მთავარი,სიახლეები

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სომხეთის საგარეოს მინისტრს ხვდება, სად არის საქართველო – ინტერვიუ

14.01.2026 •
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სომხეთის საგარეოს მინისტრს ხვდება, სად არის საქართველო – ინტერვიუ

„შეერთებული შტატები არანაირ იზოლაციონიზმს არ აპირებს, ის ჩართულია მსოფლიოს და განსაკუთრებით კავკასიაში მიმდინარე მოვლენებში. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გამოგვეყენებინა არსებული გეოპოლიტიკური ტურბულენტობა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, ამჟამად „ოცნება“ აღრმავებს ევროიზოლაციას და საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთზე“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი.

გიორგი მელაშვილს ვესაუბრეთ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გამართულ შეხვედრაზე.

აშშ-მა და სომხეთმა „ტრამპის მარშრუტის“ განხორციელების ჩარჩო-დოკუმენტი მიიღეს. „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ [TRIPP], რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე შეუფერხებელი, მულტიმოდალური სატრანზიტო კავშირის დამყარებას ითვალისწინებს, 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ნაწილია.

„ჩვენ ვიყავით ერთადერთი დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის. ჩრდილოეთის განშტოებას, რომელიც საქართველოზე გადის, უჩნდება კონკურენტი სამხრეთის განშტოების სახით… ჩვენ ვიღებთ ახალ დერეფანს, რომლის მთავარი ოპერატორი იქნება შეერთებული შტატები. ამ კონტექსტში ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა უნდა ყოფილიყო ანაკლიის პორტი, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ანაკლიის პორტი არ არის დღემდე აშენებული და გაურკვეველია „ქართული ოცნების“ პირობებში აშენდება თუ არა საერთოდ,“ – გვიყვება გიორგი მელაშვილი.

რა როლი ექნება საქართველოს სამხრეთ კავკასიაში, თუ ის გეოპოლიტიკურ უნიკალურობას დაკარგავს და მას სომხეთი ჩაანაცვლებს? – „ბათუმელებმა“ გიორგი მელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია.

  • ბატონო გიორგი, „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო-შეთანხმება“ მიიღეს. რა იცვლება ამით და რა ეტაპზე გადადის პროცესი სამხრეთ კავკასიაში? 

რუბიოს და მირზოიანის შეხვედრამ ძალიან ნათლად აჩვენა, რომ შეერთებული შტატები ტრამპის პროექტს სერიოზულად უდგებიან. აპირებენ, საკუთარი გეოპოლიტიკური რეპუტაცია ჩადონ ამ პროექტის განხორციელებაში.

თუ აქამდე არ არსებობდა ფორმალური დოკუმენტი და ფორმალური ჩარჩო, არსებობდა გარკვეული ადგილი სპეკულაციებისთვის. შეერთებული შტატების როლი ბოლომდე გარკვეული არ იყო, მაგრამ ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, შეერთებული შტატების როლი ცალსახა ხდება: საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიღებთ ახალ დერეფანს, რომლის მთავარი ოპერატორი იქნება შეერთებული შტატები.

  • მოსაზრება, რომ ეს მხოლოდ ტრამპის პიარკამპანია იყო და რეალურად არანაირი ახალი დერეფანი არ შენდება, მცდარია? 

რა თქმა უნდა. სპეკულაციებისთვის ნებისმიერი სივრცე, რაც არსებობდა, რომ დეკლარაციებს მიღმა ეს საქმე არ წავიდოდა წინ, ახლა უკვე სრულიად გაბათილებულია. ვხედავთ, რომ ფორმალურ დოკუმენტს ხელი მოეწერა – ეს არის პირველი ნაბიჯი. შემდეგი იქნება აზერბაიჯან-სომხეთს, ასევე სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება. შემდეგ კი, მივიღებთ სრულად ოპერირებად შუა დერეფნის სამხრეთის განშტოებას, რომელიც გავა არა საქართველოზე, არამედ სომხეთზე.

გიორგი მელაშვილი

  • რომლითაც საქართველო დაკარგავს თავის გეოპოლიტიკურ უნიკალურობას ამ რეგიონში? 

ჩვენ ვიყავით ერთადერთი დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის. ჩრდილოეთის განშტოებას, რომელიც საქართველოზე გადის, გაუჩნდება კონკურენტი სამხრეთის განშტოების სახით.

მართალია, ინფრასტრუქტურის აშენებას დრო დასჭირდება და მის განვითარებას, თუმცა მოგვიანებით იქნება ორი განშტოება. შემდეგ უკვე ამ ორი განშტოების მენეჯმენტზე, კონკურენციაში მყოფი ქვეყნების ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული, რომელი მარშრუტი იქნება უფრო ხელსაყრელი საერთაშორისო ვაჭრობისთვის.

  • სავარაუდოდ რამდენი წელი დასჭირდება სამხრეთის განშტოების მოწყობას? 

დაზუსტებით თარიღების თქმა ცოტა რთულია, რადგან არსებობს გეოპოლიტიკური გაურკვევლობა. იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი სწრაფად დასრულდება, ჩვენ გვაქვს აზერბაიჯანის აქტივობის მაგალითი ყარაბაღის ტერიტორიაზე, როდესაც ინფრასტრუქტურა ძალიან სწრაფად აშენდა. იმავეს თქმა შეგვიძლია თურქეთის რესპუბლიკაზე.

სომხეთის ტერიტორიაზე გამავალ ინფრასტრუქტურას კი მიხედავს ევროკავშირი, შეერთებული შტატები, ან ორივე ერთად. აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანს აქვს ფინანსური რესურსი და პოტენციალი, რომ სწრაფად აამოქმედოს საკუთარი წილი სამხრეთის დერეფნის, რჩება ის მონაკვეთი, რომელიც გადის სომხეთზე და მისი აღდგენაც დროის საკითხია.

  • ჩრდილოეთის განშტოების ალტერნატივას ქმნიან იმიტომ, რომ საქართველო გახდა რუსეთის გავლენის სფერო? ეს რატომ არის პრობლემა დასავლეთისთვის, უფრო ნათლად რომ გვითხრათ? 

ახალი განშტოების განვითარების ერთ-ერთი და მთავარი მიზეზი, არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია მკვეთრად ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული გზა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ადეკვატურობაში სერიოზული ეჭვები ეპარება ჩვენს ყველა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორს. ამიტომაც, დღის წესრიგში აუცილებელი გახდა ახალი დერეფნის შექმნა, რისი შემოთავაზებაც ჰქონდა სომხეთს.

თუ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა დასავლეთთან ურთიერთობების დამყარება, დასავლეთი იმუშავებს იმ აქტორთან, იმ ქვეყანასთან, რომელსაც სურს, რომ ჰქონდეს კარგი ურთიერთობები დასავლეთთან. როცა არსებობს ალტერნატიული გზა, რომელიც კიდევ ერთხელ უფრო სანდოდ და ადეკვატურად განიხილება, რა თქმა უნდა, ყველა პასუხისმგებლიანი ინვესტორი ჩადებს თანხებს და ეცდება, რომ მისმა ტვირთებმა გაიაროს სანდო, ადეკვატურ და უსაფრთხო დერეფანზე.

ტრანზიტს სჭირდება ორი წერტილი: საწყისი და დასასრული. თუ საწყისი არის ჩინეთი, დასასრული უნდა იყოს ევროკავშირი. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების გაუარესება გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო ვაჭრობის აქტორისთვის უფრო საინტერესო იქნება, გაცილებით უფრო სტაბილური, ადეკვატური დერეფანი, რომელსაც აქვს შეერთებული შტატების გარანტიები.

ამ კონტექსტში ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა უნდა ყოფილიყო ანაკლიის პორტი, მაგრამ, სამწუხაროდ, ანაკლიის პორტი არ არის დღემდე აშენებული და გაურკვეველია „ქართული ოცნების“ პირობებში საერთოდ აშენდება თუ არა.

ჩინეთის ჩართულობის მიუხედავად, ჯერჯერობით ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი და პორტი არ შენდება.  კონკურენტული უპირატესობა, რომელიც ჩვენ უნდა გვქონოდა, სამწუხაროდ, არ გვაქვს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო.

  • რუსეთი რას მოიგებს ამ შემთხვევაში, თუ ამოქმედდება სამხრეთის განშტოება? მასაც ხომ აქვს საქართველოს მიმართ გეოპოლიტიკური ინტერესი? 

რუსეთის ინტერესი საქართველოში არც გეოპოლიტიკურია და არც პოლიტიკური, ჩვეულებრივ ეს არის XVIII-XIX საუკუნის იმპერიალიზმი. შესაბამისად, რუსეთის მთავარი ამოცანაა საქართველოს მაქსიმალურად დამორჩილება, დამონება და დაქვემდებარება. აქედან გამომდინარე, რუსეთს აინტერესებს არა იმდენად გეოპოლიტიკური თამაშები ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ საკუთარი კვაზი-იმპერიის აღდგენა, ახალი საბჭოთა კავშირის აღდგენა და საქართველოს როლი ამ ყველაფერში ნამდვილად არ არის სახარბიელო.

იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ევროიზოლაციის პოლიტიკას, თუ გააგრძელებს რუსულ ეკონომიკაზე ჩამოკიდების პოლიტიკას, საქართველო იქნება იზოლირებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან. კავკასიის რეგიონში შექმნილი ძალაუფლების ვაკუუმის შემავსებელი კი, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ფედერაცია იყოს.

  • „ოცნების“ პროპაგანდისტები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ტრამპის დერეფნიდან მოგების დიდ ნაწილს აშშ წაიღებს. მსგავსი რამ წერია იმ შეთანხმებაში, რაც უკვე გასაჯაროვდა? 

მსგავსი არაფერი არ იკითხება. შეერთებულმა შტატებმა განბლოკა სამხრეთ კავკასიაში, კონკრეტულად კი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დერეფანი, რომლისგანაც არავის არანაირი სარგებელი არ ჰქონდა. ეს იყო კედელი ორ ქვეყანას შორის და ახლა ამ კედლის ნაცვლად იქნება ეკონომიკური განვითარების სერიოზული შესაძლებლობა. ორივე მხარე რჩება გამარჯვებული ამ ქმედებების შედეგად.

ამჟამად დერეფნისგან სარგებელი არავის აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ყველასთვის მომგებიანი სიტუაცია გაჩნდება, რა თქმა უნდა, ყველა მოიგებს. ამაში ჩანს ძალიან მკვეთრი განსხვავება რუსულ და დასავლურ მიდგომას შორის. რუსული მიდგომაა, რომ ერთი გაიმარჯვებს და მეორე წააგებს. დასავლეთის მიდგომა კი არის ის, რომ ორივე მხარემ, ან უფრო მეტმა მხარემ – ყველამ უნდა გაიმარჯვოს.

ტრამპის კორიდორი იქნება ამერიკის ჩართულობის დემონსტრირება – ანუ ის საუბრები, რომ შეერთებული შტატები აპირებს ჩაკეტვას, იზოლაციონიზმს და ასე შემდეგ, გაქარწყლებულია ამ ქმედებით.

  • ამ კორიდორის ამოქმედების შემდეგ რა შანსი რჩება რუსეთს შეინარჩუნოს გავლენა სამხრეთ კავკასიაში? 

ბოლო მოვლენებმა მკვეთრად შეამცირეს რუსული გავლენები არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ საერთოდ მსოფლიოში.

ასადის რეჟიმი, რომლის მთავარი მხარდამჭერი იყო რუსეთი, დაემხო; შეერთებულმა შტატებმა დაიჭირა ვენესუელის დიქტატორი; მანამდე რუსეთმა ვერ დაიცვა სომხეთი ყარაბაღის მოვლენების დროს. რუსული გავლენები აზერბაიჯანში გამქრალია. აზერბაიჯანს თავად გააჩნია ეკონომიკური, სამხედრო პოტენციალი, რომ შეამციროს რუსული გავლენები საკუთარ სახელმწიფოში. რაც შეეხება სომხეთს, აქაც რუსული გავლენები არის მკვეთრად შემცირებული. სომხეთში იქნება უახლოეს პერიოდში არჩევნები. იმ შემთხვევაში, თუ ფაშინიანი მოახერხებს ამ არჩევნების შედეგად ძალაუფლების შენარჩუნებას, სომხეთის ჩახსნა რუსული ორბიტიდან მხოლოდ დროის საკითხი გახდება და შეუქცევადი.

