აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ 200 ათასი ლარით გამოაცხადა ტენდერი ქედის ღვინის ფესტივალის ორგანიზების შესყიდვაზე.
ღვინის ფესტივალი 2026 წლის ოქტომბრის თვეში უნდა ჩატარდეს. კონკრეტულ თარიღს ტენდერში გამარჯვებულს სამინისტრო წერილობით არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე აცნობებს. ფესტივალი დაბა ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ჩატარდება.
სამინისტრო აცხადებს, რომ ქედის ღვინის ფესტივალის მიზანი ადგილობრივი, უნიკალური და ავთენტური ღვინოების წარმოების კულტურის პოპულარიზების ხელშეწყობა და ადგილობრივი [ენდემური] ვაზის ჯიშების ცნობადობის გაზრდაა.
ტენდერის მიხედვით ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის:
- „მოეწყობა ღვინის საგამოფენო სივრცე- ადგილობრივი [არანაკლებ 30] და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან მოწვეული ღვინის მწარმოებლების და ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა დარგობრივი ორგანიზაციებისთვის [არანაკლებ 15 ღვინის მწარმოებელი და 5 უწყება/ორგანიზაცია];
- მოეწყობა ყურძნის დაწურვის, მასტერკლასების და დეგუსტაციის სივრცე – შესაბამისი პავილიონებით;
- მოეწყობა გასტრონომიული და კვების სივრცე, სადაც განხორციელდება ადგილობრივი, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების მომზადება/დაგემოვნება და მასტერკლასები შეფმზარეულის მიერ;
- მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ზონა, რომელიც განკუთვნილი იქნება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის და გააერთიანებს ინტერაქტიულ თამაშებს, შემოქმედებით და საგანმანათლებლო აქტივობებს;
- მოეწყობა სტუმრებისა და მონაწილეებისთვის განკუთვნილი კომფორტული გარემო, რომელიც უზრუნველყოფს დასვენების, კომუნიკაციისა და დროის მშვიდ და სასიამოვნო გარემოში გატარებას;
- შემუშავდება საკონცერტო და კულტურული პროგრამა. მოეწყობა სცენა, ლედ-ეკრანი, ვიდეო-რგოლი და სხვა ტექნიკური საშუალებები;
- ქედის ღვინის ფესტივალის საერთო ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 8 საათს. ფესტივალის განმავლობაში განსახორციელებელი მომსახურების/მოსაწოდებელი საქონლის ყველა დეტალი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.“
სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ მომსახურების ღირებულებისა და ტექნიკური პირობების დასაზუსტებლად ელექტრონული ფოსტით გამოიკითხა 11 ორგანიზაცია, საიდანაც შეთავაზება წარმოადგინა მხოლოდ სამმა ორგანიზაციამ.
ბაზრის კვლევა გამოუცხადებიათ შესყიდვების პორტალზეც, თუმცა მასში მონაწილეობა არავის მიუღია.
აქედან გამომდინარე ფასები [დღგ-ს ჩათვლით] შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: 284 690 ლარი, 253 965 ლარი და 204 895 ლარი.
ოქმში აღნიშნულია, რომ „ბაზრის კვლევის შედეგად მიღებული კომერციული შეთავაზებების ღირებულებები აღემატება სამინისტროს 2026 წლის პროგრამით „აგროსექტორის მდგრადი განვითარება“ გათვალისწინებულ ფინანსურ რესურსს. შესაბამისად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა აღნიშნული ღონისძიებისათვის დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში და შეადგენს 200 000 ლარს [დღგ-ს ჩათვლით]“.
ტენდერში წინადადების მიღება 2026 წლის 21 აგვისტოს დაიწყება და 24 აგვისტოს დასრულდება.