სპორტი

20 წლის შემდეგ საქართველოში ჭადრაკის საკლუბო ჩემპიონატი განახლდა

02.10.2014 • 1448
20 წლის შემდეგ საქართველოში ჭადრაკის საკლუბო ჩემპიონატი განახლდა

 

ფოტო: chessbatumi.ge-დან

 

 

– ბატონო გიორგი, რატომ გადაწყდა საკლუბო ჩემპიონატის ჩატარება?

საკლუბო ჩემპიონატი ადრე ტარდებოდა, მაგრამ 20 წელია აღარ ყოფილა. გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ ისეთ საჭადრაკო ქვეყანას, როგორიც საქართველოა უხერხულია, რომ საკლუბო ჩემპიონატი არ ჰქონდეს. ამ საკითხის მოგვარებაში ჩაერთო ხელისუფლება, საქართველოს სპორტის სამინისტრო. გამოიყო საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდი. საერთო ჯამში კი ჩემპიონატის ჩატარებას 70000 ლარზე მეტი მოხმარდა. ჩვენ ვმუშაობდით მთელი წლის განმავლობაში, რომ რეგიონებს დავხმარებოდით კლუბების ჩამოყალიბებაში. დღევანდელ საკლუბო ჩემპიონატში ყველა უძლიერესი ქართველი  მოჭადრაკე მონაწილეობს. შევეცადეთ გუნდებში სხვადასხვა დაფით ყოფილიყო, ამიტომ  არის მამაკაცთა დაფა, ქალთა დაფა და ოც წლამდე მოჭადრაკეთა დაფა. ვფიქრობ დიდი ხნიანი პაუზის შემდეგ პირველი საკლუბო ჩემპიონატი კარგი სტიმული იქნება საქართველოში ჭადრაკის განვითარებისთვის. დღესდღეობით რვა კლუბია, რომლებიც წარმოადგენენ თითოულ რეგიონს. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და სახელმწიფო აფინანსებს ამ კლუბების მივლინებას ურეკში. საპრიზო თანხა – 30 000 ლარია, რომელიც პირველ სამ გამარჯვებულზე გადანაწილდება.

 

– არის რეგიონი სადაც ვერ ჩამოყალიბდა კლუბი და არ მონაწილეობს?

კლუბები ვერ ჩამოყალიბდა სამცხე-ჯავახეთსა და რაჭაში. მათ ჰქონდათ მცდელობა, მაგრამ ვერ მოასწრეს. თუმცა ის, რომ პირველად ტარდება და რვა კლუბი მონაწილეობს ესეც დიდი გამარჯვებაა. იმედი მაქვს მომავალ წელს ყველა რეგიონი იქნება წარმოდგენილი და არა მარტო ერთი, არამედ რამდენიმე კლუბი იქნება ერთი რეგიონიდან.

 

– მომავალში როგორ გესახებათ საქართველოში ჭადრაკის საკლუბო ჩემპიონატის პერსპექტივა?

კლუბები ხუთი მოჭადრაკით არიან დაკომპლექტებული, სამი ვაჟი ერთი ქალი. ჩვენ გვინდა ეს რიცხვი გაიზარდოს. კლუბებს ექნებათ სტიმული. გვინდა მათ შეეძლოთ მოიწვიონ უცხოელი მოჭადრაკეები და არა მარტო ქართული მოჭადრაკეების ბაზაზე ჩამოაყალიბონ კლუბები. თუმცა არის პრეცენდენტიც – კახეთის კლუბში თამაშობს უცხოელი მოჭადრაკე, რომელიც ბრაზილიიდანაა, ის საერთაშორისო დიდოსტატია. საერთაშორისო კლუბებში ჩვენი წამყვანი მოჭადრაკეებიც მონაწილეობენ.

 

– როდის დასრულდება ჩემპიონატი?

3 ოქტომბერს ბოლო ტურია და ჩემპიონატი საზეიმოდ დაიხურება. პარტიები 27 სექტემბრიდან ყოველდღე მიმდინარეობს, რომელიც 3 საათზე იწყება და ხუთი საათი გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი