სპორტი

’’დინამოს’’ მწვრთნელი: ენთუზიაზმით მუშაობა შეუძლებელი გახდება

06.02.2015 • 1762
’’დინამოს’’ მწვრთნელი: ენთუზიაზმით მუშაობა შეუძლებელი გახდება


მარცხნიდან – კახა ვაჩეიშვილი, ლევან ხომერიკი, შოთა ჭეიშვილი, ასლან ბალაძე, იური მამინაშვილი



– ბატონო ლევან, როგორ შეაფასებთ 2014-2015 სეზონის პირველ წრეში ბათუმის „დინამოს“ ასპარეზობას?

– ჩვენი გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს. იმის გამო, რომ კლუბს არ გააჩნია სტადიონი, სავარჯიშო ბაზა, არავინ ელოდებოდა, რომ მეოთხე ადგილზე აღმოვჩნდებოდით. თან სტარტი არც თუ ისე კარგად დავიწყეთ. მერე გამოჩნდა ამ გუნდის პოტენციალი და გავიმარჯვეთ ლიდერ გუნდებთან – თბილისის „დინამოსთან“, გორის „დილასთან“, „ზესტაფონთან“.

– რამ განაპირობა თქვენი მოგება ჩემპიონ „დინამოსთან“?

-ამ თამაშამდე გვქონდა ცოტა ჩავარდნა, ლანჩხუთის „გურიასთან“ არ ველოდით წაგებას, მინიმუმ ფრე გვქონდა დაგეგმილი. ლანჩხუთთან წაგების შემდეგ გუნდში მობილიზება გაკეთდა. შევიკრიბეთ ყველა ერთად და ვმსჯელობდით როგორ შეგვეძლო სიტუაციის გამოსწორება. წაგების შემდეგ ძნელია ფეხზე დადგომა, თუმცა შტაბის წევრები კმაყოფილები ვიყავით, რადგან ბიჭებმა სწრაფად გააკეთეს ანალიზი. მობილიზებული, შინაგანად დაწყნარებული გამოვიდნენ დიმანო არენაზე და არ დაუთმეს თბილისის „დინამოს~. გავიმარჯვეთ და პატარა სენსაცია შევიტანეთ ჩემპიონატში. ეს არის ფეხბურთელების, კლუბის ხელმძღვანელებისა და მწვრთნელების დიდი მოთმინების, თავდაუზოგავი შრომისა და ერთიანობის შედეგი. მაგრამ ჩვენ თუ სავარჯიშო პირობებს ვერ გამოვასწორებთ, ეს ენთუზიაზმი, მოთმინება და ძალისხმევა ამოიწურება, სადღაც იჩენს თავს და შეუძლებელი გახდება გრძელვადიანი სტაბილურობის მოპოვება. ყოველდღე იარო ბათუმიდან ქობულეთში, ქობულეთიდან ბათუმში – ამის გაძლება ძალიან რთულია. ჩვენ არა გვაქვს დრო, რომელიც გვინდა. ქობულეთის სტადიონზე „შუქურა” ვარჯიშობს, ეს მისი მოედანია. პლუს, იქ არის ასაკობრივი გუნდებიც. ეს ყველაფერი ხელს უშლის სავარჯიშო პროცესს. საჭიროა ინდივიდუალური მუშაობა ფეხბურთელებთან. ზოგს სჭირდება ტექნიკაზე მუშაობა, ზოგს ფიზიკური – მომზადება, ზოგს, უბრალოდ, დალაპარაკება. ცალკე არ გვაქვს ადგილი, სადაც ამას მაინც შევძლებთ, ავტობუსში ხომ ვერ დავილაპარაკებთ?!

– სად იკრიბებით, როცა სასაუბრო გაქვთ?

 – შეჯიბრის წინა დღეს სასტუმროში.

– ბატონო ლევან, თქვენ ბათუმის „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბში 2013 წლიდან ხართ, 2014 წლიდან კი მთავარი მწვრთნელის პოზიცია გიკავიათ. რა შეიცვალა თქვენი მოსვლიდან დღემდე?

– წინა მთავრობიდან მოყოლებული ბევრჯერ გაიჭრა ლენტი სტადიონის გასაკეთებლად… მე მაინც იმედიანად ვარ და მინდა ყველამ ერთად მოვესწროთ ბათუმში სტადიონს, რადგან გუნდი გულშემატკივრის გარეშე არის ნული. მინდა ბათუმში ვითამაშოთ. ხალხი ვერ მოდის ქობულეთში. ზოგს საშუალება არ აქვს, ზოგს _ დრო. ბათუმში რომ იყოს სტადიონი, ჩვენს თამაშებზე 5000 კაცი თავისუფლად მოვა. დიდი იქნება შედეგიც და ფეხბურთის ხარისხიც. გარდა ამისა, უფრო ბევრი ბავშვი ნახავს და დაინტერესდება ფეხბურთით. ბავშვობისას ბულვარში, სულ სტადიონზე ვიყავი. ვუყურებდი მაშინდელ დინამოელების – ასლან ბალაძის, გია ზედანიას, მალხაზ მახარაძის, ტარიელ დურდიაძის თამაშს. ისინი ჩემი თაობის ბავშვებისთვის მისაბაძი ფეხბურთელები იყვნენ. მერე ჩვენ ვიყავით ვიღაცისთვის მაგალითი და სტადიონი რომ დაინგრა, ეს გაქრა, ნელ-ნელა გაქრა ფეხბურთისადმი ინტერესიც. ფაქტობრივად, ჩვენ ნულიდან გვაქს დასაწყები ბევრი რამ და პირველ ნაბიჯებს ახლა ვდგამთ.

