შსს-ს ამბობს, რომ კობა ფარტენაძე პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს.
„კობა ფარტენაძე, პოლიციის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევ წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
კობა ფარტენაძემ, 16 აგვისტოს, მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, სამართალდამცველებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა – აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
ასევე, აღნიშული პირი 17 აგვისტოს ღამის საათებში, ბათუმში, ხმამაღლა ლანძღვა-გინებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალდამცველებმა, არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში.
ასკ-ის 166 მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 173-ე მუხლი პოლიციელების მიმართ წინაღმდეგობის გაწევას.
ადვოკატ თემურ ქავშბაიას თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულს არ მისცეს უფლება, დაკავშირებოდა ოჯახის წევრს, ასევე ადვოკატს. ადვოკატი თემურ ქავშბაია ამბობს, რომ იგი კობა ფარტენაძის ინტერესებს დაიცვას, თუმცა მას ამ დრომდე არ უსაუბრია დაკავებულთან.
კობა ფარტენაძე მეტეოროლოგი და ტელეწამყვანია. მას 16 აგვისტოს თავს დაესხნენ. დაწყებულია გამოძიება, თუმცა უწყებაში ამ დრომდე ვერ ამბობენ, რა მუხლით დაიწყო გამოძიება.
კობა ფარტენაძეს მანამდე, 10 აგვისტოს ქუჩაში დაემუქრნენ და ფიზიკურად იძალადეს. 2026 წლის 10 აგვისტოს მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას ქუჩაში კაცი დაჭრით ემუქრება. იგივე პირი ახსენებს კობა ფარტენაძის „შეღებილ თმას“ და სხვა შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ ტერმინებს. კობა ფარტენაძემ მაშინ თქვა, რომ ამ შემთხვევამდე მასზე სხვა ლოკაციაზეც იძალადეს და ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მას თავს ესხმიან. ამ ფაქტზე 2 პირი დააკავეს.
12 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა „კობა ფარტენაძეზე დისკრიმინაციული ნიშნით ძალადობის და მუქარის საქმეზე“ ბრალდებულ ორივე პირს გირაო შეუფარდა და არ დააპატიმრა.
ამ თემაზე: