მოქალაქეების ცემაში ბრალდებული 3 პოლიციელიდან სასამართლო პროცესს მხოლოდ ერთი – მიხეილ ჯინჭარაძე დაესწრო, ისიც დისტანციურად, ირაკლი კაციტაძემ და ბექა კუახალაშვილმა კი, მოსამართლეს აცნობეს, რომ პროცესზე დასწრების სურვილი არ აქვთ.
დღეს, 3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „მოძალადე პოლიციელების საქმეზე“ არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ისეთი შუამდგომლობა დააყენა, რომ საქმის განხილვა შემდეგ სხდომაზე დასრულდება, თუ მანამდე საპროცესო შეთანხმება არ შედგა.
საუბარია 2022 წელს ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – პოლიციის შენობაში პოლიციელებმა მოქალაქეებს სცემეს. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები 2026 წლის 13 ივნისს გასაჯაროვდა „ნოდარ მელაძის შაბათში“. 2022 წელს მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ ამ 3 პოლიციელს ბრალი 2026 წლის თებერვალში წარუდგინა. მაგრამ გამოძიება დაიწყო არა წამების მუხლით, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით. „ეს მწამებელი პოლიციელებისთვის სამართლებრივი თავშესაფარია“ – ასეთია ადვოკატის, მაია მწარიაშვილის შეფასება ამ საქმის კვალიფიკაციაზე.
პროკურატურის ვერსიით, „2022 წლის 2 ივლისს შსს-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის, ქობულეთის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო მობილური ტელეფონის ძარცვის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვიდეოკადრებში დაფიქსირებული პირები – პოლიციის თანამშრომლების მიერ გადაყვანილ იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. პოლიციის შენობაში ყოფნისას ხსენებულ პირებს, პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ძარცვის ფაქტის აღიარება და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.“
დღევანდელი სხდომა დაგვიანებით დაიწყო – ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ დაიგვიანა.
„მაპატიეთ დაგვიანება, მაგრამ მანქანა ვერსად გავაჩერე, მერე მომადგა პატრული, მთელი ამბავი იყო,“ – მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს დარბაზში შემოსვლისთანავე ნახევრად ირონიით მიმართა ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ.
„ორმა ბრალდებულმა სხდომაზე დასწრება არ ისურვა, წარმოდგენილია ოქმები,“ – ამ დროს მოსამართლეს ოქმები გადააწოდა სხდომის მდივანმა.
„ვიყენებ ჩემს უფლებას, არ გამოვცხადდე სასამართლოში…“ – დაპატიმრებული პოლიციელის, ირაკლი კაციტაძის ოქმი სრულად ჩაიკითხა მოსამართლემ და იქვე აღნიშნა, მეორე ბრალდებულს, ბექა კუხალაშვილს ახსნა-განმარტების გარეშე უთქვამს უარიო.
„თქვენ ხომ კარგად გესმით ჩვენი ხმა?“ – დარბაზში დისტანციური ჩართვისთვის განკუთვნილ ეკრანს გახედა მოსამართლემ.
„დიახ, მესმის,“ – თქვა ბრალდებულმა მიხეილ ჯინჭარაძემ. მოსამართლემ მას ბრალი გააცნო და განუმარტა, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა გელითო.
„დუმილის უფლებას ვიყენებ, პატივცემულო მოსამართლევ,“ – გაისმა ბრალდებულების პოზიცია, როცა მას მოსამართლემ ჰკითხა, თავს თუ ცნობდა დამნაშავედ.
სამივე ბრალდებული რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. პროცესზე მიხეილ ჯინჭარაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ სტუდენტია. იგი 29 წლისაა.
ბრალდებული ბექა კუხალაშვილი კი, რომელიც ასევე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო, როცა ქობულეთის პოლიციის შენობაში მივლინებით მყოფმა სავარაუდოდ მოქალაქეები აწამა, ზუსტად 20 წლის ყოფილა დანაშაულის ჩადენის დროს – 2022 წელს.
მოსამართლე დაინტერესდა, განიხილება თუ არა მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება. არაო, მოკლედ უპასუხა მოსამართლეს პროკურორმა აკაკი მოქერიამ და მერე შესავალი სიტყვა თქვა.
პროკურორის თქმით, ამ ფაქტის შესახებ დანაშაულის ჩადენიდან 3 წლის შემდეგ გახდა ცნობილი შსს-ს გენინსპექციისთვის, გამომძიებელს დისკი მიაწოდეს ჩანაწერებითო. პროკურორმა დეტალურად აღწერა ის, რაც ვიდეოში ვნახეთ: „თავი მიარტყმევინა კედელს“, „მუშტი ჩაარტყა მუცლის არეში“, „ფეხები ურტყეს“…
პროკურორის თქმითვე, პოლიციელები თავად იღებდნენ ძალადობის ამ შემთხვევას მობილური ტელეფონით.
ადვოკატმა დავით ბრეგვაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ირაკლი კაციტაძე და ბექა კუხალაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობენ. ადვოკატის მტკიცებით, ბრალდება ეფუძნება მხოლოდ „გაურკვეველი წარმოშობის ვიდეო ჩანაწერს“. ამიტომა, იგი ელოდება ექსპერტიზის დასკვნას.
საუბარია ექსპერტიზაზე, რომლითაც უნდა დადგინდეს: ნამდვილად არიან თუ არა ბრალდებულები ის პირები, რომლებიც ძალადობის ამსახველ ვიდეოში ვნახეთ.
„გაურკვეველია, საიდან მოვიდა ეს ჩანაწერი. მეც იგივე პოზიცია მაქვს,“ – პროკურორს გამოხედა ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ. იგი მიხეილ ჯინჭარაძის ინტერესებს იცავს.
შესავალი სიტყვების შემდეგ ადვოკატმა დავით ბრეგვაძემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა: უდავოდ მივიჩნიოთ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების უმრავლესობა, მათ შორის, დაზარალებულების ჩვენებებიო. ადვოკატებმა მოითხოვეს, ამ საქმეზე მხოლოდ გენინსპექციის თანამშრომელი დაიკითხოს, ვიდეო ჩანაწერი გამოიკვლიონ და ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჯერ მზად არ არის.
„ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა მტკიცებულებების გამოკვლევა არ მოხდება, მოწმეებს ვეღარ დავკითხავთ“, – მოსამართლემ დისტანციურად სხდომაზე ჩართულ ბრალდებულს განუმარტა, რა ხდება ამ დროს, როცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს მხარეები უდავოდ მიიჩნევენ.
ბრალდებული ადვოკატს დაეთანხმა.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ განიხილა აღკვეთი ღონისძიების საკითხიც, თუმცა მოსამართლემ სამივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. აქ ბრალდებულმა მიხეილ ჯინჭარაძემ დუმილი დაარღვია და მოსამართლეს უთხრა: „დაზარალებულებს პრეტენზია არ აქვთ…“
„ეს შემდეგ გამოვიყენოთ“, – ხმამაღალი შეძახილით შეაჩერა ბრალდებული ადვოკატმა, ირაკლი ფაღავამ.
დაზარალებულების პრეტენზიის არქონის დადასტურებას ადვოკატები ძირითადად იმ შემთხვევაში იყენებენ, როცა ბრალდებულები ბრალის აღიარებას აპირებენ და შესაბამისად, საპროცესო შეთანხმების მიღწევას.
„არ ვიცით, ბრალდების მხარე თუ წამოვა საპროცესოზე. ვფიქრობ, მისაღებია საპროცესო შეთანხმება, მაგრამ ამ ეტაპზე ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებაზე არ საუბრობს,“ – გვითხრა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ფაღავამ.
ანუ ბრალდებულები ბრალის აღიარებას აპირებენ? – ვკითხეთ ადვოკატს.
„აღირებენ, რა თქმა უნდა, თუ ამას ექსპერტიზა დაადასტურებს. ჩემი სტრატეგია არის საპროცესო შეთანხმების გაფორმება. ეს ჩემი პოზიციაა, როგორც ადვოკატის, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ვნახოთ, ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებენ, შემდგომში გვიჩვენებს პროცესი,“ – დასძინა ირაკლი ფაღავამ.
როცა პროკურატურა ადასტურებს იმას, რომ პოლიციელებმა აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით სცემეს მოქალაქეებს, რა სამართლებრივი ლოგიკით მიიჩნია პროკურატურამ, რომ საქმე გვაქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან ძალადობით და არა წამებასთან? – კითხვები დავუსვით პროკურორ აკაკი მოქერიას პროცესის შემდეგ.
„ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ სისხლის სამართლის საქმის მასალებით, მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებულებისგან მოწოდებული ინფორმაციით. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათი, ხანგრძლივობა, ინტენსივობა არ იძლეოდა წამების, არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაციის შესაძლებლობას. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულიყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ძალადობით,“ – აღნიშნა პროკურორმა.
მას პროცესზე ნათქვამი მისივე სიტყვები გავახსენეთ, მაგალითად, როცა თავად გააჟღერა, როგორ არტყმევინეს მოქალაქეს პოლიციელებმა თავი კედელზე, მუშტები ჩაარტყეს მუცელსა და თავში, ფეხები ურტყეს…
„ამ დროს სილის გაწვნა არის აჭარის პროკურატურისთვის პოლიციელზე თავდასხმა და პოლიციელების მხრიდან ჩადენილი ეს ქმედებები არაა წამება?“ – ვკითხეთ პროკურორს.
„დაზარალებულები განმარტავენ, რომ მათ განიცადეს ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ მიუღიათ დაზიანებები, არ მიუმართავთ სამედიცინო დაწესებულებებისთვის. მათ სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ იყო. ამბობენ, რომ მხოლოდ მათ მიიღეს ფიზიკური ტკივილი,“ – ასეთია პროკურორ აკაკი მოქერიას პასუხი.
პროკურატურის ლოგიკით რანაირად გვაქვს საქმე უფლებამოსილების გადამეტებასთან, როცა ამ პოლიციელებს არანაირი უფლებამოსილება არ ჰქონიათ ძარცვის მუხლით 2022 წელს დაწყებულ გამოძიებაში? – პროკურორ აკაკი მოქერიას თქმით, უბნის ინსპექტორების ფუნქცია იყო „პიროვნების დადგენა“ და ამიტომ აღმოჩნდნენ ისინი დაზარალებულებთან.
„მათი ფუნქცია იყო ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება. იმ მიზნით, რომ მომხდარიყო ძარცვის დანაშაულის ჩამდენის პირების დადგენა და შემდგომში მათი დაკავება,“ – ამბობს პროკურორი აკაკი მოქერია.
პროკურორისვე თქმით, მოქალაქეებს, ვისზეც პოლიციელებმა იძალადეს, საბოლოოდ, არ მიუციათ აღიარებითი ჩვენება და 2022 წლის ძარცვის საქმეზე სრულიად სხვა პირი მიეცა პასუხისგებაში.
სამი პოლიციელიდან ორს გამოძიების დაწყების შემდეგ – 2026 წლის 5 და 6 თებერვალს დაუტოვებია პოლიცია თავისივე სურვილით, ერთს კი, 2024 წელს.
მთავარი ფოტო: პროკურორი აკაკი მოქერია და ადვოკატი ირაკლი ფაღავა
___
ამ თემაზე:
რას მალავს პროკურატურა მოძალადე პოლიციელების საქმეში – პროცესი ხვალ გაიმართება