სპორტი

„პატრონი რომ გვყოლოდა“

27.04.2014 • 1735
„პატრონი რომ გვყოლოდა“

 

ტურნირზე დაახლოებით 300 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის, კავკასიის სამი ქვეყნიდან, ასევე დაღესტნიდან და ირანიდან. ბათუმიდან წასულმა სამივე სპორტსმენმა საპრიზო ადგილები მოიპოვა -40 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის პრიზიორი გახდა თემურ ოსეფაშვილი, ხოლო 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში – გოგიტა ღვინიაშვილი. ვერცხლის მედალი კი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიხეილ ოგანესოვს შეხვდა.

 

ახალგაზრდა სპორტსმენებს აჭარის ნაკრებიდან ამზადებდნენ თემურ დანელია, მერაბ და სანდრო ტუღუშები.

 

თემურ დანელია ამბობს, რომ თბილისში კავკასიის ქვეყნების პირველობაზე ბათუმიდან 10 სპორტსმენს უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ მხოლოდ იმ სამმა შეძლო ამის გაკეთება, ვინც მგზავრობისა და თბილისში ბინადრობის დაფინანსება თავადვე მოახერხა. „თბილისში ორ დღეს დავრჩით. თითოეულს 150-150 ლარი მაინც დასჭირდა,“  – ამბობს თემურ დანელია.

 

თემურ დანელიას თქმით, მათი ფედერაციის უსახსრობის შესახებ ცნობილია აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის, მაგრამ, როგორც თემურ დანელია ამბობს, მათ უთხრეს, რომ კიკბოქსინგი არ არის პრიორიტეტული და ამიტომ ვერ დააფინანსებენ. „არ ვიცი, რანაირად შეიძლება გავხადოთ ჩვენი სახეობა პრიორიტეტული; რას ნიშნავს პრიორიტეტული, ვერ მივხვდი. შედეგები არავისზე ნაკლები არ გვაქვს, გადახედონ ბოლო ორი-სამი წლის მონაცემებს, რასაც მივაღწიეთ ჩვენი წვალებით, არავისზე ნაკლები შედეგი არ გვაქვს.“

 

თემურ დანელიას კოლეგის, სანდრო ტუღუშის თქმით, კიკბოქსინგი არ არის ოლიმპიური სახეობა, მაგრამ აჭარის სპორტის სამინისტრო ისეთ სახეობებსაც აფინანსებს, რომლებიც არ არის ოლიმპიური სახეობა: „პატრონი არ გვყავს და იმიტომ. ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტიც მთავრობაში რომ იყოს, ისიც დარეკავდა და ალბათ ჩვენც გამოგვიყოფდნენ რამეს.“

 

კიკბოქსინგის ფედერაციის თავმჯდომარე თემურ კახიძეა. ადრე ის ბათუმის საკრებულოს დეპუტატი იყო. მწვრთნელები ამბობენ, რომ იმ დროს ორი ისეთი შეჯიბრიც კი ჩაატარეს, რომ „ტელევიზიებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს.“ `ერთი შეჯიბრი ბათუმში ჩავატარეთ, ერთი – ქობულეთში. მაშინაც თემურ კახიძემ ისესხა 3 ათასი ლარი. ეს ვალი დღემდე გადასახდელი აქვს. გვეუბნებიან, რომ კარგია მსგავსი შეჯიბრების მოწყობა, მაგრამ სპორტსმენები რომ მოიწვიო, სასტუმროსა და კვების ფული ხომ მაინც უნდა გქონდეს,“  ამბობს სანდრო ტუღუში.

 

თემურ დანელიას 12 მოსწავლე ჰყავს. ის ოფიციალურად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სპორტსკოლაში მუშაობს, – ხელფასსაც ხელვაჩაურში უხდიან. ამბობს, რომ ბევრ ბავშვს უფასოდ ამეცადინებს. კითხვაზე, თუ შემოსავალი არ გაქვთ, მაშინ რატომ არ ანებებთ ბავშვების წვრთნას თავს, თემურ დანელია პასუხობს: „მე ამხანაგი მყავდა _ სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, რუსი კაცი იყო. მას ვკითხე, რატომ მუშაობდა ამ პროფესიით და იცით რა მითხრა, _ `კტო ჟე იმ პამოჟეტ, ესლი ნი მი,“ – ანუ მკვდრისთვის ზუსტი ექსპერტიზის ჩატარებას გულისხმობდა. ასეა ჩვენი საქმეც.“

 

მაქსიმალური წარმატება, რასაც კიკბოქსინგში სპორტსმენი აღწევს, მსოფლიო ჩემპიონობაა. და ეს რას აძლევს მას? – თემურ დანელია კითხვას ასე პასუხობს: „არაფერი. ჯანმრთელი ვარ, ბევრი ჩემი ტოლა მამაკაცი იმის ნახევარსაც ვერ გააკეთებს, რასაც მე. უბრალოდ, დაზღვეული ხარ, რომ ბავშვები არ გაიკეთებენ წამალს. სხვა თვალსაზრისით, ჩვენი სპორტსმენები დიდად სასარგებლო საქმეს აკეთებენ, მაგალითად ჯარში, სპეცრაზმში. კედლებზე სირბილის ჩათვლით ყველაფერი იციან. ბევრი მადლობა მოგვსვლია ჯარიდან – ჩვენი ბიჭები ისეთ ნაწილებში მსახურობენ, რაც ძალიან გამოსადეგია ქვეყნისთვის და ბიჭებისთვისაც.“

 

და მაინც, ვის სურს ვარჯიში კიკბოქსინგში _ თემურ დანელიას თქმით, `15-16 წლის ბიჭებს, მათ, ვისაც თვალები „ამოფინგალებული“ აქვთ, მიზანი – უნდათ ისწავლონ ჩხუბი თავის დასაცავად. მაგრამ კიკბოქსინგი მხოლოდ თავდაცვა არ არის, ბავშვებმა ასევე იციან რა, როგორ და რა შემთხვევაში უნდა გამოიყენონ.“

გადაბეჭდვის წესი