„სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ ახსნა, როგორ წარმოადგენდა მზია ამაღლობელის ქმედება დანაშაულს… გადაწყვეტილებაში ნათლად უნდა იყოს ნათქვამი, რომ „საქმის არსებითი საკითხები განხილულია“. მოსამართლე სახელაშვილის გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს,“ – აღნიშნულია კლუნების ფონდის“ ანგარიშში.

ეს ის ფონდია, რომელმაც „მზია ამაღლობელის საქმე“ დამოუკიდებლად შეისწავლა. ამ ფონდს ექსპერტად მიწვეული ჰყავდა ევროსასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე სერ ნიკოლას ბრატცა. „კლუნების ფონდი“ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს აკვირდებოდა.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2025 წლის 6 აგვისტოს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ჟურნალისტს, გამოცემების „ბათუმელები“ და ნეტგაზეთის“ დირექტორს და თანადამფუძნებელს, მზია ამაღლობელს. მოსამართლემ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა და პოლიციელზე თავდასხმის [სსკ-ის 353-ე პრიმა ერთი] მუხლის ნაცვლად, მზია ამაღლობელის პოლიციელის წინააღმდეგობის მუხლით [სსკ-ის 353-ე მუხლი] გაასამართლა.

რატომ არის მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, რა წერია „კლუნების ფონდის“ ანგარიშში? – ანგარიშში კონკრეტულ გარემოებებზე მითითებით, ასევე მოწმეების ჩვენებსა და ადვოკატების მიერ სასამართლოსთვის მიერ წარდგენილი არგუმენტებით არის ახსნილი, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილის უკანონობა მზია ამაღლობელის  წინასწარ პატიმრობაში უკანონო გაშვებით დაიწყო:

„მოსამართლე სახელაშვილმა მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ პირველადი სხდომა ჩაატარა და წინასწარი პატიმრობა 2025 წლის 14 იანვარს საეჭვო საფუძვლებით შეუფარდა. ეს საფუძვლები იყო ის ფაქტი, რომ მზია ზედიზედ ორი კანონდარღვევისთვის დააკავეს, რაც გულისხმობდა განმეორებითი დანაშაულის მომეტებული რისკის არსებობაზე.

ამით სასამართლომ უგულებელყო ის ფაქტი, რომ წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს, მზიას წინააღმდეგ პირველი სამართალდარღვევის ბრალდება ჯერ არ იყო დამტკიცებული და შესაძლოა მზიას პირველი „სამართალდარღვევა“ – პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრა და სავარაუდოდ იქვე მდგომი პოლიციელების შეურაცხყოფა – საერთოდ არ ყოფილიყო სამართალდარღვევა, არამედ იყო სიტყვის თავისუფლების უფლების განხორციელება,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

„კლუნების ფონდი“ მიუთითებს ევროსასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის გათვალისწინება სავალდებულოა ქართველი მოსამართლეებისთვის, მისმა უგულებელყოფამ კი, ევროსასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს გაუჩინა განცდა მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით:

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულის წინასწარი პატიმრობაში დასატოვებლად, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს „საკმარისი საფუძველი“, დაკავების მსჯელობა არ შეიძლება იყოს „აბსტრაქტული, ზოგადი ან სტერეოტიპული“. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ განაცხადა, რომ წინასწარი პატიმრობა „გამონაკლისი უნდა იყოს და არა წესი“ და რომ „პატიმრობა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას”.

მოსამართლე სახელაშვილის გადაწყვეტილებამ წინასწარი პატიმრობის შესახებ და მასზე რეაქციამ ლეგიტიმური ეჭვები გააჩინა მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია „კლუნების ფონდის“ ანგარიშში.

