ავტორი: ნათია კაპანაძე, ნიუ იორკი
___
2026 წლის წვიმიანი და ცივი 23 ივნისია ნიუ იორკში. როგორც ყველა ქართველი ემიგრანტი, ჩემი დღე სოციალურ ქსელებში ქართული რეალობის დაზუსტებით იწყება. ნეტავ რა მოხდა ამ დროში – ვისი პროცესი შედგა, ელენე ხოშტარიამ თუ წაიკითხა მზია ამაღლობელის წერილი, ან მარიამ მეყანწიშვილის პატარა შვილი როგორ უმკლავდება დედის კიდევ ერთ სასამართლოს, ექიმებმა თუ გააპროტესტეს პედიატრის დაპატიმრება…
ვხსნი ფეისბუქს. დილის ექვს საათზე ნიუსფიდში სულ სხვა მთავარი ამბავი ამოხტა. რუსების მიერ მოკლული გიორგი ანწუხელიძის ფოტოა წარწერით – „საიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო“.
თურმე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეებზე (Malachini and Others v. Russia, nos. 9184/09 and 22580/10, 23.06.2026) დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების დარღვევა.
ზუსტად ამ დღიდან, ზუსტად ამ გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას ოფიციალურად შეერაცხება გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურისა და უშანგი სოფრომაძის მკვლელობა და ამ ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიება; გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა კუთაშვილის, მალხაზ მელაძისა და კახაბერ ზირაქაშვილის წამება და ამ ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიება.
ევროპულმა სასამართლომ ოკუპანტ ქვეყანას ჯამურად ყველა მომჩივნისთვის სამართლიანი დაკმაყოფილების სახით 395 000 ევროს გადახდა დააკისრა.
ამ განაცხადებით გამახსენდა, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში 53 საჩივარი წარადგინა. ასე გამოდის, რომ ორგანიზაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა ინტერესებს უკვე 18 წელია ერთგულად იცავს სტრასბურგის სასამართლოში. უდიდესი საქმეა – 400-მდე ადამიანის და მათი ოჯახების ტრაგედიებით სავსე.
ახლა სამოქალაქო სექტორი „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონებით უკვე ჩამოშლილია ქვეყანაში. საია ყოველთვის მიზანშია ამოღებული. თუმცა განცხადებაში მითითებულია, რომ გუნდი მომავალშიც გააგრძელებს რუსული ოკუპაციის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებას.
ზუსტად ვიცი, რომ გააგრძელებს.
დღეს ყველაზე მეტად მჯერა, რომ მოიგებს.
18 წლის წინანდელი საია გამახსენდა.
კერძო უნივერსიტეტში ვსწავლობდი 2002 წლიდან. როცა კორუფციისგან ყარდა განათლების სისტემა, საია იყო რაღაც ახალი, რაღაც თანამედროვე. არსად ისეთი საოცნებო არ იყო ყოფნა, როგორც საიას გუნდში. ცხოვრების ტემპიც სხვანაირი ჩანდა საიას კედლებში.
იმ დროს კი, აგვისტოს ომის დროს, საიას იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატის თანაშემწე ვიყავი და პარალელურად, საიას იურიდიულ ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი.
ომის შემდეგ თითქოს დადუმდა ორგანიზაცია. პროექტები საგანგებო რეჟიმში გადავიდა. ყველაზე მეტად ე.წ. „სტრასბურგების ოთახის“ ხალხი დამაკლდა.
მათ ოთახში სულ სინათლე ენთო, თუმცა თავად იშვიათად ჩნდებოდნენ სხვა სივრცეებში. სხვადასხვა წყაროზე სამუშაოდ თუ შემოდიოდნენ ბიბლიოთეკაში. მე, ერთადერთი, რაც შემეძლო, 13 000 ეგზემპლარში უფრო სწრაფად მეპოვა მათთვის სასარგებლო მასალა. ეგ იყო და ეგ.
ის მცირე მონაწილეობაც კი მაბედნიერებდა. ზუსტად ვიცოდი, ჩემ გვერდით ადამიანები ისტორიას წერდნენ. წერდნენ ომზე და გადარჩენაზე. აგროვებდნენ ფაქტებს და მტკიცებულებებს. ყველაზე მაღალი კვალიფიკაციით აღწერდნენ ჟამს, ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს არსებობისთვის საშიშ ჟამს.
„სტრასბურგის ხალხი“ მძღოლების ოთახშიც აღარ ჩანდა ხშირად. საიას მოვლენების ეპიცენტრი არა თავმჯდომარის და აღმასრულებელი დირექტორის კაბინეტი, არამედ მძღოლების ოთახი იყო. ამ ოთახში ვუყურებდით მნიშვნელოვან დებატებს, თანამშრომლების სატელევიზიო გამოსვლებს, ფეხბურთის მატჩებსაც კი.

აქედან ვაცილებდით თანამშრომლებს და აუცილებლად აქ ვსვამდით გუნდის ახალი წევრის სადღეგრძელოს. ამ ოთახში იჭრებოდა თანამშრომელთა დაბადების დღეების ტორტები ისე ოსტატურად, რომ რამდენი თანამშრომელიც არ უნდა ყოფილიყო და რამხელა ტორტიც არ უნდა გვქონოდა, მაინც ყველას ჰყოფნიდა.
ასეთ სამუშაო სივრცეში ზუსტად იცი, როდის აქვს თანამშრომლის ბავშვს სიცხე, როგორ აცდენს დედა ან მამა ბაღის ან სკოლის ზეიმს, როდის ვერ მიდის დაბადების დღეებზე… არ ეცალა, ამ საქმეებზე მომუშავე არცერთ ადამიანს არ ეცალა.
საზღვრისპირა სოფლებში მტკიცებულებებსაც ეს იურისტები აგროვებდნენ.
– „ჰე, წევედით ახლა. რას იტყვით, საღამოს 8 საათამდე დავბრუნდებით?“ – აზუსტებდა ხოლმე ერთი მძღოლი. თითქოს იურისტებისგან ითხოვდა გარანტიას, რომ ნამდვილად დაბრუნდებოდნენ, რომ რუსები საზღვარს არ გადმოწევდნენ მოულოდნელად, ან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრისას, საომარი მოქმედებები არ დაიწყებოდა.
ეს გარანტია არც იურისტებს ჰქონდათ, არც აღმასრულებელ დირექტორს და არც ქვეყანას. არ გვქონდა ჩვენც, დანარჩენ თანამშრომლებს, ყოველ საღამოს ველზე გასული ჯგუფის დაბრუნებას რომ ველოდით.
– „აბა, დავეშვით, მტრებს დედა ვუტიროთ“ – იტყოდა ხოლმე მეორე მძღოლი. თავისი ამ მონაწილეობით, ზუსტად იცოდა, რა რისკზეც მიდიოდა, რა დიდ როლს ასრულებდა და რა შედეგს მოუტანდა ერთ დღესაც ქვეყანას.
როდესაც ერთ მხარეს ბირთვული სახელმწიფოა თავისი მონსტრი აპარატით, შავბნელი ისტორიით და იმპერიალისტური ჩანაფიქრებით, ხოლო მეორე მხარეს – თბილისის ერთ პატარა ოფისში მომუშავე გუნდი, გამარჯვების შანსი ნულს ჰგავს. მაგრამ ბრძოლა უფლებებისთვის უმცირესობების სიმამაცით იქმნება.
ესეც საიაში ვისწავლე. რაც იქ ვნახე, რაც იმ კედლებში განვიცადე სხვებთან ერთად, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ვინმე „უსამშობლოებიო“ იტყოდა. წლები ყველაფერს არქმევს ხოლმე სახელს. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გახდება ცხადი, რა დიდი როლი აქვს ქვეყნის ისტორიაში სამოქალაქო სექტორს, დამოუკიდებელ მედიას და განათლებულ ადამიანებს.
ვხურავ ნიუსფიდს. თუმცა არა – რომელიღაც გასართობ გვერდს მოკლე ვიდეო უდევს, როგორ იწმენდს ცრემლებს საიას თავმჯდომარე პრესკონფერენციაზე. ის ტირის. ტირის საიას ყველა თაობის ნაცვლად და ალბათ, ახლა ყველა ტირის. ყველა, ვინც რუსული კოშმარი გადაიტანა, სახლები დაენგრა, ახლობლები დაკარგა, ვინც ეს ისტორია გადაარჩინა.
მეც ვტირი და დროა ნიუიორკულ გამოწვევებს დავუბრუნდე.
