მთავარი,სიახლეები

მადუროს აშშ-ში გაასამართლებენ – სენატორი

03.01.2026
მადუროს აშშ-ში გაასამართლებენ – სენატორი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნიკოლას მადურო ნარკოკარტელის ხელმძღვანელია და არა ვენესუელას პრეზიდენტი. მადურო აშშ-ის სამხედრო ძალებმა დღეს, 3 იანვარს დააკავეს.

„მადურო არ არის ვენესუელას პრეზიდენტი და მისი რეჟიმი არ არის ლეგიტიმური მთავრობა. მადურო არის ნარკოკარტელ Los Soles-ის ხელმძღვანელი, ორგანიზაციისა, რომელმაც ქვეყანა ხელში ჩაიგდო. მის წინააღმდეგ მიდის გამოძიება აშშ-ში ნარკოტიკების იმპორტზე“, – ეს ტვიტი დაწერა მარკო რუბიომ 27 ივლისს.

რუბიოსთან საუბრის შემდეგ რესპუბლიკელმა სენატორმა მაიკ ლიმ განაცხადა, რომ მადუროს აშშ-ში გაასამართლებენ, ხოლო ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია მხოლოდ იმ პირების წინააღმდეგ ჩატარდა, ვინც აღასრულებდა [მადუროს] მიერ გაცემულ ორდერს დაპატიმრებაზე.

თავის მხრივ, Associated Press აღნიშნავს, რომ აშშ-ის ოპერაცია ნახევარ საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა.

მადუროს ბრალი 2020 წლის მარტში ნიუ-იორკში წაუყენეს. მას შემდეგ აშშ-ის მთავრობამ არაერთხელ გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რაც მის დაპატიმრებას შესაძლებელს გახდიდა. აგვისტოში ეს იყო 50 მილიონი დოლარი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაგმო „აშშ-ის შეიარაღებული აგრესიას ვენესუელაში“. უწყების თანახმად, საფუძველს მოკლებულია ნებისმიერი საბაბი, რომელიც ამგვარ ქმედებას გაამართლებს.

სამხედრო ოპერაცია ვენესუელაში ასევე გააკრიტიკა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. ამ უწყების განცხადებით, „აშშ-ის სამხედრო აგრესია გაეროს წევრი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ, რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უხეში დარღვევაა, რისი შედეგებიც აისახება მთელ საერთაშორისო სისტემაზე“.

___

დღეს, 3 იანვარს, დილით, გავრცელდა ცნობები ვენესუელაში აფეთქებების შესახებ და ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სამიზნეებზე, მათ შორის სამხედრო ობიექტებზე, დარტყმების ბრძანება გასცა.

ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა აგროვებს ინფორმაციას დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ და ამტკიცებს, რომ დარტყმები სამოქალაქო დასახლებებსაც შეეხო.

აშშ-ის ცნობით, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დაკავებულია და ქვეყნიდან გაიყვანეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: