ბათუმში, გონიოს გზატკეცილთან ახლოს, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია მინდორი და „ოცნების“ მთავრობა არაბული ქალაქის გაშენებას აპირებს, მარტოხელა, უსახლკარო დედა – მზია მეგრელიშვილი 14 წლის შვილთან ერთად, მიტოვებულ შენობაში 2 დღის წინ საცხოვრებლად შევიდა.

„როდესაც აქ შემოსვლას ვაპირებდი, ერთი თვის წინაც ვიყავი აჭარის მთავრობასთან, პატრულიც გამოვიძახე, რომ ყველას ყველაფერი სცოდნოდა, მაგრამ არავინ რეაგირება არ მოახდინა… მე უკვე ძალიან დავიღალე, ამოვიდა ყელში. მირჩევნია ამ უწყლობაში, ვირთხებში, ქვეწარმავლების გვერდით ვიცხოვრო ეკალ-ბარდში,“ – გვითხრა მარტოხელა დედამ, რომელსაც მიტოვებულ, ერთოთახიან შენობაში უკვე შეუტანია ლეიბი, ერთი პატარა სათავსო…

შენობას არც კარი აქვს, არც – ფანჯარა. მზია და მისი შვილი ამბობენ, რომ ღამის გათევა ზაფხულის ცხელ დღეებში აქ კარგია, მერე რა იქნება, არ ვიცით, ალბათ კარს და ერთ ფანჯარას ვიშოვით სადმეო.

შენობის წინ დედა-შვილს ხის ფიცრებისგან სახელდახელო მაგიდა მოუწყვია.

გონიოს გზატკეცილთან ახლოს, მინდორში მდებარე შენობის ირგვლივ მხოლოდ ეკალ-ბარდია. შენობაში არც წყალია და არც დენი. მზია მეგრელიშვილი საწოლის კიდეზე ჯდება და გვიყვება, როგორ მოასხურა უკვე ყველა კუთხეში ქვეწარმავლის საწინააღმდეგო ხსნარი, გველები და მორიელები რომ არ შემოგვესიონო და კიდევ ერთხელ იმეორებს: „ეს მთავრობა უპასუხისმგებლოა“.

„რაც მთავარია, წვიმა არ ჩამოვა აქ, სახურავი კარგად შენახულია,“ – მარტოხელა დედა სახლის ჭერს გაჰყურებს, ნიკა კი, უფანჯროდ დატოვებული ღიობიდან მაყვლის ბუჩქებს გაჰყურებს.

მზია მეგრელიშვილი შვილთან ერთად

„შენო ტოლვილი არ ხარო. ამაზე მეტი ტოლვილობა რა არის?

წელიწადია ამ საკითხს ვიძახი აქციაზე, რომ მე არ მაქვს სახლ-კარი და დამეხმარეთ, რომ სისხლის სამართლის საქმე არ გავაკეთო, მაგრამ არავინ არ დამეხმარა და 2000 ლარზე რომ ავიდა ქირის ფული, მე უკვე აღარ შემიძლია, სხვასაც ვერ ვაწვალებ ჩემით…

იძულებული გავხდი, გამეტეხა ეს და შემოვსულიყავი. გამეტეხა რა, კარი არაა და ფანჯარა. არაფერი არაა. ახლა ნუ შეეცდებიან იმას, რომ მე აქ რაღაც მოვიწყო და მერე გამასახლონ. ეს იქნება ყველაზე დიდი „ნაგლობა“ და სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა ადამიანის მიმართ, როცა ადამიანი წვალობს და იმას წაართმევ.

წასასვლელი მაქვს სადმე? თუ მაქვს რამე, მიმითითოს სახელმწიფომ, სად უნდა წავიდე და წავალ,“ – ამბობს მარტოხელა დედა და ეკალ-ბარდისგან ნაწილობრივ უკვე გასუფთავებულ ეზოში გამოდის.

მზია მეგრელიშვილი

ქალს, რომელსაც არანაირი შემოსავლის წყარო არ აქვს, ამბობს, რომ გასულ თვეში სოციალური შემწეობაც შეუჩერეს:

„სოციალურიც აღარ მაქვს… ასეთ გაჭირვებულ ადამიანს სოციალურიც შეჩერებაზე გაუშვეს, 22-ში თანხას ვერ ავიღებ. მაყვალს დავკრეფ აგერ და წავიღებ და ჩავაბარებ. დღეს უნდა მომეკრიფა, მაგრამ გაწვიმდა.

სასადილოს უფროსმა მითხრა, რომ ორი კაცის საჭმელს არ დაგამადლიო და მაძლევს, მაგრამ ფაქტობრივად არ მეკუთვნის,“ – გვიყვება მზია მეგრელიშვილი.

მზია მეგრელიშვილი წლების წინ თავშესაფარში ცხოვრობდა, შემდეგ ნაქირავებ ბინაში იყო შვილთან ერთად ხელვაჩაურში, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ქირის გადახდა ვეღარ შეძლო. 2025 წელს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან გამოხატული პროტესტის შემდეგ, წინასაარჩევნოდ მზია მეგრელიშვილი ხელვაჩაურის მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლიორად დაასაქმა, თუმცა არჩევნების შემდეგ, იგი გაათავისუფლეს. მზია მეგრელიშვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. 2026 წლის 20 აპრილს, მას შემდეგ, რაც მზია მეგრელიშვილი კიდევ ერთხელ მივიდა აჭარის მთავრობასთან, აჭარის მთავრობის პრესცენტრში ჟურნალისტებს გვითხრეს, რომ „მზია მეგრელიშვილს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2023-2026 წლებში, ანუ სამ წელიწადში ჯამურად მიღებული აქვს 13 800 ლარი. ამ დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი მარტო 1 თვეში 13 600 ლარია.

„იმის ჯანმრთელობაც აღარ მაქვს, რომ ბაზარში დავჯდე…

ჩემი შვილი 14 წლისა, 15-ს ათავებს მალე… ბავშვს არაფერი ნორმალური არ უნახია ამ ქვეყანაზე. წარმოიდგინეთ, თავშესაფრიდან ქირაში, ქირას რომ ვერ იხდი და ყოველდღე რაღაც კამათი და ჩხუბია. შვილო, მოითმინე, შვილო, მოითმინე – ყოველთვის ხომ ბავშვი არ მოითმენს, არა?“ – ასრულებს მზია მეგრელიშვილი.


ამ თემაზე:

„ეს არის უზნეო განცხადება“ – ინტერვიუ უსახლკარო ქალის მიმართ აჭარის მთავრობის პასუხზე

Exit mobile version