ოზურგეთის სასამართლო ამ დრომდე არ აბარებს განაჩენს პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს, რომელიც 9 თვეზე მეტია უკვე ციხეშია.
მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატი, ანა აკოფოვა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დღემდე ვერ იღებს პასუხს სასამართლოდან, რატომ არ ბარდება მსჯავრდებულს განაჩენი, რომ იგი გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში. კანონის მოთხოვნაა, სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის მიღებიდან 14 დღეში განაჩენი მსჯავრდებულს ჩაბარდეს.
ლაშა ჩაჩანიძეს 8 წლით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. მას ეს განაჩენი 2025 წლის 30 დეკემბერს მოსამართლე ია ბარამიძემ გამოუტანა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში. ია ბარამიძე ამ დროისთვის ოზურგეთში ერთადერთი მოსამართლეა.
რატომ არღვევს სასამართლო კანონით დადგენილ ვადას და არ აბარებს პატიმარს განაჩენს მისი მიღებიდან თითქმის 10 თვის განმავლობაში? – „ბათუმელები“ ოზურგეთის სასამართლოს დაუკავშირდა, თუმცა გვიპასუხეს, რომ ჩვენ, მედიასაშუალება არ წარმოვადგენთ პროცესის მონაწილე რომელიმე მხარეს და სასამართლო ინფორმაციას არ მოგვაწვდის.
ლაშა ჩაჩანიძის და კიდევ რამდენიმე პატიმრის ბადრაგების მიერ სავარაუდო ცემის საქმეზე გამოძიება პროკურატურამ გუშინ, 6 ოქტომბერს დაიწყო. ეს ის პატიმარია, რომელიც მე-6 დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს და გიორგი დავითაძეს შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადა. ადვოკატი ანა აკოფოვა აცხადებს, რომ ჩაჩანიძეს 2 ოქტომბერს მე-6 დაწესებულებაში რეზინის ხელკეტებით სცემეს.
ადვოკატ ანა აკოფოვას თქმით, სასტიკად ნაცემი ლაშა ჩაჩანიძე კიდევ სამ ნაცემ მსჯავრდებულთან ერთად მე-6 დაწესებულებიდან ბათუმის ციხეში დაუსაბუთებლად გადმოიყვანეს.