„ეთიკურ, სამართლებრივ და ყველანაირ ჩარჩოს გასცდნენ საჯარო მოხელეები, მათი ქმედება შეიძლება ჩვეულებრივად დავაკვალიფიციროთ, როგორც „ტიტუშკების“ ქმედება, რომელიც იყო წახალისებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. ადმინისტრაციული ორგანო უნდა იყოს მიუკერძოებელი, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში, ხელვაჩაურის მერიისგან განსხვავებულ განცხადებას ნამდვილად არ ველოდი,“ – ამბობს ჟურნალისტი მალხაზ ჭკადუა.
მას ხელვაჩაურში 7 მაისს მომხდარ შემთხვევაზე ვესაუბრეთ – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე სინდისის პატიმრების მშობლებს საჯარო მოხელეები დაუპირისპირდნენ და „ბათუმელებისა“ და „აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტებს შეუშალეს ხელი პროფესიულ საქმიანობაში.
სინდისის პატიმრების მშობლები ხელვაჩაურის მერიის მიმდებარედ სინდისის პატიმრების შესახებ გაზეთებს ავრცელებდნენ. იქ მყოფი საჯარო მოხელეებისგან აგრესია სწორედ ამას მოჰყვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ხელვაჩაურში მომხდარ შემთხვევაზე შსს-ს გამოძიება არ დაიწყო. „ბათუმელები“ დღეს, 8 მაისსა დაუკავშირდა ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრს და სცადა გარკვევა, დაიწყო თუ არა საქმისწარმოება ხელვაჩაურის მერიამ. შეკითხვა ხელვაჩაურის მერიაში უპასუხოდ დატოვეს.
„ბათუმელებმა“ მალხაზ ჭკადუასთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი ჟურნალისტია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსი:
- ბატონო მალხაზ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის ხელვაჩაურის შემთხვევიდან, ხელვაჩაურის მერიასთან სინდისის პატიმრების მშობლებს და ჟურნალისტებს საჯარო მოხელეები აგრესიულად დაუპირისპირდნენ…
ეს შემთხვევა შეიცავს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს: ვგულისხმობ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას. ნორმალურ სახელმწიფოში გამოძიება უკვე დაწყებული იქნებოდა იმ პირების მიმართ, რომლებიც ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად იწევდნენ მათ მიმართ.
ამავდროულად, ჩნდება შეკითხვა: როგორ მოხვდნენ ზაზა დიასამიძის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების ნათესავები ამ პოზიციებზე, რომელთაც ეს ადამიანები – კონფლიქტში ჩართული პირები იკავებენ? თუ ეს ადამიანები მოხვდნენ ზაზა დიასამიძის და სხვა თანამდებობის პირების თანამდებობაზე ყოფნის დროს ამ პოზიციებზე, მაშინ საქმე გვაქვს ნეპოტიზმთან. თუ ეს ადამიანები მანამდეც მუშაობდნენ მერიაში, გამოდის, რომ ეს ისინი კარგად იყენებენ საკუთარ ნათესაურ კავშირებს პარტიული, პოლიტიკური, აგრესიული ხაზი რომ გაატარონ მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ.
მათი ქცევა ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მათ ამ ნაბიჯებს არ მოჰყვებოდა არავითარი სამართლებრივი რეაგირება და ამაში ისინი თითქოს სრულიად დარწმუნებულები იყვნენ. ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ქმედება კოორდინირებული იყო და გაცილებით მაღალი თანამდებობის პირებისგან მიიღეს დავალება.
- წახალისების მოლოდინი ჰქონდათ აგრესიისთვის და ასეც მოხდა?
რა თქმა უნდა. სამართლებრივი ნაწილი რომ გვერდზე გადავდოთ, მორალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სინდისის პატიმრის მშობელს ეუბნება საჯარო მოხელე: „უდანაშაულო თუ არ იყო, როგორ მოხვდა ციხეშიო“.
ხელვაჩაურის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადება კი აცდენა რეალობასთან. ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადანაშაულა ჟურნალისტები პროვოკაციასა და კონფლიქტის გაღვივებაში, ამ დროს კი, საჯარო მოხელეების, იურიდიული პირების წარმომადგენლები, რომლებიც იმართებიან ხელვაჩაურის მერიის მიერ – სწორედ მათი ქცევა იყო პროვოკაციული, იმის მცდელობა, რომ ვითარება გაემწვავებინათ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ ადამიანებისთვის.
დავინახეთ უმოქმედო პოლიცია. ეს არის ადგილი [ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ], სადაც რამდენიმე ეკიპაჟი გამუდმებით გადაადგილდება. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ ვითარება საპირისპიროდ: პატიმრების ოჯახის წევრებს ან ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიეყენებინათ საჯარო მოხელეებისთვის, დღეს რამდენიმე ადამიანი მინიმუმ ადმინისტრაციული წესით იქნებოდა დაპატიმრებული.

შესაბამისად, შერჩევითი სამართალი, ნეპოტიზმი, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, გამოხატვის თავისუფლებაში ხელის შეშლა, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონით გათვალისწინებული გარემოებების უგულებელყოფა – სხვადასხვა სამართლებრივი ნორმა უნდა ამოქმედებულიყო ცივილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ამ საჯარო მოხელეების მიმართ.
„ოცნებამ“ ვერ გატეხა პოლიტიკური პატიმრების მშობლები, ვერავინ ვერ მოისყიდეს, ვერავინ ვერანაირ გარიგებაზე ვერ დაიყოლიეს. შესაბამისად, არიან გაბოროტებულები.
ქუჩა-ქუჩა გაზეთების დარიგება იქნება, თუ ლაგოდეხიდან ბათუმში ჩასვლა, ზუგდიდში ჩასვლა, ქუთაისში და ყველგან დროშის ფრიალი, ხმამაღლა საუბარი იმაზე, როგორი ძლიერი, ამაყი და თავისუფალი შვილები ჰყავთ – „ოცნების“ მხარდამჭერებისა და მათი ტიტუშკებისთვის გაუგებარია. ამიტომაც, ერთადერთი ძალა, რასაც ისინი მიმართავენ, ეს არის უსირცხვილო ტყუილი და პროპაგანდა, აგრესიის გზა.
- ამ პროპაგანდის ნაწილია არასწორი წარმოდგენის შექმნა, თითქოს საჯარო სივრცეში ჟურნალისტს გადაღების უფლება არ აქვს?
გვახსოვს ხომ აჭარის ყოფილმა არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ [სულხან თამაზაშვილი, რომელიც დღეს შს მინისტრია] რა პასუხი გასცა ჟურნალისტ ლელა დუმბაძეს საახალწლო ღონისძიებაზე უსახლკაროებთან დაკავშირებით? ეს არაჯეროვანი დამოკიდებულება და აგრესია ჟურნალისტის კითხვის მიმართ, არ გვიკვირს.
თორნიკე რიჟვაძე საერთოდ ვარსკვლავებს წყვეტდა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით – ოპოზიციას ქუჩური, ჟარგონული, კაბრეზული, თავხედური, გაუზრდელი ლექსიკით ელაპარაკებოდა.
აი, ამ დონემდე დავიდა მმართველობის ხაზი საქართველოში, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ხაზი. საჯარო სივრცეში კითხვის დასმის გამო იქნება ეს თუ საჯარო ინფორმაციის წერილის გამოთხოვის გამო იქნება – ვხედავთ, რომ ეს უკვე ორგანული ნაწილი გახდა „ქართული ოცნებისთვის“.
- ხელვაჩაურის მერიას თუ უნდა დაეწყო საქმისწარმოება, რომ დაედგინა, რა მოხდა რეალურად, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიეღო საჯარო მოხელეების წინააღმდეგ? ხელვაჩაურის მერია გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ სამართლებრივს კი არა, სიტუაცია „ეთიკურ ჩარჩოსაც“ კი არ გასცდენიაო.
ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ეთიკურ, სამართლებრივ და ყველანაირ ჩარჩოს გასცდნენ საჯარო მოხელეები, მათი ქმედება შეიძლება ჩვეულებრივად დავაკვალიფიციროთ, როგორც „ტიტუშკების“ ქმედება, რომელიც იყო წახალისებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან.
ადმინისტრაციული ორგანო უნდა იყოს მიუკერძოებელი, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში, ხელვაჩაურის მერიისგან განსხვავებულ განცხადებას ნამდვილად არ ველოდი. ხელვაჩაურის მერიის დღევანდელი ადმინისტრაცია ჯუმბერ ვარდმანიძის [ხელვაჩაურის ყოფილი გამგებელი, რომლის სახელსაც უკავშირდება გახმაურებული კორუფციული სკანდალი] მანკიერ გზას აგრძელებს.
როდესაც „ბათუმელებმა“ ამხილა ჯუმბერ ვარდმანიძე, მან პირდაპირ შეაგინა „ბათუმელების“ რედაქციას და არავითარი სამართლებრივი, ან პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამას არ მოჰყოლია. დაუსჯელობის სინდრომი მოდებულია ადგილობრივ თვითმმართველობებშიც – მწვანე აქვთ ანთებული არანორმალურ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე.
ჩვენ ამის მაგალითები მრავლად გვაქვს გნებავთ ბათუმში, გნებავთ ქობულეთში, ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში. ეს არის ერთიანი, არანორმალური, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან მანკიერი პოლიტიკის მორიგი გამოვლინება, რაც მოდის ცენტრალური დონიდან.
ბათუმის საკრებულოს წევრები იქნებიან, თუ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პარტიულ რუპორებად იქცნენ – იმის ნაცვლად, რომ ილაპარაკონ რეგიონში არსებულ სიღარიბეზე, დაუმთავრებელ პროექტებზე, პროექტებზე, რომლებზეც დაიხარჯა ათეულობით მილიონი ლარი გასულ წელს და წელს უკვე სარეაბილიტაციოა, ილაპარაკონ იმაზე, რომ ბათუმს არ ჰყოფნის ბაღები, რომ ხელვაჩაურში რამდენიმე სკოლა დღემდე ვერ დასრულებულა…
ეს ადამიანები იქცნენ „ტიტუშკებად“, ზოგიერთი დაბალი რანგის „ტიტუშკად“, ზოგი – მაღალი რანგის „ტიტუშკად“, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ პარტიულ მითითებას. სად არის აქ სამოხელეო სტანდარტი? სად არის მიუკერძოებელი ადმინისტრაციული მოხელის, საჯარო მოხელის ქცევის სტანდარტი? ყველანაირი ზღვარი წაშლილია, – „ოცნებამ“ პარტიული და სახელმწიფო, პარტიული და მუნიციპალური ხაზი სრულად წაშალა. თუ მუშაობ სახელმწიფო თუ მუნიციპალურ უწყებაში, ესე იგი, მუშაობ პარტიისთვის.
იმედია, ოდესღაც დადგება ის მომენტი, როდესაც ყველა მათგანს მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ასეთ გადაწყვეტილებებზე. პოლიტიკური პატიმრის ოჯახის წევრებთან რომ მიდიხარ შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ადამიანებთან, რომლებმაც ფეხით მოიარეს მთელი საქართველო ლაგოდეხიდან დაწყებული – ბათუმით დამთავრებული, ღამეები არ სძინავთ უკანონოდ დაკავებული შვილების დარდით და ქვეყნის დარდით, თუნდაც ფიქრობდე, რომ ეს ადამიანები, ვთქვათ, სამართლიანად იხდიან სასჯელს, თუ ოდნავ მაინც ადამიანური მორალი, ან რაღაც პროფესიული ეთიკა გაქვს, ასეთ რაღაცებს ხელს არ უნდა აწერდე.
