საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სახელით საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

იმის გამო, რომ ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა შეუზღუდეს, საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა „ოცნების“ პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლეს.

გასაჩივრებულია საარჩევნო კოდექსის ახალი რეგულაცია, რომელიც კრძალავს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების შენობებში საარჩევნო უბნების გახსნას.

„აღნიშნული აკრძალვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საყოველთაო საარჩევნო უფლებას. ახალი რეგულაცია არ ემსახურება არავითარი ღირებული კონსტიტუციური ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.

ფაქტობრივად, ის ქმნის ხელოვნურ ფინანსურ და სოციალურ ბარიერს – ფრენების მაღალი ხარჯის, სამუშაოდან იძულებით დათხოვნის და ამასთან დაკავშირებული სხვა წნეხის სახით – რაც საქართველოს ასობით ათას ემიგრანტს უბიძგებს, პრაქტიკულად დათმოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

გასათვალისწინებელია, რომ სწორედ ემიგრანტების მიერ საზღვარგარეთ შრომის ფასად მიღებული შემოსავალი ხშირად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც თავად ემიგრანტებისთვის, ისე მათი ოჯახის წევრებისთვის,“ – აღნიშნულია საიას მიერ დღეს, 14 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

საიას განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევებში მიიჩნევს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების შეზღუდვას დასაშვებად, როდესაც სახელმწიფოს რეალურად არ აქვს რესურსი, ყველა ქალაქში გახსნას საარჩევნო უბნები.

  • საპარლამენტო არჩევნების მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, სხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების ბაზაზე მუდმივად იხსნებოდა საარჩევნო უბნები და სახელმწიფოს მუდმივად ჰქონდა როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსი, უზრუნველეყო ამ უბნებზე მყოფი ამომრჩევლების ნების თავისუფალი გამოხატვა.
  • მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ ახალ რეგულაციას სწორედ ქართულ არჩევნებში უცხო სახელმწიფოების ჩარევის თავიდან აცილების მიზნით ამართლებს.
  • საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს სხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებსა და დიპლომატიურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების გახსნას არჩევნების ჩატარებისას. ამრიგად, საარჩევნო უფლების დაცვის თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლო რჩება იმ ძირითად ქვეყნისშიდა მექანიზმად, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დაცვა.“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია განცხადებაში არნიშნავს იმასაც, რომ განსაკუთრებით ბოლო წლებში დიდი სამართლებრივი, სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე საქმეების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაჭიანურებულია, მაგალითად, სასამართლო უკვე მეორე წელია არსებითად არ განიხილავს სარჩელს „რუსულ კანონზე“.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სამუშაო მაგიდაზე არაერთი რეზონანსული საქმეა – საქმეები, რაზეც საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაა დამოკიდებული.

ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული ქეისი „მოსმენების კანონია“ – საქართველოში ნებისმიერს უსმენენ და სუსს, მოქმედი კანონების პირობებში, ხელს არაფერი უშლის. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ სარჩელის განხილვა 2019 წელს დაასრულა, თუმცა თითქმის 7 წლის გასვლის მიუხედავად, მოსამართლეები ასეთ მნიშვნელოვან საქმეზეც კი, გადაწყვეტილებას არ იღებენ.

მთავარი ფოტო: ქართველი ემიგრანტების აქცია სტრასბურგში, საფრანგეთში, 2024 წელი

ამ თემაზე:

საკონსტიტუციომ გაუქმებული ნორმა გააუქმა – რუსული კანონისთვის ისევ ვერ მოიცალა

Exit mobile version