მოსამართლე ნინო სახელაშვილის თავმჯდომარეობით ჩატარებულ სასამართლო სხდომებს ევროსასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და „კლუნების ფონდის“ ექსპერტი D კატეგორიას ანიჭებს. ამის იქით უკვე მაიმუნები დახტიან ხეებზეო, განმარტავს მზია ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატი, მაია მწარიაშვილი. მისი თქმით, ყველაზე ბოლო – E კატეგორია რომ არ მიანიჭეს „მზია ამაღლობელის საქმეს“, ეს იმის დამსახურებაა, რომ მაგალითად, ადვოკატებს ჯერ კიდევ უშვებენ სასამართლო სხდომებზე.

სამაგიეროდ, ადვოკატების მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების დიდი ნაწილი სასამართლომ ამორიცხა [მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი, წინასასამართლო სხდომა], მოსამართლე ნინო სახელაშვილმა კი, ადვოკატების არგუმენტებს გვერდი აუარა, თითქოს ადვოკატებს პროცესებზე არც არაფერი უთქვამთ:

„…სასამართლომ ასევე არ მიუთითა დაცვის მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილ არცერთ არგუმენტსა თუ მტკიცებულებაზე, მათ შორის, გრძელ დასკვნით სიტყვაში, იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლება ჩაითვალოს დარტყმა ძალადობრივ ქმედებად, რომელიც თავდასხმას უდრის და ამის მნიშვნელობას იმასთან დაკავშირებით, შეიძლებოდა თუ არა მისი „ძალადობად“ ჩათვლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353(1) მუხლის მიზნებისთვის,“ – წერია ანგარიშში.

„სასამართლო პროცესმა D შეფასება მიიღო, რადგან მან გამოავლინა საერთაშორისო სამართლის სტანდარტების მრავალი დარღვევა, რამაც ძირი გამოუთხარა ბრალდებულის წინააღმდეგ სამართალწარმოების სამართლიანობას.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესამდე და მის განმავლობაში დაირღვა დაცვის ძირითადი უფლებები. ესენია: თავდაპირველი უარი ბრალდებულის მიერ ადვოკატის მოთხოვნაზე; სასამართლო პროცესში ეფექტური მონაწილეობის შეზღუდვა მისი დაუსაბუთებელი მინის კაბინაში მოთავსებით, რამაც სერიოზულად შეაფერხა ბრალდებულის შესაძლებლობა, ეფექტურად და კონფიდენციალურად დაკავშირებოდა თავის ადვოკატებს; და დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებისა და იმ ინციდენტის შემდგომი მოვლენების ვიდეოჩანაწერების გამორიცხვა, რომელიც ბრალდებულის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების უშუალო საგანი იყო.

ეს დარღვევები კიდევ უფრო დამძიმდა საქმის ორი დამატებითი გარემოებით – მოსამართლის მიერ სასამართლო განხილვის ბოლოს ბრალდებულისთვის წარდგენილი დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლით და სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული მიკერძოებული განცხადებებით,“ – აღნიშნულია „კლუნების ფონდის“ ანგარიშში.

ამ ანგარიშის კიდევ ერთი აქცენტი ევროკონევნციით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულებაა – „გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება“ ხოლო ევროსასამართლოს მიდგომაა ეს: „მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებით შეიძლება მართლმსაჯულების განხორციელების საჯარო კონტროლი“.

„სასამართლო არ არის ვალდებული, დეტალური პასუხი გასცეს წარმოდგენილ ყველა არგუმენტს, მე-6(1) მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება „მოიაზრებს, რომ სასამართლო პროცესის მხარეებს შეუძლიათ ელოდონ კონკრეტული და ცალსახა პასუხის მიღებას იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია ამ სამართალწარმოების შედეგისთვის“. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში ნათლად უნდა იყოს ნათქვამი, რომ „საქმის არსებითი საკითხები განხილულია“. მოსამართლე სახელაშვილის გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს,“ – ვკითხულობთ „კლუნების ფონდის“ ანგარიშში.

  • რა არგუმენტით მიიჩნია მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, რომ სილის გაწვნა იყო პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა? 

„პირველ რიგში, გადაწყვეტილება არ განმარტავს, როგორ „გაუწია წინააღმდეგობა“ მზია ამაღლობელის სილამ ირაკლი დგებუაძეს, როდესაც სასამართლო ცდილობს „ქრონოლოგიურად ჩამოთვალოს ობიექტური მტკიცებულებები… რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულის წინააღმდეგობას“, არ განმარტავს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც სილის გაწვნას წინააღმდეგობად განსაზღვრავს. ამის ნაცვლად სასამართლო ეყრდნობა ბრალდების მხარის რვა მოწმის [მათ შორის ირაკლი დგებუაძის] ჩვენებას, რომელიც უბრალოდ ადასტურებს, რომ მზიამ მართლაც გააწნა სილა დგებუაძეს.

5 მოწმე იმყოფებოდა ადგილზე, მაგრამ არცერთი მათგანი არ აღწერს, როგორ წარმოადგენდა ან შეიძლება წარმოადგენდეს სილის გაწვნა „წინააღმდეგობას“.

ბერდია ფერაძის [დაკავებაში მონაწილე ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც თავად იყო სილის გაწვნის მოწმე] ჩვენებაში აღნიშნულია, რომ „ფიზიკური ძალადობა ბრალდებულის მხრიდან განხორციელდა იმ მომენტში, როდესაც ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს უხსნიდა მისი ოჯახის წევრების დაკავების საფუძვლებს“, ხოლო ამავე დროს დგებუაძე „ვერ ხვდებოდა, რატომ დაარტყა მან სილა“.

ირაკლი დგებუაძის ჩვენების მიხედვით, სილის შემდეგ დაუყოვნებლივ რამდენიმე აქციის მონაწილემ ჰკითხა მას, თუ რატომ მოიქცა ასე მზია, და „მათ შორის გაჩნდა ვარაუდიც, თითქოს მოწმემ [დგებუაძემ] შეურაცხყოფა მიაყენა მზია ამაღლობელს და ეს მისი რეაქცია იყო, თუმცა ფაქტი ძალიან მარტივია და ეს ნათლად ჩანს ვიდეოჩანაწერში“.

ირაკლი დგებუაძის ჩვენებაში არსად არის სილის შეფასება „წინააღმდეგობის“ ფორმად. იგი ასევე განმარტავს, რომ მზიას „შეურაცხმყოფელი სიტყვები არ გამოუყენებია“ და რომ მან „იცოდა, რომ ის უფროსი თანამდებობის პირი იყო და მისგან პასუხებს მოითხოვდა გაბაიძეების ქმედებებთან დაკავშირებით“.

ბრალდების მხარის მოწმეთა არცერთი ჩვენება, რომელსაც სასამართლო ეყრდნობა გადაწყვეტილებაში, არ მიუთითებს მზია ამაღლობელის განზრახვაზე ირაკლი დგებუაძეზე სილის გაწვნის დროს „ხელი შეეშალა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის“, „შეეშალა ან შეეცვალა“ მისი მოვალეობები. ირაკლი დგებუაძის ჩვენებაში არც კი არის მითითებული ასეთი განზრახვა, რომელიც სილის გაწვნის შედეგად იქნა მიღებული. ის უბრალოდ აცხადებს, რომ „მზია ამაღლობელის მიერ მასზე თავდასხმა მის სამსახურებრივ მოვალეობებს უკავშირდებოდა…

სასამართლოს დასკვნა განზრახვასთან დაკავშირებით ვერ ხსნის ბრალდების მხარის მტკიცებულებების შესაბამისობას, რაც არ მიუთითებს იმაზე, რომ მზია ამაღლობელი მოქმედებდა ირაკლი დგებუაძის მოვალეობების შესაჩერებლად ან ჩასაშლელად [არამედ ის პასუხებს ეძებდა].

