„ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ. რა აღარ გამოვიარე და ასეთი საშიშროება ჯერ არ მიგრძნია, რასაც დღეს ვგრძნობ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვაჟა ზოიძე. ის ხულოში, სოფელ დეკანაშვილებში ცხოვრობს.

1989 წელს, საბჭოთა კავშირის წლებში, ვაჟა ზოიძემ ხულოს ცენტრში ღამის საათებში ლენინის ძეგლი ჩამოაგდო – ამაყობს, ბათუმს დავასწარით ხულომო. დღეს ვაჟა ზოიძე სამოქალაქო წინააღმდეგობის წევრია და 26 მაისის დემონსტრაციაზეც ჩავიდა თბილისში.

„დამოუკიდებლობაზე უფრო ძვირფასი რა უნდა იყოს? თავისუფლებას ისევ ემუქრება საშიშროება. ისევ თუ შევტრიალდებოდით რუსეთისკენ ჭავჭავაძის სამშობლოში და ასეთი დემონები თუ მოვიდოდნენ, რა მეგონა?“ – გვიყვება ვაჟა ზოიძე. – „გუშინ დავაკვირდი „ოცნების“ გამოსვლას და საერთოდ არ უხსენებიათ ჩვენი გმირები, საოკუპაციო ხაზთანაც ვერ ჩადიან სირცხვილით…

ევროპას საერთოდ ზურგი ვაქციეთ. ჩართავ ტელევიზორს და მხოლოდ ევროპის ლანძღვა-გინება ისმის ამ „ოცნებისგან“. ეს არის პირდაპირი გაგებით რუსული მთავრობა. რატომ? – ვერ ხედავთ, კანონს კანონზე იღებენ, რომ როგორმე დაგვაჯარიმონ, დაგვაპატიმრონ. ხალხის საკეთილდღეოდ მიღებული კანონი არ მინახავს მე ამათ ხელში.

„ოცნებას“ ოჯახით გვერდით ვედექი, ლომის წვლილი მაქვს ხულოში ამათ გაძლიერებაში, რა გგონიათ? 2016 წლიდან მივხდი, რომ უკუსვლაა ყველაფერში. ომი რომ დაიწყო უკრაინაში, მერე უკვე პირდაპირ გამოჩნდა ყველაფერი – გამოავლინეს რეალური სახე.

ახლაც რომ ვინმეს არ დავუფინანსებივარ, არც ტრანსპორტი და არაფერი – ჩემი პენსიის დანაზოგი ავიღე და წავედი თბილისში.

ისე გამიხარდა, იმდენი ხალხი რომ დამხვდა რუსთაველზე. დრო იყო, არ ვაკლდებოდი არცერთ აქციას თბილისში. ეს იყო მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას დროს…

გუშინ თბილისის აქციაზე რომ ვიყავი, რაღაც სხივი გამოჩნდა, ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს,“ – გვითხრა ვაჟა ზოიძემ.

ვაჟა ზოიძე

რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომ ივანიშვილს უკანდახევა მოუწიოს? – ვეკითხებით მოქალაქეს.

„ოპოზიცამ, პირველ რიგში, ხალხთან უნდა იმუშაოს. უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ აი, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ.

ხალხი ყველაფერს ხედავს. არ გეგონოთ, რომ ხალხი რამეს ვერ ხედავდეს, მაგრამ უმეტესობა ვერ ლაპარაკობს. ერთმანეთის პირისპირ რომ დავჯდებით, ყველა მხარს გვიჭერს – ჩვენ რა, საქართველოს თავისუფლებას უჭერს მხარს.

ბევრი ვერ ამბობს ღიად თავის სათქმელს – პოლიციური რეჟიმია.

მომისმენია: რა აზრი აქვს ოპოზიციის ხალხში სიარულს, დაშინებულია ხალხიო. მე კი ამას ვიტყოდი: მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ ნულიდან დაიწყეს ხალხთან მუშაობა, საბჭოთა კავშირის დროს, მაშინ ჰქონდა აზრი და ახლა არ აქვს?“ – ოპოზიციის მიმართ უკმაყოფილებასაც არ მალავს მოქალაქე.

  • როგორ ჩამოაგდეს ლენინის ძეგლი ხულოში? 

„იყო ხულოში რამდენიმე აქტიური ბიჭი, მათ შორის, ბადრი მელაძე, ვახტანგ აბულაძე… არ მოგვწონდა საბჭოთა კავშირი და თბილისში წავედით, იქ მერაბ კოსტავას შევხვდით.

შემდეგ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია ხულოში გვესტუმრნენ. ჩემს მეგობართან მერაბ კოსტავას ღამეც აქვს გათეული… მერაბი იყო მართლაც გამორჩეული პიროვნება, რომ მოგესმინათ, როგორ საუბრობდა რუსეთზე – სასტიკი იყო. მერაბი განსაკუთრებით მიყვარდა. ეს იყო ალალი კაცის განსახიერება.

თანდათან აგორდა ეს საპროტესტო ტალღა. ხულოში გამოდიოდა გაზეთი „საჩინო“ 1988 წელს. პოპულარული გახდა „სახალხო ფრონტი“. 9 აპრილიდან მე-40 დღეს კულტურის სახლის შენობაზე აღვმართეთ ეროვნული დროშა, მერე მივხედეთ ლენინის ძეგლს,“ – გვიყვება ვაჟა ზოიძე და დროშის აღმართვის ფოტოსაც გვაჩვენებს, სამწუხაროდ, ძეგლის ჩამოგდების ფოტო არ მაქვსო.

„ხულოში ლენინის ძეგლი 1989 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩამოვაგდეთ, დეტალებში გაინტერესებთ მართლა?“ – ვაჟა ზოიძე სიხარულს არ მალავს, როცა ამ ამბის გახსენებას ვთხოვთ:

„იმ დღეს ბადრი მელაძემ ჩაატარა ხულოს ცენტრში მიტინგი, რომელსაც მე ვერ დავესწარი, რაღაც საქმე მქონდა. საღამოს ჩავედი რაიონში და მითხრეს, დღეს ლენინის ძეგლის ჩამოგდებას აპირებდნენ, მაგრამ ხალხმა შეუშალა ხელი, წინ გადაუდგაო. კაგებემ შეუშალა ხელი სინამდვილეში – როგორც დღეს ხდება, ისე.

გავბრაზდი: თუ ითქვა ძეგლის ჩამოგდება, ბოლომდე რატომ არ მივიყვანეთ საქმე, რას იტყვის ახლა ხალხი-მეთქი და იმავე ღამეს შევკრიბე რამდენიმე ბიჭი. წავიღეთ კიბე, ტროსი და სატვირთო მანქანა „ზილი“.

მივედით ლენინის ძეგლთან და მოვიდა ხულოს პოლიციის უფროსის მოადგილე: ჩემი სმენაა და ამაღამ ნუ იზამთო. ვუთხარი, აჯობებს კიბე დაგვიჭირო-მეთქი.

ეს ლენინის ძეგლი გამოცვალეს თურმე და ბოლოს იმ სიმაღლე ძეგლი დაუდგამთ, ვერ ასწვდა კიბე. ავედი და ფეხებზე გამოვაბი თოკი. დავქაჩეთ სატვირთოთი და ტროსი გაწყდა – თურმე, მთელი არმატურებითაა გამაგრებული ძეგლი ფეხების მხარეს. ბიჭები მეუბნებიან, მოდი, საღებავი გადავასხათ და წავიდეთო. ვუთხარი, რომ არსად არ წავალთ.

ამასობაში, ის პოლიციელი წავიდა და მარტო დავრჩით. ჩემი იდეა იყო, ბეჭებზე დაედგათ კიბე, ანუ ასე კიბის სიმაღლე გაიზრდებოდა. მართლაც ასე მოვიქეცით – ლენინის ძეგლს ყელზე გამოვაბი ამჯერად ტროსი. კიდევ ერთი დაქაჩვა და ძირს ეგდო ლენინის ძეგლი,“ – 1989 წლის ამბის თხრობა დაასრულა ვაჟა ზოიძემ.

  • რა არის საჭირო დღეს?

„უბრწყინვალესი ახალგაზრდები გვყავს, ხომ ნახეთ, რა შეძლეს ახლაც, ბავშვებისთვის წამლის ფული რომ შეაგროვეს? დიდებული საქმე გააკეთეს. ვფიქრობ, ამ ახალგაზრდებთან უნდა გაერთიანდეს ყველა, მათ შორის, პოლიტიკური ძალები. პირველი რიგის ამოცანა უნდა იყოს ახალგაზრდების ირგვლივ გაერთიანება და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მით უმეტეს, თავისუფლებისთვის. ივანიშვილს მოკავშირედ მხოლოდ ერთი – პუტინი დარჩა და ისიც წყალწაღებული ხავსს ეჭიდებაო, ისეთ დღეშია. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ამათი საქმე წასულია.

ბოროტს უნდა ვძლიოთ, რომ ვიყოთ თავისუფალი, რომ ჩვენი ხასიათი გამოვლინდეს. ჩვენ მონობაში ვერ გავძლებთ. ეს გამორიცხულია,“ – გვითხრა ვაჟა ზოიძემ.

Exit mobile version