– „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს „შუქურას“ ხელმძღვანელმა რევაზ ჩელებაძემ აღნიშნა, რომ შოთა ჭეიშვილმა დაბალანსებული გუნდი შექმნა. ოფიციალურად კლუბის მთავარი მწვრთნელი თქვენ ხართ, შოთა ჭეიშვილი კი თქვენი ასისტენტია. როგორ არის გადანაწილებული სამწვრთნელო შტაბში უფლება-მოვალეობები და რა როლს ასრულებს შოთა ჭეიშვილი?

– შოთა ჭეიშვილი მოწვევით იმყოფება ბათუმის „დინამოში“. მას მოსკოვში აქვს გავლილი უმაღლესი საფეხბურთო სკოლა. არის ერთი მომენტი. დღეს მოთხოვნები შეცვლილია და უეფას წესების მიხედვით, თუ მწვრთნელს არა აქვს A კატეგორიის დიპლომი, არ შეიძლება ოფიციალურად წარადგინო მთავარ მწვრთნელად. თუმცა, მთავარი პროცესი მას მიჰყავს, ჩვენ ვეხმარებით. მისი ხელმძღვანელობით ყველა ერთად ვაკეთებთ სამწვრთნელო საქმეს, ერთად ვატარებთ ვარჯიშებს.


– ბევრს ლაპარაკობენ ძირითადი შემადგენლობის გაახალგაზრდავებაზე. როგორია თქვენი ხედვა ახალგაზრდა ფეხბურთელების ძირითად შემადგენლობაში ჩართვაზე?

– მე შოთა ჭეიშვილის გაზრდილი ფეხბურთელი ვარ. მან აღმომაჩინა. 17 წლის ვიყავი, როცა ბათუმის „დინამოში“ მომიყვანა და ნახევარი წლის მერე გავხვდი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. მისი ხედვა ყოველთვის ახალგაზრდებისკენაა ორიენტირებული. არა მარტო ჩემი, არამედ მთელი მწვრთნელთა შტაბის ხედვით შემადგენლობის გაახალგაზრდავება აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მთელი გუნდი შევავსოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებით.

– რას გულისხმობთ ამ შემთხვევაში?

– იმას, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოცდილ ფეხბურთელებთან შეზრდა ეტაპობრივად უნდა მოხდეს და არა მასობრივად. მაგალითად, ჩვენ გვყავს უფროსი ასაკის მოთამაშე ამირან მუჯირი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ახალგაზრდა კი, რომელიც გუნდის შემადგენლობაში პირველად მოვა, ბევრ რამეს ისწავლის უფროსი ფეხბურთელისგან.

– რა ცვლილებები იქნება 2015 წელს გუნდის შემადგენლობაში?

– მეორე წრისთვის დიდი ცვლილებები არ გვაქვს. გავუშვით ორი ფეხბურთელი – გიორგი გავაშელიშვილი და დიმიტრი პაჭკორია და დავიმატეთ ნახევარმცველის პოზიციაზე რუსთავიდან გიორგი ქავთარაძე, რომელიც უნივერსალია – შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში; ასევე დავიმატეთ ახალგაზრდა ფეხბურთელი, შუა ნახევარმცველი ოზურგეთის „მერცხალიდან~ გიორგი კაშია. ისინი სეზონის ბოლომდე ითამაშებენ ბათუმის „დინამოში“. გვყავს დუბლშემადგენლობა, რომელსაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ვაკვირდებით – რას აკეთებენ, როგორ თამაშობენ. ვესწრებით მათ ყველა თამაშს. ხშირად ჩვენთანაც ვავარჯიშებთ. ვინც საუკეთესო იქნება, ის დაიმკვიდრებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში.

– შეგიძლიათ გულშემატკივარს დაჰპირდეთ 2014-2015 წლის სეზონში უმაღლესი ლიგის მოგებას

– ჩემპიონობის იმედი ყოველთვის გვაქვს, მაგრამ რეალურად ჯერ არ ვართ მზად. თუ იქნება გამართული ინფრასტრუქტურა, პირობები, ბაზა, ბავშვების აკადემია, მხოლოდ ამ შემთხვევაში შემეძლება ვთქვა, რომ საქართველოს ჩემპიონატს სამ წელიწადში მოვიგებთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი