შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 20 აგვისტოს, ბათუმში, ორი პირის ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაშავებულები და დაკავებულებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის კონფლიქტი მოხდა. ბრალდებულებმა კონფლიქტში მონაწილე ორ პირს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები მიაყენეს – მათ შორის ერთ-ერთ მათგანს ცივი იარაღით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებულ პირებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 19 აგვისტოს საღამოს, მოხდა ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






