სპორტი

რას და როგორ გეგმავს ბათუმის “დინამო’”

01.03.2014 • 2382
რას და როგორ გეგმავს ბათუმის “დინამო’”

 

 

ანგისის ტერიტორიაზე 4000-ადგილიანი საფეხბურთო სტადიონი უნდა აშენდეს. მშენებლობაზე ტენდერი მარტის ბოლოს გამოცხადდება. ბათუმის “დინამოს” დირექტორის, ოთარ ფედიჩკინის თქმით, “სტადიონზე ოთხი მოედანი განთავსდება _ ცენტრალური მოედანი, ბუნებრივი მინდვრით და სამი სათადარიგო მოედანი _ ხელოვნური მინდვრებით. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობაც იგეგმება, სადაც სტუმარი გუნდების მიღება შეგვეძლება’’.

 

დაპირებული სტადიონის აშენებამდე კი “დინამო” წვრთნებსა და თამაშებს ქობულეთის სტადიონზე მართავს, სადაც გუნდის წევრები ყოველდღე ავტობუსით დადიან.

 

ბათუმის “დინამოს” დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე მათთვის ყველაზე პრიორიტეტული ბავშვების დაინტერესებაა ფეხბურთით. “ფეხბურთი ბათუმში ათი წლითაა ჩამორჩენილი ქართულ ფეხბურთს _ ის კი, რა დღეშია, კარგად იცით. ბავშვებს უნდა მივხედოთ, დავაინტერესოთ და დავაბრუნოთ ისინი ფეხბურთში. ქალაქში ამდენი მოედანია და ყველა ცარიელია, ბავშვები ჩამოშორებული არიან სპორტს და უპირველეს ყოვლისა, მათი მოზიდვა გვსურს”.

 

ბავშვების კვლავ საფეხბურთო მოედნებზე დასაბრუნებლად ბათუმის “დინამოს” ახალი პროექტი _ “დინამო ბათუმი ჩემი გუნდია” _ ამოქმედდა. გარდა ბათუმის “დინამოსთან” არსებული უფასო საფეხბურთო სკოლისა, სადაც ცხრა ასაკობრივი ჯგუფის სამასამდე ბავშვი დადის, ქალაქში კიდევ 16 (8-დან 13 წლამდე ასაკის) საბავშვო გუნდი შეიკრიბება.

 

“იმისთვის, რომ ფეხბურთი ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა ბავშვისთვის, ბათუმის 16 მოედანზე ვნიშნავთ მწვრთნელებს, რომლებიც ბურთებითა და სპორტული ფორმებით მოამარაგებენ ბავშვებს და კვირაში სამჯერ ავარჯიშებენ მათ”, _ ამბობს ოთარ ფედიჩკინი. გუნდებს შორის ყოველ შაბათ-კვირას მოეწყობა შეჯიბრი, გაზაფხულზე კი _ მათ შორის ჩემპიონატი, სადაც საუკეთესო ბავშვებს შევარჩევთ და ბათუმის “დინამოს” გუნდში გადავიყვანთ.
ოთარ ფედიჩკინის თქმით, ბავშვების შერჩევა უკვე დაწყებულია და ე.წ. აგენტები გამუდმებით მუშაობენ ახალი ბავშვების მოზიდვაზე. გუნდებში ჩარიცხვა თავისუფალია გოგონებისთვისაც. “ჯერჯერობით სულ ხუთი გოგონა გვყავს, რომლებიც ბიჭებთან ერთად თამაშობენ გუნდში. იმ შემთხვევაში, თუ მათი რაოდენობა გაიზრდება, მათთვის ცალკე ჯგუფიც შეიკრიბება”, _ ამბობს დირექტორი.

 

ბათუმის “დინამო” უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის. “წინ დიდი ბრძოლა გველის და ამიტომ გაძლიერებულად ვვარჯიშობთ”, _ ამბობს ოთარ ფედიჩკინი. _ “ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. ბათუმის “დინამო” რომ ჩავიბარე, ოფისიც არ დამხვედრია და ერთი თვე მანქანით ვატარებდი საბუთებს, ხელსაც “კაპოტზე” ვაწერინებდი ბიჭებს, მაგრამ არა უშავს, ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ ბათუმის “დინამოს” კვლავ ძველებური სიდიადე დავუბრუნოთ”.

 

8 თებერვალს ბათუმის “დინამო” თურქეთში შეკრებებზე გაემგზავრა, გუნდი 22 თებერვალს დაბრუნდება. “დინამო” თურქეთში ოთხ გუნდთან გამართავს ამხანაგურ მატჩს.

“დინამოს” დირექტორის თქმით, გუნდს აქტიური ფანკლუბი ჰყავს. “შავი ზღვის მეკობრეების” _ ხელმძღვანელის გივი გაგუას თქმით, ფანკლუბი სამი წლის წინ დაარსდა და ასამდე წევრს აერთიანებს. ფანკლუბის მთავარი დანიშნულება ბათუმის “დინამოს” მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა. “ისინი ჩვენი ოჯახის წევრები არიან და მადლობელი ვარ მათი იმისათვის, რომ წვიმა იქნება, თოვლი თუ ქარი, სულ ბათუმის “დინამოს” გვერდით არიან”.
ოთარ ფედიჩკინის თქმით, ბათუმის დინამო გამუდმებით მუშაობს ახალი სპონსორების მოზიდვაზეც: “საკრებულოს გარდა ჩვენ სამშენებლო კომპანია “ანაგი” გვაფინანსებს, სწორედ ის უწევს სპორტულ ეკიპირებას დინამოს პირველ და მეორე გუნდს. “კოკა-კოლამ” დროშებისა და სხვა ინვენტარის შესაძენად ჩვენი ფანკლუბი დააფინანსა. ამ ეტაპზე, გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო ცოტა გვიჭირს სპონსორების მოზიდვა, მაგრამ ვფიქრობთ, სტადიონის აშენების შემდეგ მეტი დაინტერესება წამოვა მათი მხრიდან.”

ბათუმის “დინამოს” ბათუმის მერია აფინანსებს: გუნდის ყოველდღიური ხარჯებისთვის წელს ბიუჯეტში 1 263 000 ლარია გათვალისწინებული.

გადაბეჭდვის წესი