ადგილას რომ არ წარადგინონ დოკუმენტები, მას ამოწმებს კომისია.  აკეთებს ერთიან რეესტრს, რომელიც კეთდება საექსპორტო დეკლარაციის ნომრის მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმე თუ იცრუებს და განმეორებითი 15 ათასი ლარის აღებას მოინდომებს, კომისია ამას აღმოაჩენს.


არასტანდარტულის შემთხვევაში პიროვნება თანხას 10 თეთრიდან, მუნიციპალიტეტში შესაბამის დოკუმენტების წარადგინა მაქსიმუმ მესამე დღეს მიიღებს, სტანდარტულის შემთხვევაში, პროცედურულად, დაახლოებით ერთი კვირაა საჭირო.  

 

კიდევ ერთი დეტალი: დავუშვათ მე ვარ შპს. გორიდან ჩამოვიდა ვიღაცა პიროვნება, რომელმაც უნდა გაიტანოს ჩემი პროდუქცია. ამ შემთხვევაში, თანხა რომ არ დაიკარგოს, ჩემ შპს-სა და იმ გორელს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რათა საწყისი დოკუმენტები ანუ მიღება-ჩაბარების აქტები დაკავშირებული იყოს ჩემთან, როგორც დამამზადებელთან. მე (შპს) კი, რა თქმა უნდა, კავშირში ვარ ფერმერებთან მიღება-ჩაბარების აქტით.


არ ფიქრობთ, რომ  გლეხისთვის ამ დოკუმენტების მოწესრიგება რთულია?


მსოფლიოში კონტროლის სხვა მექანიზმი არსებობს? თუ ადამიანს ელემენტარული განათლება არა აქვს და ჯერ „ჭე“ კლასში სწავლობს, ამას ვერ მიხვდება. ეს არის ბიუჯეტის ფული. არა მარტო ზაურ ფუტკარაძე, ყველა ჩვენგანი უნდა ვიყოთ ფრთხილად, ამით ვიღაცამ ხელი რომ არ მოითბოს.

 

ის გლეხები, რომლებსაც დიდთოვლობის გამო მანდარინი დაუკრეფავი დარჩათ, მიიღებენ თუ არა კომპენსაციას?


არ მიიღებენ კონპენსაციას. პირადად ორჯერ-სამჯერ მაქვს ტელევიზიით განცხადება გაკეთებული. ჩვენი თანამშრომლები მივიდნენ ყველა თემში, სადაც ციტრუსია. ამას დაადასტურებს ყველა სოფლის მოსახლე და გამგებელი, რომ ჩვენ რეალურად მივედით ყველა ადგილას და ავუხსენით პრინციპი, რა უნდა გააკეთოს გლეხმა, რომ მიიღოს დამატებით 15 თეთრი. მეტიც, ახალ წლამდე ასეთი შემთხვევა გვქონდა სოფელ კვირიკეში, ვიღაც მოქალაქე მივიდა თბილისიდან და უთხრა, რომ ეს 15 თეთრი მინდა მე და არა თქვენო. შესაბამისად, არ აძლევდა შესყიდვის საბუთს. დაგვიკავშირდნენ, იმ წუთას ჩვენ ჩავრთეთ შესაბამისი სამსახურები და ძალიან ოპერატიულად მოგვარდა საკითხი, გააფორმეს შესყიდვის აქტი და ხელი მოაწერეს საექსპორტო დეკლარაციას. ეს არის ყველაზე გამარტივებული მექანიზმი.

 

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სეზონი იყო წარუმატებელი. დაასახელეს ამის 41 მიზეზი, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზია ექსპორტიორებთან კონტაქტის არ არსებობა.


მათ ექნებათ ასეთი ილუზია, რადგან თვითონ როცა მუშაობდნენ, ექსპორტიორებთან იყვნენ შეკრულები და ძალიან კარგადაც ითბობდნენ ხელს. დღეს მე ვამბობ, რომ ბიზნესი არის თავისუფალი, მთავარია კანონის ფარგლებში მოქმედება… ჩამოთვალონ წინა წლებში რამდენი ექსპორტიორი ჰყავდათ მანდარინის დროს, სამი ან ოთხი მაქსიმუმ. წელს ექსპორტიორთა რიცხვი გაიზარდა 80-მდე. რასაც გეუბნებით ეს ინფორმაცია გამჭვირვალეა და შეგიძლიათ აიღოთ შემოსავლების სამსახურიდან. 

 

როგორ თვლით, წარმატებული იყო  ციტრუსის სეზონი?


სეზონი იყო ზეწარმატებული. ერთი კვირაა ბათუმის პორტში გვყავს გემი გაჩერებული, რომელმაც რუსეთში უნდა წაიღოს მანდარინი და პორტში იხდის გადასახადს. ჩვენ ვთხოვეთ პორტს, რაღაც შეღავათები გაავრცელინ დგომაზე.  იმპორტიორებმა და ექსპორტიორებმა, ვინც დაინტერესებული არიან, ვერ შეაგროვეს საქონელი და, სავარაუდოდ, გემი ვერ დაიტვირთება – საქონელი არაა. ძალიან დიდი მოსავლის  მიუხედავად, ფაქტობრივად, სარეალიზაციო საქონელი არა გვაქვს, რადგან უკვე ყველაფერი რეალიზებულია.

 

თქვენმა სამინისტრომ ოფიციალურად გაავრცელა, რომ სულ 110 ათასი ტონა მანდარინის მოსავალი იყო. თქვენ მითხარით, რომ 60 ათასი ტონაა ექსპორტზე გატანილი, დანარჩენი 50 ათასი რა იქნა?


დღეის მდგომარეობით 9 ათასი ტონა არასტანდარტული მანდარინი გვაქვს მიღებული, 60 ათას ტონაზე მეტი ექსპორტზეა გატანილი. დაახლოებით 10-12 ათასი ტონა მოსახლეობას შენახული აქვს და არ ყიდის, უნდა გაყიდოს მარტ-აპრილში ლარნახევრად, ორად, სამად. შესაძლებელია ჰქონდეთ უფრო მეტიც. ეს იქნა 80 ათასი. ვფიქრობთ, საერთო მოსავლის 20-25% დარჩა ხეზე და გაიყინა. ანუ ჯამი გამოდის ის ციფრი, რასაც ჩვენ ვვარაუდობთ.

 

 

გადაბეჭდვის წესი