9 წლის თომას და 3 წლის თაიას ჰგონიათ, რომ მამა გერმანიაში, სამუშაოდ წავიდა. უკვე 8 თვეა ისინი მამას მხოლოდ ტელეფონით ესაუბრებიან. ყოველი დარეკვისას თომა მას ეკითხება, როდის ჩამოვა. ბავშვს ეუბნებიან, რომ მამა ჯერ ვერ დაბრუნდება. ამიტომ, თომას უნდა, დასთან და დედასთან ერთად თავად ჩააკითხოს ევროპაში.
თომას და თაიას მამა, მანუჩარ მიქელაძე, 2025 წლის ოქტომბერში დააკავეს. ის ციხიდან რეკავს ოჯახში, რომ ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი მოიკითხოს. 9 წლის თომამ ეს არ იცის, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ მამა ყოველი თვის 5, 15 და 25 რიცხვში რეკავდა. ასეთი იყო მანუჩარის განრიგი გლდანის ციხის მე-2 კორპუსში თითქმის 8 თვის განმავლობაში. ოჯახთან ტელეფონით სასაუბროდ მას დაახლოებით 10-15 წუთი ჰქონდა.
ბოლო ერთი თვეა მანუჩარ მიქელაძე გლდანის ციხის 1-ელ კორპუსში გადაიყვანეს, სადაც განსხვავებული წესები მოქმედებს: მას ახლა უკვე შეუძლია ყოველდღე, ან ყოველ მეორე დღეს დარეკოს 3-4 წუთით, თუმცა, თვის განმავლობაში ტელეფონზე სასაუბრო წუთები შეზღუდულია და საჭიროა გამოიზოგოს, რომ ოჯახისა და ახლობლების მოკითხვა ხშირად შეძლოს.
მანუჩარ მიქელაძეს 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
- მანუჩარ მიქელაძის საქმე – უარი საპროცესო შეთანხმებაზე
41 წლის მანუჩარ მიქელაძე ერთ-ერთია იმ 64 პირს შორის, რომელთაც 4 ოქტომბრის საქმეზე წარუდგინეს ბრალი. მათმა ნაწილმა ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა, ნაწილმა – არ აღიარა და საპროცესოს ნაცვლად პატიმრობა შეუფარდეს.
მანუჩარ მიქელაძის პოზიცია სხვებისგან გამორჩეულია – მან აღიარა, რომ ჩაიდინა ქმედება, რასაც ედავებოდნენ, თუმცა არ აღიარა წარდგენილი ბრალი, არ ცნო თავი დამნაშავედ და კატეგორიული უარი თქვა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.
„მე არ ვარ დამნაშავე. დამნაშავე ისაა, ვინც მომავალს უკლავს ამ ქვეყანას. წავალ ციხეში და მართალი ვიქნები ჩემი შვილების წინაშე” – განაცხადა მანუჩარ მიქელაძემ სასამართლოს სხდომათა დარბაზში 2026 წლის 24 ივნისს.
ამ სიტყვებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მანუჩარ მიქელაძეს ედავებოდა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის (პრეზიდენტის სასახლის) ხელში ჩაგდების მცდელობას. უწყების ვერსიით, ეს დანაშაული გამოიხატა მანუჩარ მიქელაძის მიერ ათონელის რეზიდენციის ეზოში გადასვლასა და სასახლის დაცვის წევრზე ძალადობაში.
„კი, დავარტყი პოლიციელს ხელი. არაა ეს სამაგალითო, მაგრამ დაიმსახურა, ოჯახს მაგინებდა, შვილებს და დავარტყი […] ეს იყო პროვოკაცია! და თუ არ იყო, რატომ არ იდგა სასახლის ღობის წინა პერიმეტრზე სპეცრაზმი და რატომ იდგა შიგნით?! რატომ იდგნენ გაბრაზებულ ხალხს შორის პროვოკატორები?”, – თქვა მან საბოლოო სიტყვაში.

- დედა ორ შვილთან ერთად, ნაქირავებ ბინაში – როგორ ცხოვრობს მანუჩარ მიქელაძის ოჯახი მისი დაკავების შემდეგ
მანუჩარ მიქელაძე წარმოშობით შუახევიდანაა. სწავლობდა სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლაში, შემდეგ – ბათუმის საზღვაო აკადემიაში. სკოლის დამთავრებიდან მალევე ბუთურაულში შექმნილი ეკოლოგიური პრობლემების გამო მიქელაძეების ოჯახი წალკის მუნიციპალიტეტში გადაასახლეს, თუმცა, რამდენიმე წელში ოჯახი მშობლიურ რეგიონში დაბრუნდა და ბათუმში დასახლდა.
სწორედ ამ პერიოდში გაიცნო მანუჩარმა დიანა, რომელიც იმ დროს თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა. წარმოშობით დიანაც შუახევიდანაა, ბუთურაულის მეზობელ სოფელ ნენიადან. დაოჯახების შემდეგ ისინი თბილისში ცხოვრობენ.
მანუჩარის მშობლები, დისა და ძმის ოჯახი ბათუმში ცხოვრობს. მანუჩარი სწორედ ბათუმში დააკავეს 2025 წლის 7 ოქტომბერს, როცა ავადმყოფი დედის სანახავად თბილისიდან ჩავიდა.
დაკავების მომენტისთვის მანუჩარ მიქელაძე ოჯახის მარჩენალი იყო. ლიზინგით სარგებლობაში ჰქონდა მინივენი და ტურისტები რეგიონებში დაჰყავდა. მისი ცოლი, მეან-გინეკოლოგი დიანა მიქელაძე დეკრეტულ შვებულებაში იყო.
დიანა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ უკვე სამსახურში დაბრუნებას აპირებდა, როცა მანუჩარი დააკავეს. ამის გამო, მან მუშაობის დაწყება ვეღარ შეძლო – ბავშვების დამტოვებელი არ ჰყავდა. ამიტომ, ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა.
„მანუჩარი რომ დააკავეს, ზუსტად იმ პერიოდში მინდოდა გასვლა სამსახურში. თაია 2 წლის იყო მაშინ. მანუჩარი არის საუკეთესო მამა. თომასაც იტოვებდა, როცა პატარა იყო და მითხრა, რომ თაიასაც დაიტოვებდა ჩემი მორიგეობის დროს. მოგეხსენებათ, 24-საათიანი მორიგეობები გვიწევს ექიმებს. ამასობაში, მოხდა 4 ოქტომბერი და ვეღარ შევძელი. ჩვენ მარტო ვცხოვრობთ ქირით და ბავშვებს ვერავის დავუტოვებდი“ – გვეუბნება დიანა.
მისი თქმით, ახლა, როცა მანუჩარი ციხეშია, ორ ბავშვთან ერთად მარტო ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ფინანსურად კი მისი და მანუჩარის ოჯახები, მეგობრები და კოლეგები ეხმარებიან.

ჩვენთან საუბრისას დიანა ცდილობს ყველაზე გვითხრას, ვინც დაეხმარა. ამბობს, რომ ძალიან მადლიერია და არ უნდა, ვინმე გამორჩეს.
„არ შემიძლია არ გამოვყო ნათია გაბრავა, ერთ-ერთი აქტივისტი, რომელმაც მანქანისთვის გადასახდელი თანხა შემიგროვა ახალ წლამდე პერიოდში და ახლახან – სამი თვის ბინის ქირის გადასახადი. მინდოდა, ნანუკა ჟორჟოლიანისთვისაც მიმეწერა, მაგრამ ვიფიქრე, ისედაც იმდენი ადამიანი წერს, თან ფონდი დაყადაღებული აქვს… ისედაც ძალიან მადლიერი ვარ ნანუკასი – მანუჩარზე დაკავების შემდეგ იყო ჩვენს ოჯახში, სიუჟეტი გააკეთა, რომელსაც ანგარიშს ნომერი დაადო და მაშინაც ჩაგვირიცხეს თანხა.
