„ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლითაც სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების უფლება ექნებათ  სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების მოადგილეებსაც.

კერძოდ, ცვლილება შედის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში.

კანონპროექტით, სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო შეიძლება მიეცეს საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის.

სახელფასო დანამატი ან ფულადი ჯილდო შეიძლება გაიცეს ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სახელფასო დანამატის ერთდროული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი თანამდებობისათვის/პოზიციისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს 1 თვის ოდენობას, ხოლო წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი სახელფასო დანამატის ოდენობა – თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს.

ხოლო ფულადი ჯილდოს შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს.

ამავე კანონპროექტით, 5%-ით იზრდება საჯარო უწყებებში ხელშეკრულებით დასაქმებულთა საშტატო ნუსხა. ცვლილება არ ეხება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებებს. ამ უწყებებში ისევ 10 %-იანი ზღვარი დარჩა.

„საჯარო დაწესებულებაში   ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 15%-ს.

ამ შეზღუდვიდან გამონაკლისი დაიშვება საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით,“ – ვკითხულობთ კანონპროექტში.

Exit mobile version