ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის სახელის თავიდან შესარჩევად, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობისათვის ხელახლა გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი 2026 წლის 9 ივლისს დასრულდება. წინა აუქციონი, რომელიც 2026 წლის აპრილში დასრულდა, არ შედგა.

აუქციონის წლიური საწყისი ღირებულება ამჯერადაც 1 750 000 ლარი, ხოლო აუქციონის ბიჯი კვლავ 43 800 ლარია.

ახალი აუქციონის პირობების მიხედვით:

„აუქციონში გამარჯვებულს მიენიჭება ბათუმის საფეხბურთო სტადიონისათვის სახელის დარქმევის უფლება და შედეგად, განისაზღვრება სტადიონის ახალი სახელწოდება;

სტადიონისათვის სახელის დარქმევის მიზნით შერჩეული სახელის ფორმულირება უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ პრაქტიკას, უნდა მოიცავდეს სიტყვა „არენა“-ს და საბოლოო დამტკიცებისათვის უნდა წარედგინოს შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“.

სურვილის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულმა, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიასთან“ შეთანხმებით, საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს სტადიონის ახალი სახელწოდების მოცულობითი ასოებით განთავსება ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გარე პერიმეტრზე; ან/და  ბათუმის საფეხბურთო სტადიონის შენობის სახურავზე [ზედხედზე] საკუთარი ხარჯებით დაიტანოს სტადიონის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი წარწერა;

სტადიონის გარე ფასადი, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიასთან“ შეთანხმებული პერიოდულობითა და ხანგრძლივობით (არაუმეტეს კვირაში 7 საათისა) განათდება აუქციონში გამარჯვებულის კორპორატიულ ფერში. ამავე კორპორატიულ განათებაზე, შესაძლებლობის ფარგლებში განხორციელდება სტადიონის ახალი სახელწოდების ან/და აუქციონში გამარჯვებულის ლოგოს გამოსახვაც (დამოკიდებულია წარწერის სირთულესა და ლოგოს დიზაინზე);

„აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ აუქციონში გამარჯვებულს, ხელშეკრულების მოქმედების ვადით, სარგებლობის უფლებით გადასცემს ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მდებარე ერთ ბიზნეს-ბოქსსა და 5 საპარკინგე ადგილს;

აუქციონში გამარჯვებულს მიეცემა ბათუმის საფეხბურთო სტადიონის შიდა პერიმეტრზე რეკლამის ან/და სტადიონის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი ბანერების განთავსების უფლება, არაუმეტეს 3 ბანერისა;

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გასამართი ღონისძიებების (მათ შორის სპორტული, კულტურული და ა.შ.) ბილეთებზე, ღონისძიების ჩატარების ადგილად მიეთითება სტადიონის ახალი სახელწოდება;

„აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“ მიერ განხორციელებული მასობრივი კომუნიკაციისას, სტადიონი მოხსენებული იქნება ახალი სახელწოდებით;

ზემოაღნიშნულის გარდა, სხვა დამატებითი აქტივობები დასაშვებია შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიასთან“ შეთანხმებით (სხვადასხვა სახის სარეკლამო-საიმიჯო აქტივობები/კამპანიები და მისთ.).

აუქციონის შედეგების გათვალისწინებით ხელშეკრულება ძალაში შევა არაუადრეს 2026 წლის 23 ივლისისა და მოქმედი იქნება 5 წლის განმავლობაში.“

„აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ არის სახელმწიფო შპს, რომლის 100 პროცენტი წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version