– ბატონო რუსლან, მიუხედავად არსებული რისკებისა, კლუბი „ბათუმი“ ისევ უმაღლესი ლიგის წევრია. რა იყო თქვენი მიზანი და რას ვერ მიაღწიეთ?
რუსლან რუსიძე: ჩვენი მიზანი იყო მინიმუმ მყარად ვყოფილიყავით უმაღლეს ლიგაში და არ დამდგარიყო ლიგიდან გავარდნის რისკი. ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა. ამის ბევრი მიზეზია. მთავარმა მწვრთნელმა თავის დროზე ბევრი და დიდი პასუხისმგებლობა აიღო. მას უნდა განევითარებინა ბავშვთა რაგბი, კლუბის მთავარი გუნდი, ზოგადად, რაგბი აჭარაში, მაგრამ ასე არ მოხდა. თანადგომა დიდი ჰქონდა, როგორც საქართველოს რაგბის ფედერაციიდან, ასევე ადგილობრივი მთავრობიდან. ის დახასიათებული იყო, როგორც გამოცდილი მწვრთნელი, მაგრამ აღმოჩნდა არაკომპეტენტური თავისი საქმის. მწვრთნელი უნდა გეგმავდეს საწვრთნელ შეხვედრებს; მან უნდა თქვას, რომ გუნდს სჭირდება გასვლები, შეკრებები, საჭიროა სპორტული კლუბის დანამატები ამინომჟავების, ვიტამინების სახით. მოთამაშეებს ჩამოთვლილთაგან არც ერთი არ მიუღია.
– მარტში „ბათუმელებთან“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ განაცხადა, რომ ის კლუბთან თანამშრომლობას ახალი სეზონიდან აღარ გააგრძელებდა. ვინ იქნება „ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი?
– ვმუშაობთ მწვრთნელის შერჩევაზე. მწვრთნელად ისეთი ადამიანი უნდა შევარჩიოთ, რომელიც თავს დადებს კლუბის წარმატებისთვის. ბიჭებთან, ვინც გვყავს, სწორი მუშაობით ბევრად უკეთესი შედეგის მიღწევა შეიძლება. ერთ თვეში იხსნება ტრანსფერი და ვაპირებთ ქართველი მოთამაშეებით გავაძლიეროთ ჩვენი კლუბი.
სარაგბო კლუბ „ბათუმის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა პირველი ივნისიდან ვაკანტური იქნება. ჩვენი კარები ღიაა ყველა მსურველისთვის, ვინც დაინტერესებულია სარაგბო მწვრთნელობით. დაინტერესებულმა პირებმა მოიტანონ მონაცემები, გადავხედავთ და ვინც უფრო ღირსეულია. ვინც პიროვნულად იქნება ძლიერი, მოერგება გუნდს, შეძლებს მის მართვას, იქნება ლიცენზირებული, იმას შევარჩევთ.
– კონკრეტულად ვის მოიაზრებთ მთავარ მწვრთნელად?
აკაკი ნემსაძე: რამდენიმე ახალგაზრდა კანდიდატი გვყავს, მაგრამ დაკონკრეტებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. უახლოესი ათი დღის განმავლობაში გაიგებთ. ვისზეც ჩვენ ვსაუბრობთ, საკმაოდ ცნობილი პიროვნებები არიან ქართული რაგბის სამყაროში. თვის ბოლოს შვებულებაში გავალთ და 20 დღის შემდეგ კლუბი ახალი მწვრთნელით დაუბრუნდება სამუშაო გარემოს, სეზონი კი სექტემბერში დაიწყება. ამჟამად ბიუჯეტზე, ხარჯთაღრიცხვაზე, კონტრაქტების დახვეწაზე, სპორტული ინვენტარის შექმნაზე ვმუშაობთ.
– რა მოთხოვნები გექნებათ კლუბის ხელმძღვანელებს მთავარ მწვრთნელთან?
აკაკი ნემსაძე: ახალი ბირთვის ჩამოყალიბება, სამომავლო პერსპექტივების დასახვა, ბავშვთა სკოლების განვითარება, რომ მომავალში შედეგები მოგვცეს.
– „ბათუმში“ ექვსი უცხოელი რაგბისტი თამაშობდა. ახალი სეზონიდან გუნდში გეყოლებათ უცხოელები?
რუსლან რუსიძე: გასულ წელს უცხოელები ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენეთ, როცა ქართული სატრანსფერო ფანჯარა დაკეტილი იყო და იძულებული ვიყავით, უცხოელი სპორტსმენებით გაგვეძლიერებინა გუნდი. ახლა ამის საჭიროება არ არის – გუნდის დაკომპლექტებას მხოლოდ ქართველი მოთამაშეებით შევძლებთ. გვირჩევნია ადგილობრივ სპორტსმენებთან ვიმუშაოთ, ვიდრე უცხოელებთან.
