თბილისში 27 ივნისს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას დღეს, 11 ივლისს შსს ავრცელებს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ივნისს, თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა ნათესავს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
„ბრალდებულის დაკავება თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე, თურქეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს უშუალო ჩართულობით განხორციელდა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






