აჭარის რადიოდან 2026 წლის 18 ნოემბერს გაათავისუფლეს ჟურნალისტი დავით [დათო] ტრაპაიძე, რომელიც ბოლო 25 წელი მუშაობდა აჭარის რადიოში. წლების განმავლობაში იგი აჭარის რადიოს ხელმძღვანელი იყო.
დათო ტრაპაიძე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მის კრიტიკულ შეხედულებებს უკავშირდება და ეს „აჭარის ტელევიზიის“ რედაქციიდან კრიტიკულად მოაზროვნე ჟურნალისტების ჩამოშორების ხაზის გაგრძელებაა.
ეს პროცესი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც ტელევიზიასა და რადიოს აერთიანებს, 2019 წელს დაიწყო, როცა მაუწყებლის დირექტორს, ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი მოუწყვეს, შემდეგ კი, ეტაპობრივად, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები რედაქციას ჩამოაშორეს.
„თუ გადავხედავთ სტატისტიკას და საქმეების მსვლელობასაც [აჭარის ტელევიზიიდან და რადიოდან გათავისუფლებული ჟურნალისტები], მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება ხელმძღვანელი – მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება. ვინც რაღაცნაირად კრიტიკულად განწყობილი იყო და არიან, უნდათ, რომ გააჩუმონ ან ჩამოიშორონ,“ – ამბობს დათო ტრაპაიძე.
ბრძანებაში, რომლითაც დათო ტრაპაიძე რადიოპროგრამების და ეთერის მართვის ჯგუფის უფროსის პოზიციიდან გაათავისუფლეს, აღნიშნულია, რომ ტრაპაიძე „არსებულ პლეილისტებს მექანიკურად აკოპირებდა“, ასევე, თავის სამუშაოს დისტანციურად ასრულებდა, მაშინ როცა ხელშეკრულების მიხედვით იგი ვალდებული იყო, სამსახურში ყოფილიყო.
დათო ტრაპაიძე კი, განმარტავს რომ წლებია ნაწილობრივ დისტანციურად მუშაობს და რადიოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ნორმირებული სამუშაო გრაფიკი ეფექტური ვერც იქნებოდა.
„დასაქმებული კვლავ არ უზრუნველყოფს მუსიკალური ბადის პროგრამირებას დადგენილი სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად და განაგრძობს უკვე არსებული პლეილისტების მექანიკურ კოპირებას, რაც პირდაპირ აზიანებს რადიოეთერის ხარისხსა და მრავალფეროვნებას. ამასთანავე, იგი კვლავ სისტემატურად არ ცხადდება სამსახურში წინასწარი შეთანხმებისა და საპატიო მიზეზის გარეშე, რითაც არსებითად ფერხდება რადიოპროგრამებისა და ეთერის მართვის ჯგუფის გამართული ფუნქციონირება.
სამუშაოს დისტანციურად შესრულება დასაშვებია მხოლოდ დამსაქმებელთან წინასწარი შეთანხმებით, დირექტორის მიერ განსაზღვრული საქმიანობების ფარგლებში და დასაქმებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით,“ – აღნიშნულია „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ დირექტორის, ირაკლი კიკვაძის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.
„ეს არის ძალიან დაბალი ხარისხის აბსურდის თეატრი, თანამედროვე გამოწვევების აბსოლუტური უგულებელყოფა… პასუხისმგებელ პირს 24-საათიანი წვდომა უნდა ჰქონდეს ბადესთან და პროგრამასთან, რომელთანაც მუშაობს და ვალდებულია იმუშაოს, ეს ალბათ ახლა გაიგეს და გაუკვირდათ. ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო ფორმატი 25 წელია და პრობლემა ამ მიმართულებით აქამდე არ გვქონია,“ – ამბობს დათო ტრაპაიძე „ბათუმელებთან“ და გვიყვება, რომ ჯერ კომპიუტერიდან დისტანციური მართვის პროგრამა ამოუშალეს, შემდეგ კი, რადიოს სამუშაო კომპიუტერში უთიშავდნენ ინტერნეტს, რომ პროგრამაში დისტანციურად მუშაობის პრობლემა შეჰქმნოდა.
დათო ტრაპაიძე ამბობს, რომ ამ პრობლემის შესახებ ადმინისტრაციას აცნობა, მაგრამ არ ჩათვალეს საჭიროდ მას, როგორც რადიოპროგრამების და ეთერის მართვის ჯგუფის უფროსს, 24/7-ზე უნდა ჰქონოდა წვდომა შესაბამის სამუშაო პროგრამასთან.
„ამდენი ახსნა-განმარტება იწერებოდა, მაგრამ ხელმძღვანელობას ერთხელაც არ უკითხავს, მშვიდობა თუ გაქვთო… ჩვენ მაინც გვაქვს არანორმირებული გრაფიკი: არ უნდა მოვიდეთ, ვთქვათ, 9 საათზე და 6-ზე არ უნდა წავიდეთ. იმ საქმეს, რასაც ვასრულებდი, არ სჭირდებოდა კონკრეტულად ერთ ადგილზე ჯდომა. ამის გაკეთება, ანუ სამუშაო პროცესში ყოფნა 24/7-ზე შემეძლო ნებისმიერი პუნქტიდან.
ხელშეკრულებები თავის დროზეც ასე იყო – „კონტროლ ცე – კონტროლ ვე“ [Ctrl+C, Ctrl+V] ვარიანტები ჰქონდა ყველას. საქმე იმაშია, რომ ეს ხელშეკრულება და 8-საათიანი სამუშაო გრაფიკის მკაცრად გაკონტროლება ახლა დადგა დღის წესრიგში. ჩვეულებრივად მუშაობს ყველა ისე, რომ დისტანციურად აკეთებს საქმეს,“ – ამბობს დათო ტრაპაიძე.
ბრძანების მიხედვით ირკვევა, რომ 2026 წლის 2 ნოემბერს დათო ტრაპაიძეს ჯერ საყვედური გამოუცხადეს, შემდეგ კი, 18 ნოემბერს, ხელფასი დაუქვითეს. ასევე, 18 ნოემბერს დავით ტრაპაიძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანება გაიცა, რომელშიც ეს ჩაწერეს: „დასაქმებულმა არ აღმოფხვრა დარღვევები“.
რას უკავშირებს თავად დავით ტრაპაიძე სამსახურიდან გათავისუფლებას?
„შეიძლება რევანშისტული იდეები ჰქონდეს ვიღაცას ჩემს მიმართ, თუმცა შესაძლებელია, რომ უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ მოსაზრებებს, რომ აქტიურად გამოვხატავდი ჩემს აზრს და პოზიციას არსებული რეალობის მიმართ…
ყველაფერი გამწვავდა განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა მზია ამაღლობელის ერთ-ერთი სასამართლო პროცესის შემდეგ გამართულ აქციაზე ვმონაწილეობდი. ამ აქციის შემდეგ „აჭარის ტელევიზიას“ რამდენიმე ჟურნალისტმა მოსთხოვა პირდაპირი ეთერის დათმობა. მეორე დღეს, ტელევიზიის კრებაზე ლამის მე დამადანაშაულეს ამ აქციის მოწყობაში, შენ იყავი იმ ხალხის მომყვანი ტელევიზიაშიო.
ახალ ხელმძღვანელთან მინიმალური კონტაქტი მქონდა, არც მოსულა რადიოში… წელს, ახალი სეზონის დაწყებამდე გადაწყვეტილება მიიღეს, რომ რადიოს ხელმძღვანელი აღარ ვიქნებოდი. დასაბუთება არ ყოფილა, მაგრამ ასე ვფიქრობთო,“ – გვითხრა დათო ტრაპაიძემ.
ჯერ უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ ბრძანებას დათო ტრაპაიძე სასამართლოში.
ამ თემაზე:
აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა სასამართლოს მიმართეს