14-დან 16 სექტემბრის ჩათვლით ბათუმში, „შერატონში“, ევროპული კონფერენცია ჩატარდება – European Conference on Ethics and Integrity in Academia [ECEIA 2026] ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ.
კონფერენციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაცია [ENAI] უმასპინძლებენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტ ETHICS-ისადმი მიძღვნილ სესიებზე საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების წინაშე წარმოდგენილი იქნება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში [ETHICS]“ შედეგები.
პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ღონისძიების მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების კულტურის განვითარება, პასუხისმგებლობიანი კვლევის პრაქტიკის ხელშეწყობა და შესაბამისი ინსტიტუციური და საგანმანათლებლო მექანიზმების განვითარება.
კონფერენციის პროგრამის, რეგისტრაციისა და სხვა დეტალური ინფორმაციის გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ ECEIA 2026-ის ოფიციალურ ვებგვერდს.