მზია ამაღლობელის ჩვენების წინასწარი ინტერპრეტაციის საფუძველზე, დამატებითი კონტექსტის გარეშე, სასამართლოს დასკვნა ასევე ვერ ხსნის მტკიცებულებით საფუძველს იმის დასადგენად, „თუ რატომ სურდა მზიას… ჩარევა და ისეთი სიტუაციის შექმნა, რომელიც ხელს შეუშლიდა დაზარალებულს [ირაკლი დგებუაძეს] პოლიციური საქმიანობის გაგრძელებაში“, განსხვავებით მზიას მიერ სასამართლოში ნათქვამისგან, რომ ის მოქმედებდა „იმპულსურად, იმედგაცრუების გამო, თუ როგორ ეპყრობოდა მას და სხვებს პოლიცია“.

გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში ცალსახად იქნა მიღებული ბრალდების მხარის არგუმენტები და მტკიცებულებები, როცა დაასკვნა, რომ – „მოსამართლე მიიჩნევს, რომ საქმე შეიცავს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებულ სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც, გონივრული ეჭვგარეშე მტკიცების სტანდარტით, ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელმა ძალადობის გზით წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, ამ ოფიცრის მოვალეობების შესრულების შეფერხების ან შეცვლის მიზნით“.

ამით, გადაწყვეტილება ადასტურებს მნიშვნელოვან მიკერძოებას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების მიღების სასარგებლოდ, სასამართლო დაკითხვის გარეშე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვრცელი არგუმენტებისა და მტკიცებულებების მითითების გარეშე [მაგალითად, დარტყმის გარემოებებზე, მათ შორის 11-12 იანვრის მოვლენების დაცვის მხარის ვიდეოჩანაწერებზე, რომლებიც ნაჩვენები იყო სასამართლო პროცესზე].

გადაწყვეტილება არ მიუთითებს ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე დეტალურად წარმოდგენილი ხშირად შეუსაბამო მტკიცებულებებზე. გადაწყვეტილებამ მთლიანად მიიღო დაცვის მხარის მტკიცებულებები ნომინალური ღირებულებით, მიუხედავად დაცვის მხარის მიერ გამოვლენილი მრავალი შეუსაბამობისა.

გადაწყვეტილებაში მტკიცებულებებზე მითითებით არ იყო ახსნილი მზიასთვის ორწლიანი თავისუფლების აღკვეთის დაკისრების საფუძველი, მაშინაც კი, როდესაც სასამართლომ განაცხადა, რომ „სასჯელის დაკისრება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, დანაშაულთან დაკავშირებულ რისკებს, მისი ჩადენის წინაპირობებს, მოტივებსა და შედეგებს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას“.

სასამართლომ მხოლოდ მზიას „წარსულ ცხოვრებაზე, პირად და ეკონომიკურ გარემოებებზე, ქცევაზე ქმედების შემდეგ“ და მის „პიროვნულ მახასიათებლებზე“ მიუთითა, სასამართლო პროცესის დროს დაცვის ან ბრალდების მხარის მიერ ამ ფაქტორებთან დაკავშირებული რაიმე მტკიცებულების დეტალების მოყვანის გარეშე.

შესაბამისად, არ არსებობს ახსნა, თუ როგორ შეფასდა და დაკმაყოფილდა სასჯელის სამართლიანობის უზრუნველყოფის დადგენილი კრიტერიუმები. არ იყო მითითება მზიას მხედველობის დაქვეითების შესახებ დაცვის მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილ მტკიცებულებებზე და მზიას ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთის გავლენის გათვალისწინებაზე,“ – აღნიშნულია „კლუნების ფონდის“ ანგარიშში.

„კლუნების ფონდი“ მიუთითებს ასევე იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება „მზია ამაღლობელის საქმეზე“, „არ გამოასწორა ხარვეზები.“

—————

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და თანადირექტორია. ის უკვე 1 წელზე მეტია რჩება უკანონო პატიმრობაში. 2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.

მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ.

ამ თემაზე:

 

ევროსასამართლო მზია ამაღლობელის საქმეზე მალე გავა გადაწყვეტილების გამოსატანად – ინტერვიუ საიას ხელმძღვანელთან

ევროსასამართლო მზია ამაღლობელის საქმეზე მალე გავა გადაწყვეტილების გამოსატანად – ინტერვიუ საიას ხელმძღვანელთან

Exit mobile version