– ცვლილებების შემდეგ კლუბის მთავარი მიზანი რა იქნება, რისთვის იბრძოლებთ?
რუსლან რუსიძე: ვიყოთ მყარ პოზიციაზე უმაღლეს ლიგაში, ვიმყოფებოდეთ პირველ შვიდეულში და წლევანდელის მსგავსად გავარდნა არ გვემუქრებოდეს. ეს არის პროგრამა მინიმუმი.
– როგორ შეძლებთ პოზიციის შენარჩუნებას?
აკაკი ნემსაძე: ხელმძღვანელობის პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ ორიენტირი იყოს გრძელვადიანი შედეგი. ჩვენ არ გვსურს დღეს ფინალში ვითამაშოთ, გავიმარჯვოთ და ხვალ თამაში აღარ შეგვეძლოს, დაიშალოს გუნდი. ამ დროისთვის მთავარი მიზანი გუნდის შეკვრაა, გრძელვადიან პერსპექტივაში კი – სტაბილურად ძლიერი გუნდის შექმნა, რომელიც ორი-სამი სეზონის შემდეგ მუდმივად იბრძოლებს მაღალი პოზიციებისათვის. ერთ სეზონზე გათვლილი წარმატებით, როგორც „დათვების“ პრაქტიკამ გვაჩვენა, რაგბს ვერ განავითარებ. „დათვებმა“ საქართველოს ჩემპიონის გარდა ევროპის ასამბლეის ლიგაზეც ითამაშა“, მაგრამ ამან რაგბის განვითარების ის რევოლუციური ბიძგი მაინც არ მოგვცა, რომელსაც ბევრი ელოდა – ამ წარმატებას არ მოჰყვა ბევრი ადგილობრივი მორაგბის გამოჩენა. ჩვენ ყველა ასაკის დონეზე გვყავს გუნდები – დაწყებული საფესტივალო ასაკიდან (10-12 წლის ბავშვები) დამთავრებული A ლიგით 14-17 წლამდე ბავშვებით, რომლებიც მომავალი სეზონის შემდეგ ძირითად გუნდს შეავსებენ. რამდენიმე პერსპექტიული კადრი გამოჩნდა კიდეც. ჩვენი გუნდის მომავალი სტრატეგიული განვითარებისთვის მაინც ჯობია ბირთვი ადგილობრივი იყოს და ორიენტირებული ვიყოთ არა მყისიერ, არამედ გრძელვადიან სტაბილურ შედეგზე.
რუსლან რუსიძე: ექვსეულში მოხვედრა და ჩემპიონობაც პრობლემა არ იქნება, თუ სხვაგვარად ვიფიქრებთ. დავივიწყებთ ბავშვთა რაგბის განვითარებას და ვიმუშავებთ მარტო ჩემპიონობაზე, ჩამოვიყვანთ 2500 15 მოთამაშეს და ვიქნებით კიდეც ჩემპიონები. მაგრამ ეს იქნება ფორსირებულად გაკეთებული და არასტაბილური გუნდი. როგორიც იყო აქამდე. უძლიერესი იყო ბათუმის საკალათბურთო გუნდი, ბათუმის საფეხბურთო კლუბი „დინამოც“, მაგრამ ეს იყო მოწვეული სპორტსმენებით გაძლიერებული გუნდები. ჩვენი აქცენტი იქნება ადგილობრივი მოთამაშეების გამოზრდა. ამიტომ არ ვჩქარობთ.
– ამ სეზონზე, რომელიც უკვე დამთავრდა, კლუბს ბიუჯეტში 599 100 ლარი აქვს. არის თუ არა ეს საკმარისი თანხა შედეგის მისაღწევად და როგორი იქნება მომავალი წლის ბიუჯეტი?
მამუკა ფარტენაძე: 2015 წლისთვის ვამზადებთ პროექტს. თუ გვინდა, რომ აჭარას ჰყავდეს უმაღლესი ლიგის გუნდ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან სულ მცირე 1 300 000 ლარი გვესაჭიროება, რომელიც დაიხარჯება სკოლების განვითარებაზე, სპორტულ ინვენტარზე, გასვლით შეჯიბრებებზე. ბათუმის მერია თუ სპორტის სამსახურები მაქსიმალურად მხარში გვიდგანან. იმედია, სამომავლოდაც გვერდში დაგვიდგებიან.