ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.
2026 წლის 21 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა, რომლითაც მოთხოვნილია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და პარტია „ფედერალისტების“ აკრძალვა.
„პარტიების აკრძალვით იზღუდება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების და მათში გაერთიანებული პირების უფლებები, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციის მიერ მინიჭებული უფლება – განახორციელოს ხელისუფლება.
საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, პოლიტიკური პარტიების თავისუფალი საქმიანობა პლურალიზმისა და დემოკრატიის ფუნდამენტური კომპონენტია.
პარტიათა აკრძალვა დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელი არ არის დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ამავდროულად, არ უნდა არსებობდეს უფრო მსუბუქი საშუალება იმავე მიზნის მისაღწევად.
პარტიის აკრძალვა უკიდურესი და პრაქტიკულად შეუქცევადი ზიანის მიმყენებელი ზომაა, შესაბამისად ეს ზრდის სასამართლოს პასუხისმგებლობას აღნიშნულ დავასთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგენილი სარჩელი არ შეიცავს საჭირო ფაქტობრივ მტკიცებულებებსა და სამართლებრივ არგუმენტებს, რაც შესაძლებელს გახდიდა თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის მოხმობას. კონკრეტული დანაშაულები, ასეთის არსებობის შემთხვევაში კონკრეტულ პირებს უნდა შეერაცხოთ, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიძლება ამართლებდეს ლეგიტიმურ მიზანს. დემოკრატიული კურსიდან მკვეთრი გადახვევის, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევის, ძალადობრივი კანონშემოქმედების, მედიასა და არასამთავრობო სექტორზე მნიშვნელოვანი წნეხისა და რეპრესიების ფონზე, შეუძლებელია თავდაცვისუნარიანმა დემოკრატიამ თავისი დანიშნულება შეასრულოს,“ – აღნიშნულია საიას მიერ მომზადებულ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში.
საია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „ოცნება“ თავის სარჩელში ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნას ეყრდნობა, რომლის გაზიარებაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არ იქნება სწორი.
საია მოსაზრებაში მიუთითებს „ოცნების“ მიერ პოლიტიკური ძალებისთვის უკვე შექმნილ რეალობაზე:
„სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს არსებითად მძიმე პოლიტიკური კონტექსტის პირობებში, რომელიც ხასიათდება: ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში თავმოყრით, დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპების თანდათანობითი ეროზიით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და ავტონომიური სამოქალაქო სივრცეების სისტემური შევიწროებით, ასევე, სამართლებრივი ჩარჩოს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ინსტრუმენტალიზაციით.
2019-2024 წლების პერიოდის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, საქართველო კლასიფიცირდება როგორც ჰიბრიდული პოლიტიკური სისტემა, რომელიც ავტორიტარული მმართველობის მიმართულებით ვითარდება.
ამ გარემოში პარტიის აკრძალვის პროცესის განხილვა სასამართლოსგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს და საერთაშორისო სტანდარტების მკაცრ გათვალისწინებას მოითხოვს.
„პლურალიზმის გარეშე დემოკრატია შეუძლებელია“. სწორედ ამიტომ, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შეფასება არა იზოლირებულად, არამედ იმ პოლიტიკურ/ისტორიული გარემოს გათვალისწინებით, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს დემოკრატიული პრინციპების დაცვისას,“ – ვკითხულობთ მოსაზრებაში.
საია პარალელს ავლებს ბელორუსთან, სადაც მსგავსი მიდგომებით დაასუსტეს და გააქრეს ოპოზიცია:
„ბელარუსში პარტიათა ლიკვიდაცია გამოიწვია ახალი კანონის მიღებამ 2023 წელს, რითაც მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება გაუჩნდათ.
ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ უარი განაცხადა ხელახლა რეგისტრაციაზე, ხოლო ზოგმა არასრული ინფორმაცია წარადგინა. შედეგად, იუსტიციის სამინისტრომ მიმართა უზენაეს სასამართლოს მათი ლიკვიდაციისთვის.
ახალი კანონის ფარგლებში მხოლოდ იმ პარტიების ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდა, რომლებიც პროსახელისუფლებლო იყვნენ.
ამ კანონის ფარგლებში დაიხურა არაერთი პოლიტიკური პარტია, რომლებიც წლებია ბელარუსში ოპერირებდნენ. ბელარუსის სახალხო ფრონტის პარტია, რომელიც 1993 წლიდან ფუნქციონირებს და ქვეყნის უძველეს ოპოზიციას წარმოადგენს, აგრეთვე დაექვემდებარა ლიკვიდაციას.
როგორც პრეზიდენტმა ლუკაშენკომ განაცხადა, ახალი კანონმდებლობის მიზანს წარმოადგენდა „სათამაშო მოედნის გაწმენდა დეკორაციული ორგანიზაციებისგან და იმ პოლიტიკური პარტიებისგან, რომელთა მიზანიც კონსტიტუციური წესწყობილებისთვის ძირის გამოთხრას წარმოადგენდა“.
საყურადღებოა, რომ ბელარუსის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 110 -წევრიან წარმომადგენელთა პალატაში არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი აღარ იყო წარმოდგენილი…“ – ვკითხულობთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრებაში.