„როიტერსის“ ცნობით, ჩინეთში, ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძარს, 28 ნოემბრის მონაცემებით, მინიმუმ 128 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაახლოებით 200 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ როდესაც პოლიცია დეტალური მოკვლევისთვის  შენობაში შევა, კიდევ მეტი ცხედარი აღმოაჩინონ“, – ციტირებს „როიტერსი“ ქალაქის უსაფრთხოების უფროსის, კრის ტანგს.

ოფიციალური ცნობებით, 128 დაღუპულთაგან მხოლოდ 39 პირია იდენტიფიცირებული.

ხანძარი ჰონგ-კონგში 31-სართულიან საცხოვრებელ კორპუსებში 26 ნოემბერს გაჩნდა, კომპლექსი დაახლოებით 2000 ბინას მოიცავდა, სადაც 4600-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

„როიტერსის“ ცნობით, საცხოვრებელ კომპლექსზე სარემონტო სამუშაოების გამო ბამბუკის ხარაჩოები მწვანე ბადით იყო შემოხვეული.

გუშინ, 27 ნოემბერს, დააკავეს სამშენებლო კომპანიის სამი თანამშრომელი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან სარემონტო სამუშაოებისას სახიფათო მასალების გამოყენების გამო.

„როიტერსი“ წერს, რომ ჰონგ-კონგში, თითქმის 80 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური ხანძარია.

___________________________________

მოამზადა თორნიკე ბასარიამ

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA/LEUNG MAN HEI

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version