ზამთარი ასე გავიარეთ… მოგეხსენებათ, კომუნალურები როგორი ხარჯია, თომა ფეხბურთზე დადის – ხომ ვერ გამოვიყვანდი? ასე მოვედით დღემდე – კეთილი ადამიანების წყალობით”, – გვიყვება დიანა.
მან გვითხრა, რომ თავიდან ძალიან რცხვენოდა დახმარების თხოვნა, მით უფრო – უცხო ადამიანებისთვის. თუმცა, მხნეობა შემატა იმის დანახვამ, როგორ ეხმარებოდნენ აქციაზე დაკავებული თანამებრძოლების ოჯახებს აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები.
დიანა გეგმავს, რომ სექტემბრიდან დაუბრუნდეს სამსახურს და დღისით იმუშაოს, სანამ თაია და თომა ბაღსა და სკოლაში იქნებიან. ექიმის მისთვის ჩვეულ გრაფიკს, 24-საათიან მორიგეობას კი დიანა იქამდე ვერ დაუბრუნდება, სანამ ბავშვებს მამა, ვისთანაც ღამე უნდა დარჩენილიყვნენ, გერმანიაში ეგულებათ.
- „ჩათვალე, რომ ხარ მარტო“ – რა უთხრა ცოლმა მანუჩარს განაჩენის გამოცხადებამდე
დიანა მიქელაძემ გვიამბო, როგორ გაუჭირდა ცხოვრება ქმრის დაკავების შემდეგ – მატერიალურად, ემოციურად, ფიზიკურად.
მას ვკითხეთ, ისურვებდა თუ არა მანუჩარს საპროცესო გაეფორმებინა და უფრო ადრე გათავისუფლებულიყო, მით უფრო მაშინ, როცა საზოგადოების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ამავე საქმეზე დაკავებული სხვა პირების აღიარება და მონანიება ფორმალურია – ისინი თავს დამნაშავეებად არ მიიჩნევენ და საპროცესო მხოლოდ იმიტომ გააფორმეს, რომ 4 ოქტომბრის პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში სასამართლოს სამართლიანი მიდგომისა და გამართლების იმედი არ ჰქონდათ.
„მე არასოდეს მითქვამს მანუჩარისთვის, საპროცესო გაეფორმებინა ან არ გაეფორმებინა, იმიტომ, რომ ციხეში ის არის, ბრალი მას ჰქონდა წარდგენილი და გადაწყვეტილება მას უნდა მიეღო.
მე მას ვუთხარი – მანუჩარ, გადაწყვეტილება არ მიიღო იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვიჭირს, ვცხოვრობთ ორ პატარა ბავშვთან ერთად, მე არ ვმუშაობ ამ ეტაპზე და შენ იყავი ჩვენი ერთადერთი მარჩენალი და ფულის შემომტანი ოჯახში; იმის შიშით, რომ ფინანსური კრიზისი შეგვექმნება და ოჯახი მშიერი დაგრჩება, შენს ღირსებას არ გადააბიჯო; ჩათვალე, რომ ხარ მარტო; რაც გსურს, რაც შენს გულს უნდა, ისეთი გადაწყვეტილება მიიღე-მეთქი. მე მას მივეცი აბსოლუტურად თავისუფალი არჩევანი. ვუთხარი, რომ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემდი.
არ დამიძალებია, აუცილებლად მოიხადე ბოდიში, მოინანიე, გამოდი და მოგვხედე, ბავშვებს და მე გვჭირდები-მეთქი. ამას ვერ ვეტყოდი. იცით რატომ? მანუჩარისთვის ეს იქნებოდა მორალური სიკვდილის ტოლფასი.
ის არის ძალიან მებრძოლი და შეუპოვარი ხასიათის, პრინციპული ადამიანი. ჩვენ თითქმის 11 წელია ცოლ-ქმარი ვარ, მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და 98% დარწმუნებული ვიყავი, რომ ისედაც არ გააფორმებდა საპროცესოს.
მე რომ ვყოფილიყავი მანუჩარის ადგილას, მეც არ მოვიხდიდი ბოდიშს.
იმიტომ, რომ ედავებოდნენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სასახლის აღებას ჯგუფურად. რეალურად, არცერთ დაკავებულს არ იცნობდა. იქ, დარბაზში გაიცნეს ბიჭებმა ერთმანეთი. რაზე უნდა მოიხადოს ბოდიში?! ეს იყო ბუნებრივი რეაქცია. ქართველი კაცი ოჯახის გინებას არ პატიობს. უმიზეზოდ ხომ არაფერი არ ხდება?! რაღაცით უნდა გამოგიწვიოს ადამიანმა, რომ შენ პასუხი გასცე, ხომ? აბა, გიჟი ხომ არ არის? კადრში ჩანს, რომ ისინიც [სასახლის დაცვა] ურტყამენ. პროკურორს უთხრა კიდეც მანუჩარმა, გვაგინებდნენო.
მე იურისტი არ ვარ და იურიდიულ ენაზე რა ტერმინი მიესადაგება არ ვიცი, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს [მანუჩარის ქმედება] იყო პასუხი შეურაცხყოფაზე.
მზია მახსენდება, დგებუაძემ რომ შეურაცხყოფა მიაყენა და მანაც გასცა პასუხი. სხვათა შორის, ჩვენც შუახევიდან ვართ და ძალიან ვამაყობთ მზია ამაღლობელით. ადრე მანუჩარმა მოიტანა მზიას პლაკატი და სახლში გვაქვს გაკრული.
ნამდვილად რთულია 5 წელი ასე გაძლო – მისთვის ხომ რთულია და ჩემთვისაც ძალიან რთული იქნება, მაგრამ არცერთი წამით არ ვამტყუნებ მანუჩარს, რომ საპროცესო არ გააფორმა. არც არასდროს გავამტყუნებ.
გაუმარჯოს იმ ადამიანებს ვინც აღიარა. გულწრფელად მესმის მიზეზები – ზოგს შვილი ჰყავს ავად, ზოგი თავად არის ავად და ა.შ. მე არც მათ ვთვლი დამნაშავეებად, მაგრამ შინაგანად ამაყი ვარ. იმის გამო კი არა, რომ აი, რა მაგარი მეუღლე მყავს. არა. იმის გამო, რომ ჩემი აზრი აბსოლუტურად დაემთხვა მის აზრს ისე, რომ მან არ იცოდა, მე რას ვფიქრობდი.
მე წინასწარ არაფერი მითქვამს, რომ მას შესძლებოდა, თავისუფალი არჩევანი გაეკეთებინა”, – ამბობს დიანა მიქელაძე.

- როგორ ცხოვრობდა მანუჩარ მანუჩარ მიქელაძე დაკავებამდე
როგორც დიანა გვიყვება, მანუჩარი ძალიან აქტიური მოქალაქე იყო. ყველგან და ყოველთვის აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, არ ერიდებოდა კრიტიკას, პროტესტის გამოხატვას და ბრძოლას, მისი თუ გარშემომყოფების კეთილდღეობისა და უფლებების დაცვისთვის.
დიანას ინფრმაციით, მანუჩარი წლების განმავლობაში იბრძოდა იმ თანასოფლელებისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფისთვის, რომლებიც სოფლიდან არ გაუსახლებიათ, თუმცა მათი სახლები მეწყერსაშიშ ზონაში ხვდებოდა.
„მაშინ ერთ ოჯახს აძლევდნენ 30 000 ლარს. ცხადია, მაგ თანხით ვერაფერს იყიდდი. იმდენი იბრძოლა, რომ ათობით ოჯახმა 50-50 ათასი ლარი მიიღო. პირად საუბრებში ეუბნებოდნენ, შენი დამსახურებააო.
მახსოვს, ერთხელ, მორიგე ვიყავი და ღამე სამსახურში მომაკითხა გასაღების დასატოვებლად, 3 წლის თომა ჩაისვა მანქანაში და წავიდა სოფლის საქმეზე. მე ვმუშაობდი და აბა ვის დაუტოვებდა?! დადიოდა სოფელში პატარა ბავშვთან ერთად – წვიმა იყო თუ თოვლი, მნიშვნელობა არ ჰქონდა. თან, არ იფიქროთ, რომ მისთვის უნდოდა – მას სოფელში სახლი აღარ ჰქონდა და არც ეს კომპენსაცია უწევდა. სხვებისთვის იბრძოდა, თანასოფლელებისთვის. ასეთი ადამიანია”, – გვიყვება დიანა.

მისი თქმით, მანუჩარს არ გამოუტოვებია ბოლო წლების არცერთი საპროტესტო აქცია, სადაც მოქალაქეები საკუთარი უფლებების დასაცავად და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის დასაცავად იკრიბებოდნენ. ბოლო წლებში ის შეუერთდა პარტია “ახალს” და გახდა “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი.
დიანა იხსენებს შემთხვევას, როცა სამუშაოდ წასული ქმარს შემთხვევით მოჰკრა თვალი ტელევიზორში, აქციაზე, რომელსაც მოსამართლეთა კონფერენციის პარალელურად მართავდნენ პროევროპულ აქციაზე დაკავებული მოქალაქეების მშობლები და მათი მხარდამჭერები.
დიანას თქმით, პატიმრების ოჯახის წევრები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ მანუჩარის, რომელმაც შემთხვევით აღმოჩნდა აქციის მიმდებარედ და სიგნალებით შეუერთდა მას. დღეს მანუჩარიც პატიმარია ისეთივე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეზე, დიანა კი, სხვა პატიმრების ოჯახის წევრების მსგავსად, ცდილობს საზოგადოება დაკავებული ქმრის სიმართლეში დაარწმუნოს.

- „ერთი წუთითაც არ წარმომიდგენია, რომ ეს მდგომარეობა არ შეიცვლება“
რისთვის იბრძვის? – ვკითხეთ დიანას მას შემდეგ, რაც არაერთხელ ახსენა, რომ მანუჩარ მიქელაძე ძალიან მებრძოლი ადამიანია.
„რა თქმა უნდა, ევროპული მომავლისთვის. მანუჩარი გარკვეული პერიოდი ევროპაში ცხოვრობდა და ძალიან კარგად იცის როგორ ცხოვრობს იქ ხალხი, როგორია ევროპული ღირებულებები.
იმისთვის იბრძვის, რომ ჩვენც გვქონდეს ევროპული ჯანდაცვა, ევროპული განათლება, ევროპული პენსია, რომ რიგით მოქალაქეებს შეგვეძლოს, ჩვენი ხელფასებით შევიქმნათ ცხოვრება და უზრუნველვყოთ ჩვენი შვილების მომავალი – მივცეთ ხარიხიანი განათლება, ვატაროთ სპორტზე და ა.შ.
ეს ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. ბრძოლა არ ნიშნავს, რომ იარაღით და ხანჯლებით უნდა ვიბრძოლოთ. ეს იდეების ბრძოლაა, რომელშიც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ მართალმა ადამიანებმა, რათა საქართველო დავაბრუნოთ ევროპისკენ მიმავალ რელსებზე. ამას იმსახურებს ქართველი ერი.
თუ ჩვენი ქვეყანა გადაუხვევს ამ რელსებიდან, მაშინ დავიღუპებით. მიუხედავად იმისა, თუ რა ვითარებაა დღეს საქართველოში, ერთი წუთთაც არ წარმომიდგენია, რომ ეს არ შეიცვლება. ნამდვილად დასრულდება ეს რეჟიმი”, – გვითხრა დიანა მიქელაძემ.
ახლა მანუჩარ მიქელაძე აპირებს გაასაჩივროს 5-წლიანი პატიმრობა იმ ქმედებისთვის, რომელსაც აღიარებს, მაგრამ დანაშაულად არ მიიჩნევს. მართალია, ოჯახს არ აქვს იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას შეცვლის, მაგრამ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენონ თავიანთი სიმართლის გასაჟღერებლად.
დიანას ვკითხეთ ქმრის გათავისუფლების შესახებ მოლოდინებსა და იმაზეც, თუ როგორ წარმოუდგენიათ ცხოვრება ამ მოვლენების შემდეგ.
„ასე წარმომიდგენია, რომ მანუჩარი გამოვა მაშინ, როცა საქართველოში იქნება ცვლილებები უკეთესობისკენ. თუ არ შეიცვლება რამე, ესენი [„ქართული ოცნება”], ალბათ, არც გამოუშვებენ, რადგან პოლიტიკური პატიმარია.
არც მე და არც მანუჩარს არასდროს გვიფიქრია, რომ ქვეყნიდან წავსულიყავით. ზუსტად იმიტომ უნდა ცვლილებები, რომ საქართველოშიც ისე ვიცხოვროთ, როგორც ევროპაში ცხოვრობს ხალხი, თითოეული ოჯახი და რიგითი მოქალაქეები. აბა რისთვის გვინდა ევროკავშირში შესვლა?!” – გვეუბნება დიანა.
- პაემანი გლდანის ციხეში, შუშის მიღმა
გათავისუფლებამდე დიანას ქმართან დარეკვის გარდა ხანმოკლე პაემნის შესაძლებლობა აქვს, თუმცა „პაემანი“ დარეკვისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ მოსაუბრეს მინის მიღმა ხედავ – ფიზიკური კონტაქტი ამ შემთხვევაშიც შეუძლებელია.
მანუჩართან პაემანზე მისი ცოლი, დიანა მიქელაძე თვეში 1-ჯერ ან 2-ჯერ მიდის. ამ დროს თომა და თაია ოჯახის ახლობლებთან რჩებიან – მათ მამა გერმანიაში ეგულებათ და არა გლდანის ციხეში.
„ფილმებში რომ არის, ზუსტად ისეა: შუშის მიღმა ზის და ყურმილის გარეშე ხმას ვერ გააგონებ. რამდენიმე ადამიანი ვსხედვართ ასე, დანაყოფებში და ვსაუბრობთ. ეს არის ერთსაათიანი, ხანმოკლე პაემანი.
გრძელვადიან, 24-საათიან პაემანზე მოთხოვნა ძალიან დიდიაო, მითხრა. მხოლოდ რამდენიმე თვეში ერთხელ შეიძლებაო. მგონი, სექტემბერში შეიძლება მოგვიწიოს. მე ერთხელ ვიყავი, მარტში, დაკავებიდან დაახლოებით 5 თვის შემდეგ. ისეთი რთულია დამშვიდობება, ისეთი დამთრგუნვველი, მირჩევნია საერთოდ აღარ შევხვდე. წარმოიდგინეთ, 24 საათის შემდეგ შენ მოდიხარ და მას ტოვებ. თვითონაც განიცადა”, – გვიყვება დიანა.
„ვუსურვებთ მამას, რომ ემიგრაციიდან მალე დაბრუნდეს და ჩაეხუტოს თავის შვილებს” – გვითხრა საუბრისას დასასრულს მან.
მაგრამ სანამ მანუჩარი “ემიგრაციიდან” დაბრუნდება, მას სურს წერილები მიიღოს თანამოაზრეებისგან – ნაცნობებისგან თუ უცნობებისგან. ყოველ დღე ერთ წერილს ვკითხულობო, უთქვამს მანუჩარ მიქელაძეს აქტივისტისთვის, რომელსაც ციხიდან დაურეკა.
წერილებს აგზავნის თვითონაც.
„მოვა დრო, როდესაც შერცხვება ყველას, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობს, ან უმოქმედობით თანამონაწილეობს“ – წერს ის ერთ-ერთ ბოლო წერილში.
ამავე თემაზე: