ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეში მესამე მხარედ ჩაერთო. ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს, 11 ივლისს ავრცელებს.

კომისარი აქამდეც ჩაერთო სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის განხილვას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ევროსაბჭოს კომისარს 2026 წლის 3 ივლისს მიუმართავს. სტრასბურგის სასამართლომ კომისრის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
„კომისარი აღნიშნავს, რომ ორივე კანონი ზღუდავს უფლებადამცველების შესაძლებლობას, ისარგებლონ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებით. კომისრის თანახმად, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც ამ ზომებს თან ახლავს ხელისუფლებისა და პროსახელისუფლებო ჯგუფების მხრიდან წარმოებული აგრესიული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დისკრედიტაციას და მათ ჩამოშორებას გადაწყვეტილების მიღების პროცესებიდან,“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ საქმის წარმოება სტრასბურგის სასამართლოში საიამ დაიწყო 2025 წელს 6 მომჩივნის სახელით. მოსარჩელეები დავობენ იმაზე, თუ როგორ ზღუდავს აღნიშნული კანონი – უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი [ქართული FARA] სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას.
კერძოდ, საჩივარში საია აღნიშნავს, რომ რეალურად ეს კანონი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით.

„ხაზგასასმელია, რომ კომისარი აქამდეც ჩაერთო სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე სხვა საქმეში, რომელიც ეხება რუსულ კანონს. ამ საქმის ფარგლებში ევროპული სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტში კომისარმა ყურადღება გაამახვილა არა მხოლოდ „უცხოეთის გავლენის გამჭირვალობის კანონზე”, არამედ სხვა კანონებზეც, მათ შორის, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზეც“ (FARA).

კომისარი აღნიშნავს, რომ ორივე კანონი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აიძულებს დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაციები“ ანდა „უცხოური პრინციპალის აგენტები“.

კომისრის შეფასებით, ეს ზღუდავს უფლებადამცველების შესაძლებლობას, ისარგებლონ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებით.

კომისრის თანახმად, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც ამ ზომებს თან ახლავს ხელისუფლებისა და პროსახელისუფლებო ჯგუფების მხრიდან წარმოებული აგრესიული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დისკრედიტაციას და მათ ჩამოშორებას გადაწყვეტილების მიღების პროცესებიდან – მათ შორის, მათი წარმოჩენით „სახელმწიფოს მტრებად“ (ან ქართველი ხალხის მტრებად) და მათი დაფინანსების წყაროებზე მუდმივი აპელირებით, როგორც დაბრკოლებაზე, რომელიც ხელს უშლის მათ მიერ საზოგადოებაში მიუკერძოებელი დამკვირვებლის (უშუალოდ სადარაჯო/საზედამხედველო ორგანიზაციის – watchdog) როლის შესრულებას,“ – აღნიშნავს საია.

ევროპულმა სასამართლომ კომისარს პოზიციის წარსადგენად ვადა 2026 წლის 31 აგვისტომდე განუსაზღვრა.

___

ამ თემაზე:

„ეს ფარა კი არა, ახალი რუსული კანონია“- იურისტი

Exit mobile version