დღეს, 27 ოქტომბერს, „თავისუფლების მოედანმა“ ბრიფინგი გამართა და წინააღმდეგობის გაგრძელების 10 კონკრეტული ნაბიჯი წარმოადგინა.

  1. მთელი საქართველოს და თბილისის სხვადასხვა უბნის შემოვლა, სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბება. „რაც შეიძლება მეტ ადამიანთან უნდა მივიტანოთ სიმართლე“, – აცხადებს „თავისუფლების მოედნის“ ლიდერი, ლევან ცუცქირიძე.
  2. რეალური და ძლიერი ალტერნატივის ფორმირება. „წლის ბოლოს თანამოქალაქეებთან და თანამებრძოლებთან ერთად მოვიწვევთ მასშტაბურ სამოქალაქო ყრილობას, სადაც ვიმსჯელებთ ბრძოლის შემდეგ ნაბიჯზე, მხარს დავუჭერთ გარდამავალი პერიოდის ხედვას და გეგმას,“ – აღნიშნა ლევან ცუცქირიძემ.
  3. 30 დღეში „თავისუფლების მოედანი“ წარმოადგენს თავისუფლების პროგრამას საქართველოსთვის. ამ პროგრამაში განხილული იქნება რეფორმები და ის ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას გარდამავალ პერიოდში „დემოკრატიის აღდგენამდე“.
  4. 30 დღეში „თავისუფლების მოედანი“ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ დოქტრინას, „ქართულ ოცნებას“ წლების განმავლობაში არ განუახლებია იმის მიუხედავად, რომ სულ მშვიდობაზე საუბრობს. ვაჩვენებთ ხედვას, რეალურად როგორ უნდა დავიცვათ მშვიდობა“, – განაცხადა ბრიფინგზე ლევან ცუცქირიძემ.
  5. ეტაპობრივად „თავისუფლების მოედანი“ წარმოადგენს გუნდის იმ წევრებს, რომლებსაც მოძრაობის შეფასებით, „აქვთ ცოდნა და გამოცდილება, ჩაიბარონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები“.
  6. იწყება ხელმოწერების შეგროვება ლუსტრაციის კანონის მხარდასაჭერად.
  7. საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად და დიასპორების კიდევ უფრო გასააქტიურებლად, იქმნება დემოკრატიის ეროვნული ფონდი;
  8. „ოცნებაზე“ საერთაშორისო ზეწოლის გასაძლიერებლად, ჩვენი საერთო ძალის უკეთესი კოორდინაციისთვის ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან, საქართველოს მეხუთე და მეოთხე პრეზიდენტებს, ასევე ყოფილ დიპლომატებს ვთავაზობთ და მათ ნაწილს უკვე შევთავაზეთ ერთობლივად დავაფუძნოთ საგარეო პოლიტიკის საბჭო,“ – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
  9. „თავისუფლების მოედანი“ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ცდილობს ევროკავშირში მუდმივმოქმედი, საერთაშორისო, მაღალი დონის კონფერენციის შექმნას, სადაც რეგულარულად განიხილავენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
  10. გამჭვირვალობის და საჯაროობის უზრუნველსაყოფად „თავისუფლების მოედანი“ ყოველ სამშაბათს, თსუ-სთან, უახლოესი 2 თვე საზოგადოებისა და მედიის კითხვებს უპასუხებს.

უკვე 334 დღეა საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქცია გრძელდება. წინააღმდეგობის მოთხოვნებია სინდისის პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, არალეგიტიმური მთავრობის გადადგომა და დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

Exit mobile version