სულ ვცდილობ დავარქვა სახელი ემიგრაციას: ხან ციხეს ჰგავს, არც მოკლევადიანი და არც გრძელვადიანი პაემნები რომ არ აქვს შენი საყვარელი ადამიანების სანახავად. ხან გალიაა, მოძრაობ და დაგყვება, მაგრამ ყველგან ვერ მიდიხარ. ყველაზე მეტად, ნანგრევების ქვეშ ცხოვრებას ჰგავს ჩემთვის ემიგრაცია. რამდენადაც მეტად გიყვარს სამშობლო, მით უფრო მეტი ნანგრევია ირგვლივ. და ამ ნაშალ რეალობაში შენ სადღაც ქვემოთ გვირაბებში დადიხარ.
ამ გვირაბებში მეტი შანსებიც კია: შეიძლება გამოიმუშაო მეტი ჰონორარი, შეხვდე ბოტიჩელის ან რაფაელის ნახატებს, შესაძლოა 20 დოლარად იყიდო რომელიმე ბრენდის კაბა, ხელი მიგიწვდებოდეს საქართველოში უკვე ცეცხლწაკიდებულ საკვებ პროდუქტებზე, ამ ნანგრევების ქვეშ იპოვი უკეთეს სამედიცინო სერვისებს, შეხვდები ბევრ საინტერესო ახალ ადამიანს, ცათამბჯენებს, სანაპიროებს, ჩანჩქერებს, კანიონებს…
მაგრამ
ამ საკვებს ვერ გაიყოფ შესვენებაზე შენ საყვარელ თანამშრომლებთან, ამ კაბით ვერ მოხვდები შენი უახლოესი მეგობრის ქორწილში, ვერ გაუზიარებ ემოციას შენი ოჯახის წევრებს, მსოფლიო შედევრებით დამუნჯება როცა გაგივლის, ვერ… ახალი წრე? კი ბატონო, მაგრამ ეს შენი სამშობლო არ არის, უცხო ხარ, შენი ცა არ არის, მზე სხვანაირია.
დღესვე საიამ სტრასბურგში მოიგო საქმე ბათუმში კარვის გაშლისთვის ახალგაზრდა კაცი რომ დასაჯეს. იცით რას ითხოვდა ეს კაცი – ბავშვებისთვის უფასო კვებას. რა სახელმწიფო ხარ, როცა შენ მომავალ თაობას შია? და ვინც ამას გთხოვს, ვინც გაუმჯობესებისკენ გიბიძგებს, ასე სჯი?
კიდევ უფრო მეტად მინდა აი აქედან, „ნანგრევების ქვემოდან“ სკოლებში ბავშვთა სრულფასოვანი კვების და სასკოლო განათლების წესები საქართველოში გადმოვიტანო. ერთ დღესაც გადმოვიტანო. აი, ამ გვირაბის ბოლოს სინათლე რომ გამოჩნდება და „ემიგრანტოლოგის“ დიპლომით დავბრუნდები.
ისევ გამახსენდა „წავედით მტრებს დედა უნდა ვუტიროთ“. და ვფიქრობ, მართლა როგორ ვამარცხებთ მტერს ათასწლეულების განმავლობაში? ვამარცხებთ ნელ-ნელა, ჯიუტად და უეჭველად. საუკუნეების მანძილზე გენში ჩაშენებული ინსტინქტითა და კარნახით.
რა დასამალია, ყველაზე სევდიან მომენტებში, მეც მიფიქრია, ნეტავ რა იქნება საუკუნეების შემდეგ? სხვები ჩვენსავით რომ ისწავლიან ისტორიას, სახელებს, ბიოგრაფიებს. დაინტერესდებიან რატომ ქრებოდა სინათლე, შეაფასებენ სამოქალაქო საზოგადოების როლს, გაუსაძლის კრიზისს. ალბათ, ბევრსაც იღადავებენ კარვის გაშლისთვის თუ სიმართლის დაცვისთვის ჩვენთვის მოსჯილ სასჯელებზე, წყლის ჭავლზე, ჟურნალისტების პარლამენტიდან გამოყრაზე.
სილის გაწვნის თუ ბანერის დაჩხაპნის გამო ქალების დაპატიმრებაც გააოცებთ. გაუკვირდებათ სკოლებში მშიერი ბავშვები რატომ ჰყავდა ქვეყანას.
კიდევ ვინ მოსთვლის?
ისტორია მოსთვლის. ისტორია ყველაფერს მოსთვლის. მომავალი თაობები შორიდან, ძალიან, ძალიან შორიდან მიხვდებიან, ამ დიდ და უთანასწორო ბრძოლაში როგორ მოუგო საიამ რუსეთს.