სპორტი

ველოსიპედით დედამიწის გარშემო

09.08.2014 • 5782
ველოსიპედით დედამიწის გარშემო

 

კარგ ადგილას ვმუშაობდი, გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში, ილია ვეკუა იყო ჩემი ხელმძღვანელი. ამაზე დიდი ბედნიერება კაცისთვის არ არსებობს, როდესაც მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერის ხელქვეითი ხარ და მის ფორმულებს ხსნი. 

 

ყოველთვის ვვარჯიშობდი და ვცდილობდი, ვყოფილიყავი კარგ ფიზიკურ ფორმაში. მსოფლიო რეკორდი დავამყარე ყველაზე რთულ სახეობაში,  მკლავებზე აზიდვაში – 5011 აზიდვა გავაკეთე ერთ საათში, ეს მსოფლიო რეკორდი იყო, მაგრამ მადა ჭამაში მოდისო – მერე ექვსსაათიანი რეკორდიც დავამყარე, 24-საათიანიც და შემდეგ 100 დღე ზედიზედ ყოველდღე ვაკეთებდი 17 300 აზიდვას – 1 730 000 აზიდვა გავაკეთე. ეს ყველაფერი მსოფლიო რეკორდებია და შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, ახლაც შეუცვლელია, უკვე 25 წელი გავიდა.

 

ჯუმბერ ლეჟავა ბათუმის #10 საჯარო სკოლაში – 09.06.2014

 

რთული გზა განვლე და რატომღაც მოგზაურობას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ჩემს რეკორდებს, არადა რეკორდებიც არანაკლებ სენსაციური და ექსტრემალურია. ჩემს ორგანიზმს სწავლობდნენ გერმანელები, ინგლისელები, ფრანგები, ამერიკელები, ფინელები, იაპონელები, რუსები და მათი ყველა დასკვნა ასეთი იყო, რომ 52 წლის ქართველ მამაკაცს აქვს 20 წლის ახალგაზრდის ორგანიზმი. 

 

ამის შემდეგ რაღაც ხომ უნდა გამეკეთებინა? მოგზაურობა დავიწყე 54 წლისამ. რეკორდების დამყარება მომბეზრდა, კიდევ რაში შეიძლება ადამიანი გამოიცადოს? სწორედ აქ მომაწოდეს ასეთი აზრი, შეძლებთ წახვიდეთ მსოფლიოს გარშემო, მარტოდმარტო, ველოსიპედით ყველა ქვეყნისა და ყველა კონტინენტის გავლით? ეს იდეა მომეწონა. დაისვა ამოცანა ფორმულის სახით, სჭირდებოდა ამოხსნა. ამოხსნა კი იქნებოდა პროგრამის დაწერა და შემდეგ შესრულება. შესრულებაზე პასუხისმგებლობა ჩემ თავზე უნდა ამეღო, მაგრამ პროგრამის დაწერაზე პასუხისმგებლობა გავიყავით მე და ჩემმა მეგობარმა ჟიული შარტავამ.

 

დავა გვქონდა, ზამთარში ზამთრის ქვეყნები გავიაროთ თუ, პირიქით, პირობებს ველოდოთ – ისე, როგორც საერთოდ მოგზაურები აკეთებენ. ჩვენ ვთქვით არა, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც იქნება ექსტრემალური ადამიანისათვის, ამიტომ ყველა კონკრეტული ქვეყანა გავიარე, კონკრეტული ქვეყნისათვის დამახასიათებელ ექსტრემალურ პირობებში. საჰარის უდაბნო გავიარე უძლიერესი ქარის დროს,  3700 კილომეტრი გავიარე ექსტრემალურ პირობებში, ქვიშის წვიმის დროს, როდესაც ქვიშა ტრიალებს და ახრჩობს ადამიანს.

 

ასეთივე პირობებში გავიარე ამაზონის ჯუნგლი სამხრეთიდან ჩრდილოეთით, ეს არავის უქნია. მსოფლიოში ცნობილმა მოგზაურმა დეივ კრუზმა, რომელიც ჩემი ოპონენტი იყო, მითხრა: ჯუმბერ, როგორ გაბედე ბრაზილიის გავლა, როდესაც მე ბრაზილიელი ვარ და არც ერთი კილომეტრი არ მაქვს ბრაზილიაში გავლილი იმიტომ, რომ ეს შეუძლებელიაო. ეს მე გავეკეთე იმისათვის, რომ ბრაზილიელებმა დიდი პატივი მცეს, და ვთქვი, ღირს საქართველოსა და ბრაზილიისთვის თავის დადება. მათ შესანიშნავი მასპინძლობა გამიწიეს. ვიყავი რიო დე ჟანეიროს კარნავალის ოფიციალური სტუმარი, სადაც ვცხოვრობდი მარადონასთან ერთად სასტუმროში, ერთად ვისხედით საჩვენებელ ტრიბუნებზე. მითამაშია ჟურნალისტების ნაკრებში ფეხბურთში და მითამაშია ბრაზილიის მთავრობის ნაკრებშიც ფეხბურთში. პირველ შემთხვევაში ფეხბურთელად მაღიარეს და მეორე შემთხვევაში დიდი მადლობა დავიმსახურე იმიტომ, რომ სულ აგებდა თურმე მთავრობის გუნდი და იმ დღეს, მე რომ მათამაშეს, ფრედ დაამთავრეს. ამით გამოვხატე ბრაზილიელების მიმართ პატივისცემა, ვთქვი – მე გავივლი პირველი ჯუნგლს და თქვენ მოგიძღვნით-მეთქი და მართლაც შევძელი ამის გაკეთება.

 

240 ქვეყანა გავიარე. ანტარქტიდაზე ორჯერ ვიყავი ველოსიპედით, ერთხელ თვითმფრინავით შემომატარეს. მაშინ, როდესაც მე ვიყავი, 40-45 გრადუსი ყინვა იყო, ესაა დიდი სითბო ანტარქტიდისთვის. შემდეგ ალიასკაზე ვიყავი, სადაც 41 გრადუსი იყო ყინვა. შემდეგ კანადაში რვა პროვინცია გავიარე. ჩრდილოეთ ამერიკა გავიარე მთლიანად. ზაფხულშიც მომიწია შეერთებული შტატების ყველა შტატის გავლა. ზაფხულში რთულია შეერთებულ შტატებში მოგზაურობა, ვინაიდან უმეტესად არის უდაბნო, ქარი და დაუმორჩილებელია გარე სამყარო, თუმცა, სადაც ცივილიზაციაა, იქ უმაღლესი დონის პირობებია.

 

ზამთარში გავიარე გრელანდია, ისლანდია, შოტლანდია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი… არასოდეს დამიძინია სასტუმროში და მიმყინვია ფეხებზე წინდები. სპეციალური ტანსაცმელი არ მქონდა, ბევრჯერ ვარ გადარჩენილი გაყინვას, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი ხორცი და წინდები შეეყინა ერთმანეთს. როდესაც სტოკჰოლმში გამხადეს წინდები, განგრენის დასაწყისი იყო და ამიტომ უნდოდათ ფეხების მოკვეთა. ვთხოვე ქირურგს, ნუ მომკვეთ და ჰელსინკში ვუშველი-მეთქი თავს. ამ მდგომარეობაში ჩავედი ჰელსინკში, სადაც დამხვდნენ ჩემი მეგობრები: ჯემალ ცერცვაძე და ზაზა დოლიძე, მათ მიშველეს, მომცეს მალამო, რომლითაც მთელი ორ წელიწადნახევარი ვმკურნალობდი, ახლაც ვმკურნალობ, მას შემდეგ 13 წელი გავიდა, მაგრამ მაინც ვმკურნალობ.

 

ციმბირში, გზაზე მაღაზია შემხვდა. ყინვა იყო -45 გრადუსი. შევედი, იქნებ ჩაი მაინც დამალევინონ-მეთქი. სულ გათოშილი ვიყავი. ამ დროს შემოვიდა ადამიანი, რომელმაც იცოდა ვინ ვიყავი. გამყიდველს ეუბნება, აი, ეს არის მოგზაური, ხომ ხედავთ აქ როგორი ყინვააო და ეს მოგზაურობს ველოსიპედითო. იმ ქალმა არც აცია არც აცხელა და: „ну и дурак“-ო, თქვა.

 

უდაბნოებში ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 51 გრადუსი, იყო პაკისტანში. წარმოიდგინეთ, 2 400 კმ იარო უკაცრიელ უდაბნოში, სადაც ტემპერატურა დილიდან საღამომდე თითქმის ერთნაირია და თავშესაფარი არ არის. როგორ გაუძლო ორგანიზმმა, მე თვითონ მიკვირს.

 

ჩინეთში, უდაბნო ტაკლა-მაკანი პირველმა მე გავიარე ველოსიპედით. ეს წარმოუდგენელი იყო. მრჩებოდა 100-120 კილომეტრი უდაბნოს გავლამდე, როცა საღამო ხანს, როგორც ჩანს, წნევა დამივარდა. ჩრდილს ვერსად იპოვი იქ, ამიტომ  ქვიშა ამოვთხარე და მკვრივ გრუნტზე რომ დავედი, ჩავწექი შიგნით და ზემოდან გადავიფარე, რომ იქნებ კაპილარები ისევ გამაგრებულიყო და წნევა ამაღლებულიყო. ამ დროს, როცა ამოვყარე ქვიშა, ყველგანმავალი გაჩნდა. გადმოვიდა ორი პოლიციელი, ერთმა გადმოიღო დაცვარული ბოთლი. როგორია, წყალი გწყურია, არც ერთი წვეთი არ გაქვს და დაცვარულ ბოთლს მაწვდის და მეუბნება _ დალევ ამ წყალსო? თუ მომცემთ, რატომაც არ დავლევ-მეთქი. დავლიე ბოთლიდან წყალი. პოლიციელები წავიდნენ. მე კი უკვე ვეღარ შევძელი ველოსიპედზე დაჯდომა, გადმოვვარდი. მივხვდი, რომ მოწამლული ვარ. როგორ უნდა უშველო თავს, უდაბნოში ხარ, ღამდება უკვე, დაღუპული ხარ ფაქტობრივად, მაგრამ ბოლომდე უნდა იბრძოლო, არ უნდა დანებდე. ბრძოლა დავიწყე, წავალ ხუთი მეტრი – წავიქცევი, ისევ შევეცდები ადგომას და ასე ავიარე პატარა ფერდობი და ვხედავ, დაბლა ახალგაზრდები კარავთან არიან. ეს იყო გეოლოგების პატარა ჯგუფი, რომელიც სწავლობდა წყლის მოპოვების შესაძლებლობას ტაკლა-მაკანის უდაბნოში. ხელი ავუწიე, ვანიშნე და დავვარდი, კიდევ კარგი, რომ დამინახეს, თორე ვერაფერი მიშველიდა. ამოცვივდნენ, წამიყვანეს, ოთხი დღე მიმკურნალეს. მოტოციკლეტებით იყვნენ, გავარდებოდნენ დილით, მოიტანდნენ რძეს, მასმევდნენ, მკურნალობდნენ ჩინელი ახალგაზრდა მეცნიერები.

 

ასეთი შემთხვევა ბევრი იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, კარგიც ბევრი მქონდა. მხეცების თავდასხმა, ბუნებრივი პირობები, ცუნამები – რაში არ ვარ მოყოლილი და გადარჩენილი. სიკვდილთან ყოველთვის ახლოს ვიყავი, ვიდრე სიცოცხლესთან. აი, ასეთი 4 000 დღე მქონდა.

