მთავარი,სიახლეები

„მზია ამაღლობელს არ უსარგებლია სამართლიანი სასამართლოს უფლებით“ – მაია მწარიაშვილი

18.11.2025
„მზია ამაღლობელს არ უსარგებლია სამართლიანი სასამართლოს უფლებით“ – მაია მწარიაშვილი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე თითქმის 4 საათია, რაც მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი დასკვნით სიტყვას ამბობს.

ადვოკატმა დეტალურად განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ცრუ მოწმე პოლიციელების მიერ მიცემული ცრუ ჩვენებები და ყველა ის გარემოება, რომლებიც დამალა პირველი ინსტანციის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ და არ ასახა განაჩენში.

„სააპელაციო სასამართლო ვერ გაექცევა მსჯელობას ჩვენ მიერ მითითებულ დეტალურ გარემოებებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება სასამართლომ უტყუარად მიიჩნიოს ბრალდების რომელიმე ზემოთ მითითებული მტკიცებულება. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ გააქრობს ჩვენს ყველა მსჯელობას განაჩენიდან და სწორედ ასე მოიქცა ბათუმის საქალაქო სასამართლო.

სწორედ ამიტომ, მზია ამაღლობელს არ უსარგებლია სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

ჩვენ მიერ ზემოთ მითითებული აშკარა, ნათელი და უხეში წინააღმდეგობების გამო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების ვერცერთი მოწმის და ვერც დაზარალებულის ჩვენებას, შესაბამისად, ბრალდების ეს მტკიცებულებები სამართლებრივად და ბრალდების მტკიცების თვალსაზრისით, უვარგისია, ვინაიდან წინააღმდეგობრივია როგორც ერთმანეთთან, ისე დაცვის მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასებისას ყველა არსებით საკითხში.

დაცვის მტკიცებულებები კი ძირითადად ვიდეომტკიცებულებებია, რასაც სასამართლო ვერ გაჭრის პოლიციელთა ცრუ ჩვენებებით“ – თქვა მაია მწარიაშვილმა.

ქუთაისის სააელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი 13:00 საათზე დაიწყო და ახლაც [16:40 სთ] გრძელდება.

სავარაუდოდ, საქმის განხილვა დღეს დასრულდება. შესაძლოა დღესვე გახდეს ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებაც.

პროკურატურა ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი განაჩენის გამკაცრებას და მზია ამაღლობელისათვის პატიმრობის შეფარდებას არა 2 წლით, არამედ 4-დან 7 წლამდე ვადით. დაცვის მხარე კი მოითხოვს მზია ამაღლობელის უდანაშაულოდ ცნობას და მის გათავისუფლებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: