ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გამომძიებლები შევიდნენ. „ტვ პირველთან“ გამომძიებელი ადასტურებს, რომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 333-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას.

„ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებული გვაქვს 333-ე მუხლით. შევალთ ახლა და გავესაუბრებით მსჯავრდებულს, მივიღებთ მისგან ინფორმაციას და შემდეგ უკვე დავიგეგმებით, რა და როგორ“, – უთხრა „ტვ პირველს“ გამომძიებელმა.

„ბათუმელებს“ პროკურატურის პრესცენტრში არ მოაწოდეს ინფორმაცია პატიმრის საქმეზე, რომელსაც გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო სავარაუდოდ მე-6 დაწესებულებაში სცემეს და შემდეგ ბათუმის ციხეში გადმოიყვანეს.

საუბარია მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძეზე, რომლის ადვოკატი ანა აკოფოვა აცხადებს, რომ ჩაჩანიძეს 2 ოქტომბერს მე-6 დაწესებულებაში რეზინის ხელკეტებით სცემეს მას შემდეგ, როცა გიორგი დავითაძეს რამდენიმე პატიმარმა შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადა. გიორგი დავითაძე კი, ის პატიმარია, რომელიც ამბობს, რომ მასზე ციხეში ბადრაგებმა სექსუალურად იძალადეს.

ადვოკატ ანა აკოფოვას თქმით, სასტიკად ნაცემი ლაშა ჩაჩანიძე კიდევ სამ ნაცემ მსჯავრდებულთან ერთად  მე-6 დაწესებულებიდან ბათუმის ციხეში დაუსაბუთებლად გადმოიყვანეს. ამის შესახებ ადვოკატი „ბათუმელებს“ გუშინ, 5 ოქტომბერს ესაუბრა.

ბათუმის ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენლები გუშინ, 5 ოქტომბერს, საღამოს შევიდნენ, თუმცა ამ დრომდე სახალხო დამცველის აპარატმა არ უპასუხა შეკითხვას: რა გახდა ცნობილი ბათუმის ციხეში პატიმრებთან შეხვედრისას?

ადვოკატი ანა აკოფოვა ამ დროისთვის სავარაუდოდ ბათუმის ციხეში საგამოძიებო მოქმედებებს ესწრება. ის ამბობს, რომ ციხეში შევიდა ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელიც, რომელიც ლაშა ჩაჩანიძის სხეულზე არსებულ დაზიანებებს შეისწავლის.

Exit mobile version