 

სტოკჰოლმში, როცა გადაწყვიტეს ორივე ფეხი მოეკვეთათ, ორსაათნახევარი მომიწია საოპერაციო მაგიდაზე წოლა. შემოიტანეს ხერხი, ჩაქუჩი. ქირურგი მეკითხება, ორსაათნახევარია მარტო წევხართ საოპერაციო მაგიდაზე, რაზე ფიქრობდითო. რას ვფიქრობდი და რა ადგილას გადამჭრით ფეხებს, რამდენ ხანში შეხორცდება და მერე როგორი პროტეზები უნდა გავაკეთო, რომ მოგზაურობა გავაგრძელო-მეთქი. მთავარი ქირურგი მოუტრიალდა თავის ჯგუფს და ეუბნება, ხომ გითხარით, ეს მოგზაურები ვერ არიან კარგად, ფეხებს ვკვეთთ და ეს კიდევ მოგზაურობაზე ფიქრობსო.

 

მოგზაურის ცხოვრება არის უცნაური, საინტერესო, საპასუხისმგებლო და პატრიოტულიც. ბევრი შემოთავაზება მქონდა დარჩენაზე, ბევრი ნამუშევარიც მქონდა, ბევრს ვწერდი, ბევრს ვიღებდი. ეს იყო დიდი მასალა ბევრი ქვეყნისათვის, 4 000 დღის დღიური გადაბმულად არ არსებობს.

 

მეკითხებიან, თუკი ყველა კონტინენტზე და ყველა ქვეყანაში ყოფილხარ, რატომ არ იყავი 4-5 ქვეყანაშიო. იმიტომ, რომ ნაირობიში კადაფმა ააფეთქა ამერიკის საელჩო და იქ დაიღუპა ამერიკის საელჩოს 36 თანამშრომელი. ამასთან დაკავშირებით მოეწყო დემონსტრაცია და საპროტესტო აქციაში მეც მივიღე მონაწილეობა. ამისათვის მე კადაფიმ (ანუ ნაირობიმ), ლიბიამ, ერაყმა, ავღანეთმა, ჩრდილოეთ კორეამ და ბრუნეიმ უარი მითხრეს სახელმწიფოში შეშვებაზე, მაგრამ ეს „იუნესკომ“ ჩამითვალა, რადგან მე რამდენიმე მხრიდან მივედი ამ სახელმწიფოებში და არ შემიშვეს.

 

როცა სამოგზაუროდ წავედი, გადაწყვეტილი მქონდა, რომ სადღაც უნდა დავიღუპო, მაგრამ რაც შეიძლება მეტი უნდა გავაკეთო, რომ მეტი დარჩეს საქართველოს.  და აი, ამ მეტის ძიებაში ყოველთვის ვეხვეწებოდი ღმერთს, დღეს შემასრულებინე პროგრამა და ხვალ რაც მომივა – ჯანდაბას! ასე გავიდა 4 000 დღე და გავიმარჯვე, ესე იგი, გადავრჩი და ჩამოვედი საღ-სალამათი, რა თქმა უნდა დაზიანებებით, მაგრამ იმ დაზიანებების მკურნალობა  შევძელი.

 

რა მომცა მე ამ მოგზაურობამ? ჩემი მთავარი მიზანი არ იყო სხვადასხვა კულტურების შესწავლა. ჩემი მთავარი მიზანი იყო ადამიანის ფიზიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების შესწავლა ექსტრემალურ პირობებში, რათა დამემტკიცებინა, რომ ადამიანის შესაძლებლობები არის უსაზღვრო. 

 

მომცა ის, რომ შევისწავლე მსოფლიო, ხალხებს გავეცანი, ტრადიციებს, მე შეიძლება ვარ ცოტათი განსხვავებული იმით, რომ არ არსებობს მსოფლიოში დედაქალაქი, ოპერისა და ბალეტის თეატრები, ნაციონალური მუზეუმები, ბიბლიოთეკები, უნივერსიტეტები, სპორტული კომპლექსები, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ფეხბურთის სტადიონები და მათი მუზეუმები, სადაც მე არ ვარ ნამყოფი; არ არსებობს ბუნებისა და ადამიანის მიერ შექმნილი ისტორიული ძეგლები, რომ არ მქონდეს ნანახი და ასეთი რამდენია კიდევ. ეს არის ნაწილი ადამიანის ბედნიერების. ამიტომ მე ყველას მოგიწოდებთ, იბრძოლეთ მიზნის შესრულებისათვის. 

 

გადაბეჭდვის წესი