დღეს, 11 ნოემბერს, ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების საქმეზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა შსს-ს გენინსპექციის თანამშრომლის, გიორგი ხიდაშელის ჩვენება მოისმინა.
მოწმის თქმით, მას „პირადმა კონტაქტმა“ – ვის ვინაობასაც ვერ დაასახელებს, 2026 წლის 4 თებერვალს შეხვედრა სთხოვა და პოლიციელების მიერ სავარაუდო ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები გადასცა.
გამოძიების ვერსიით, ასე დაიწყო ქობულეთის პოლიციაში მომხდარი ძალადობის გამოძიება.
საუბარია 2022 წელს ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – პოლიციის შენობაში პოლიციელებმა მოქალაქეებს სცემეს. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები 2026 წლის 13 ივნისს გასაჯაროვდა „ნოდარ მელაძის შაბათში“.
ამ საქმეზე. პროკურატურის ვერსიით, 2022 წლის 2 ივლისს ქობულეთის რაიონულ სამმართველოში „გამოძიება დაიწყო მობილური ტელეფონის ძარცვის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვიდეოკადრებში დაფიქსირებული პირები – პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. პოლიციის შენობაში ყოფნისას ხსენებულ პირებს, პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ძარცვის ფაქტის აღიარება და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა“.
2022 წელს მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ 3 პოლიციელს ბრალი 2026 წლის თებერვალში წარუდგინა, მაგრამ გამოძიება დაიწყო არა წამების მუხლით, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით. „ეს მწამებელი პოლიციელებისთვის სამართლებრივი თავშესაფარია“, – ასეთია ადვოკატის, მაია მწარიაშვილის შეფასება ამ საქმის კვალიფიკაციაზე.
32 წლის გიორგი კვიცარიძეს, რომელმაც ქობულეთში პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა და გაასაჯაროვა, 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ოფიციალურად ბრალი მას ნარკოდანაშაულში ჰქონდა წარდგენილი, თუმცა ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ კვიცარიძეს ნარკოტიკი ჩაუდეს, სწორედ იმის გამო, რომ მან პოლიცია ამხილა.
დღევანდელ პროცესს კი, ბრალდებულების ახლობლებიც დაესწრნენ. პროცესს დისტანციურად დაესწრო ბრალდებული მიხეილ ჯინჭარაძე. მან მოსამართლეს უთხრა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფიზიკურად პროცესზე ვერ მივიდოდა.
ამ საქმეში კიდევ ორი ბრალდებულია: ირაკლი კაციტაძე და ბექა კუხალაშვილი. ისინი დღეს სხდომას ესწრებოდნენ.
გენინსპექციის თანამშრომლის თქმით, რომელმაც დღეს მისცა ჩვენება სასამართლოს, მას შემდეგ, რაც მან ძალადობის ამსახველი კადრები ნახა, ინფორმაცია ხელმძღვანელს მიაწოდა და გამოძიება დაიწყო.
დღეს სხდომაზევე აჩვენეს ძალადობის ამსახველი კადრები.
მოწმემ აღწერა, როგორ დაადგინეს პოლიციელების ვინაობა – კადრებში პოლიციელები სახით პირდაპირ არ ჩანან, მაგრამ ზოგიერთი პროფილითაა დაფიქსირებული, ზურგით, ზოგიც ტანსაცმლით და საათით ამოვიცანითო – განმარტა მან.
პროკურორი მოსამართლის მდივანთან ჩამოდგა და პერიოდულად უთითებდა მონაკვეთებს, სადაც ძალადობის ამსახველი კადრი უნდა დაეპაუზებინათ.
„არაფერი არ ვიცი“,- ისმის ჩანაწერში დაკავებულის ხმა, რომელიც იატაკზეა ჩაკეცილი და ზურგით კედელს ეყრდნობა. სავარაუდოდ პოლიციელი მას აგინებს და წიხლებს ურტყამს…
„ვინ გადაიღო ეს კადრები, სავარაუდოდ პოლიციელების მიერაა გადაღებული,“- ამჯერად გენინსპექციის თანამშრომელს ადვოკატმა დავით ბრეგაძემ მიმართა.
„არ მიკითხავს“,- მოკლედ უპასუხა შეკითხვას შსს-ს თანამშრომელმა.
„საიდან მოიპოვა ამ პირმა ეს ჩანაწერი? ახლა რატომ მოგიტანეს, 4 წლის შემდეგ?“ „თქვენთან მოტანამდე რამდენჯერ დაამუშავეს ეს კადრები?“ – სხვა კითხვებიც ჰქონდა ადვოკატს.
„ფიზიკურად არ მახსოვს, დიდი დროა გასული, ვერ ვიხსენებ… 7 თვის წინ შევხვდი“- აწუწუნდა შსს-ს თანამშრომელი.
„აღნიშნეთ პირად კონტაქტს ქუჩაში შევხვდიო. ეს არის დარღვევა, არ შეიძლება…,“- გენინსპექციის თანამშრომელს მიმართა ბრალდებულმა ბექა კუხალაშვილმა და დასძინა, მეც მაქვს გავლილი პირად კონტაქტებთან ურთიერთობაზე სწავლებაო.
„თქვენ პატაკი ამ შემთხვევაზე არ შეგიდგენიათ… ეს არის სამსახურებრივი გულგრილობა,“- თქვა ამჯერად ბექა კუხალაშვილმა, თუმცა ის მოსამართლემ შეაჩერა: შეკითხვა უნდა დასვათ, შეფასებები მერეო.
ვინ მოიპოვა ეს ჩანაწერები? – იკითხა დისტანციურად პროცესზე ჩართულმა ბრალდებულმა, მიხეილ ჯინჭარაძემაც, თუმცა მოსამართლეს მას განუმარტა: შეიძლება ტექნიკური ხარვეზის გამო ხმა ვერ გაიგეთ, ასე თქვა, არ მიკითხავსო.
ამ მოწმის დაკითხვით საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა – სამივე ბრალდებული პოლიციელი ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს. მათ სასამართლოს ჩვენების მიცემაზე უარი უთხრეს, თუმცა უცნობია, ისარგებლებენ თუ არა, საბოლოო სიტყვის უფლებით.
მოსამართლემ თქვა, დასკვნით სიტყვებსაც კი მოვისმენდი, მაგრამ კიდევ რამდენიმე სხდომა მელოდებაო. ამ მიზეზით მან ამ საქმის კიდევ ერთი სხდომის თარიღი ჩაინიშნა, სადაც, სავარაუდოდ, მოსამართლე განაჩენსაც გამოაცხადებს, რადგან ბრალდებულების 9-თვიანი პატიმრობის ვადა უკვე იწურება.
პროკურორის თქმით, წინა სხდომაზე ექსპერტმა სასამართლოს დაუდასტურა, რომ ვიდეო კადრები, რაც გამოძიებამ სასამართლოში წარმოადგინა, უწყვეტია, არ დგინდება მონტაჟის კვალი და მასზე გამოსახული პირები იდენტიფიცირებადია.
რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას – პროკურორმა ერთი სიტყვით უპასუხა ამ შეკითხვას წინა სხდომაზე: „ეს გამორიცხულია“.
სამი ბრალდებული პოლიციელიდან ორს პოლიცია გამოძიების დაწყების შემდეგ – 2026 წლის 5 და 6 თებერვალს დაუტოვებია თავისივე სურვილით, ერთს კი – 2024 წელს.
მთავარ ფოტოზე: კადრები მოქალაქეებზე პოლიციელების ძალადობის ამსახველი ვიდეომასალიდან.
ამ თემაზე:
რას მალავს პროკურატურა მოძალადე პოლიციელების საქმეში – პროცესი ხვალ გაიმართება