2026 წელს უკრაინაში ომი გრძელდება, შესაბამისად, რუსეთი დაკავებულია ამ ომით. ვხედავთ, რომ ამერიკული და ევროპული სანქციების შედეგები როგორც ნელ-ნელა თავს იჩენს. ამას ემატება შეერთებული შტატების იერიში რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე – იმ ტანკერების დაკავება, რომელსაც გადაჰქონდა სანქცირებული ნავთობი. თუ ამ ყოველივეს დაემატება ნავთობის ბაზარზე ვენესუელის ნავთობის გამოჩენა და არც იმას გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ირანული ნავთობიც გაჩნდეს ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, ნავთობზე ფასი მკვეთრად დაეცემა.

ნავთობზე ფასის მკვეთრი დაცემა უდიდესი პრობლემაა რუსეთისთვის, რადგანაც მისი ეკონომიკა სრულად დამოკიდებული ბუნებრივი წიაღისეულის გაყიდვაზე. შესაბამისად, თუ ნავთობის ფასი შემცირდება, რუსულ ეკონომიკას ექნება ძალიან დიდი პრობლემა. თუ რუსულ ეკონომიკას აქვს სერიოზული პრობლემები, ის ვეღარ შეძლებს, დააფინანსოს ომი უკრაინაში.მეორე მხრივ ის ეკონომიკური მოდელი, რომელიც ამჟამად აქვს „ოცნებას“ და რომელიც დიდწილად არის ჩამოკიდება რუსულ ეკონომიკაზე, ძალიან ცუდად აისახება ჩვენზეც, რადგანაც „ოცნების“ ეკონომიკური მოდელი ვეღარ შეასრულებს იმ ფუნქცია, რომელიც მას ახლა აქვს.

  • ვარაუდობთ, რომ ეკონომიკური პრობლემები შეიძლება გახდეს ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლის პირობა? 

„ოცნების“ რეჟიმი ძალიან აქტიურად ზრდიდა და ზრდის საქართველოს ჩამოკიდებას რუსეთის ეკონომიკაზე. თუ სერიოზული პრობლემები შეექმნება რუსეთის ეკონომიკას, ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული პრობლემები შეიძლება შეიქმნას „ქართული ოცნების“ რეჟიმის შიგნით.

  • რატომ შეიძლება აწყობდეს ამ მოცემულობაში ივანიშვილს ისევ რუსეთზე ჩამოკიდება, თუ მან სხვა ყველა გზა მოიჭრა? 

უფრო ისაა, რომ „ოცნებამ“ არასწორი ფსონი გააკეთა უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან და აგრძელებენ ამ არასწორი ფსონის დადებას. ამ პოლიტიკის შედეგად ჩვენ მივიღეთ გაღრმავებული ევროიზოლაცია. მივიღეთ ის, რომ ფაშინიანისგან, ალიევისგან, ანუ ჩვენი მეზობლებისგან განსხვავებით, „ოცნებას“ არანაირი კომუნიკაცია ვაშინგტონთან არ გააჩნია. საქართველო ამ გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში, ფაქტობრივად, რუსეთისთვის ლუკმად დარჩა.

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო  წუხელ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. რა გზავნილია ეს საქართველოსთვის?

ამ პროცესში უნდა დავინახოთ ორი რამ: „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო ჩვენ შეწყვეტილი გვაქვს შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება. შესაბამისად, ჩვენ ვკარგავთ სტრატეგიულ, სანდო და ძლიერ პარტნიორს.

შეერთებული შტატები არანაირ იზოლაციონიზმს არ აპირებს, ის ჩართულია მსოფლიოს და განსაკუთრებით კავკასიაში მიმდინარე მოვლენებში და იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გამოგვეყენებინა არსებული გეოპოლიტიკური ტურბულენტობა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, „ოცნებამ“ გააღრმავა ევროიზოლაცია და საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: