ბათუმის მერიის ინფორმაციით, მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე ჩამოიშალა ფერდობი, რამაც ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდა.
„ამ ეტაპზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით. გადაადგილება შესაძლებელია მაგისტრალის გავლით. ბათუმიდან გამსვლელი ტრანსპორტისთვის გზა გახსნილია,“ – აცხადებს ბათუმის მერია.
მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ამ დროისთვის [18:00 სთ] გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალური ტრანსპორტი კი შეუფერხებლად გადაადგილდება“.
მერია ასევე აცხადებს, რომ ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო.
„შესაბამისი სამსახურები და სპეცტექნიკა მობილიზებულია და ამოტუმბვითი სამუშაოები ხორციელდება ეტაპობრივად ყველა საჭირო ლოკაციაზე. წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხება არ არის. ამ ეტაპზე ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია“ – წერს ბათუმის მერია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.