მაგრამ ამ ადამიანებს [საჯარო მოხელეებს] არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული აქვთ, წითელი ხაზი გადალახულია. ვერ ვხედავთ, რომ ისინი არიან ე.წ. ნაცრისფერი ბიუროკრატები, რომელთაც აინტერესებთ მხოლოდ მათ არეალში მიმდინარე საქმეები, დაინტერესებული არიან კეთილმოწყობით, დასუფთავებით, სხვადასხვა მუნიციპალური სერვისის განვითარებით.
რასაც აკეთებენ, იმავე წელს, ან მომდევნო წელს ხელახლა გასაკეთებელია. თუნდაც ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია – ფრიდონ ხალვაშის გამზირი, რომლის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა უამრავი ფული და ვხედავთ, როგორი მოუწესრიგებელია და ეს იწვევს ადამიანების სიკვდილიანობას.
- ხელვაჩაურის მერიის განცხადებაში პერსონალურად ესხმიან თავს „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი სულხან მესხიძეს. მას მანამდეც შეუშალეს ხელი ხელვაჩაურში გაშუქებია, მაგალითად, საკრებულოს სხდომა… რას ნიშნავს ეს პერსონალური მითითება?
აჭარის ტელევიზია პრაქტიკულად ქცეულია ხელისუფლების რუპორად. ნებისმიერი მათი საინფორმაციო გამოშვება არის „ოცნების“ ოფიციალური ქრონიკა. ამ პირობებში, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან რეგიონში ამხელა ფინანსური ნაკადები ტრიალებს და სადაც ბოლოს და ბოლოს მზია ამაღლობელი დააკავეს – მუშაობს ორი დამოუკიდებელი ჟურნალისტური ორგანიზაცია: „ბათუმელები“ და მეორე არის პრაქტიკულად ერთი კაცის მედია „აჭარა თაიმსი“, რომელსაც წარმოადგენს სულხან მესხიძე.
სულხან მესხიძე, ისევე როგორც „ბათუმელების“ ნებისმიერი სხვა ჟურნალისტი, ყოველთვის ცხელ წერტილშია: იქნება ეს ბავშვების დაღუპვა „ოცნების ქალაქში“, თუ რომელიმე ჩავარდნილი პროექტის, პრობლემის გაშუქება. ამიტომაც, „ბათუმელების“ მუშაობა, სულხანის მუშაობა, რა თქმა უნდა, „ოცნებას“ არ მოსდის თვალში და ეს გადადის არამხოლოდ ინსტიტუციურ დევნაში, არამედ მოქალაქის პერსონალურად, ჟურნალისტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. ეს არის ძალიან თვალსაჩინო ამბავი.
პერსონიფიცირებულია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რეალურად რეგიონში დარჩა ალბათ 10 ჟურნალისტი, რომელიც ასრულებს თავის საქმიანობას ისე, როგორც პროფესიონალმა ჟურნალისტმა უნდა შეასრულოს.
ჟურნალისტ გურამ როგავას საქმის ფიგურანტი პირების შესახებ ინფორმაცია ხელის გულზე ედოთ. სისულელეა იმაზე საუბარი, რომ არ იცოდნენ, მაგალითად, ვინ განახორციელა გურამის წინააღმდეგ თითქმის სასიკვდილო დარტყმა, ან ვინ წირავდა მაკა ჩიხლაძეს და მის ოპერატორს. შეიძლება, ვიღაცები დააკავეს იმიტომ, რომ, ასე ვთქვათ, გაითამაშონ კანონის უზენაესობა, მაგრამ სანამ ბრძანებების გამცემები არ დაისჯებიან – ვიცით, რომ არ მოქმედებენ სპეცრაზმელები ბრძანებების გარეშე – მანამდე ვერ ვისაუბრებთ სამართლიანობასა და, ცხადია, კანონის უზენაესობაზე.
ამიტომაც, გუშინდელი ფაქტიც არის ამ მოვლენათა ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლი, რომელიც მოითხოვს სწრაფ, დროულ და შესაბამის რეაგირებას, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ვიცით, რომ ეს რეაგირება არ იქნება – „ქართული ოცნება“ არ წავა საკუთარი თავის წინააღმდეგ.
ამ თემაზე: