სპორტი

ათგზის ჩემპიონი ძიუდოისტი და სამბისტი ქალი

07.03.2015 • 2531
ათგზის ჩემპიონი ძიუდოისტი და სამბისტი ქალი

 

ირინა ლეონიძე - ცენტრში
ირინა ლეონიძე – ცენტრში

ირინა, როდის და რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ძიუდოისტი?


 ძიუდოს ვარჯიში 20 წლის ასაკში დავიწყე, მანამდე მშვილდოსანი ვიყავი, ხათუნა ნარიმანიძესთან ვვარჯიშობდი. ანგისის სპორტსკოლაში იყო ძიუდოს შეკრება, რომელსაც იმ დროისთვის გოდერძი ველიჯანაშვილი ხელმძღვანელობდა. ორკვირიანი ვარჯიში მიმდინარეობდა და მან შემომთავაზა ძიუდოში ვარჯიში. მერე იყო შეჯიბრი ლაგოდეხში, სადაც მივიღე მონაწილეობა. ასე შემოვრჩი ძიუდოს.


ამ ასაკში რამდენად შესაძლებელია გახდე პროფესიონალი ძიუდოისტი?


ძალიან რთულია, როცა 20 წლის ასაკში იწყებ სპორტის ასეთ სახეობაში ვარჯიშს, მაგრამ მე ხელი შემიწყო გარემოებამ, ჩემმა მასწავლებლებმა, მეგობრებმა.


 მშვილდოსნობაში ახლაც ვარჯიშობთ?


 არა. ძიუდოს მერე აღარ მივარჯიშია, ხელშიც კი აღარ დამიჭერია მშვილდი.


რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ? თუ ყოფილა საზოგადოების მხრიდან სხვაგვარი დამოკიდებულება, რომ გოგომ ძიუდოს ვარჯიში დაიწყეთ?


სხვათა შორის, არა. გააჩნია როგორი პიროვნება ხარ, ისე წარმართავ შენს ცხოვრებას. იყვნენ ჩემ ირგვლივ ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონდათ ეს სპორტი, ქალის ძიუდო, სამბო, თუმცა შემდეგ ვისაც არ მოსწონდათ, სწორედ მათ მოიყვანეს თავიანთი შვილები ძიუდოში. ქალისთვის აუცილებელია სპორტი, ბევრ მეგობარს შეიძენ, ბევრ კარგს ისწავლი, ერთი დიდი ოჯახია სპორტი.


თქვენ რა შეგძინათ ძიუდომ, სამბომ?


ბევრი რამ. კარგი თვისებები, სიმშვიდე, კონცენტრაციის უნარი, მეგობრები.


2014 წელს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა დაგასახელათ წლის საუკეთესო სპორტსმენად. რას ნიშნავს თქვენთის და, ზოგადად, სპორტსმენისთვის ეს ტიტული?


როდესაც გასახელებენ წლის საუკეთესო სპორტსმენად, იმ წუთში საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ, რომ მომავალში არ მოუკლო შრომას ან ამ შედეგებს. რამდენჯერმე ვარ დასახელებული წლის საუკეთესო სპორტსმენად და ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა.


თქვენთან რომელი უფრო ახლოს დგას – სამბო თუ ძიუდო, რომელია თქვენთვის უპირატესი?


 ჩემთვის ორივე განსაკუთრებულია და ვერ გავყოფ ერთმანეთისგან. ძიუდო ოლიმპიური სახეობაა, ლამაზი და გონივრული საჭიდაოა. სამბო ძიუდოსგან განსხვავდება თავისუფალი და მტკივნეული ილეთებით. სამბოში უფრო მეტია პარტერში ჭიდაობა.


 თუ გქონიათ ტრავმა? 


 მიუხედავად იმისა, რომ გამოიყენება მტკივნეული ილეთები, სამბოში არასდროს მიმიღია ტრავმა. მქონია რამდენიმე ტრავმა ძიუდოში. ერთხელ ხელი ამომივარდა, შვიდი თვე ვერაფერს ვაკეთებდი.


რა მიზანი გაქვთ, რისი მიღწევა გინდათ სპორტის ამ სახეობაში?


ძალიან შრომატევადია ეს სპორტი, მინდა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე.


ამისთვის როგორ ემზადებით?


 დილით, შუადღით, საღამოს სულ ვვარჯიშობ. მარტში მოსკოვში მივემგზავრებით საქართველოს ნაკრები, სადაც ანატოლი ხარლამპიევის სახელობის მსოფლიო თასზე გამოვალთ. მაისში კი ევროპის ჩემპიონატში მივიღებ მონაწილეობას.

გადაბეჭდვის წესი