მთავარი,სიახლეები

ეუთოს თავმჯდომარე „ოცნებამ“ რუსთაველზე გზის გადაკეტვის საბაბით დააჯარიმა

16.10.2025
ეუთოს თავმჯდომარე „ოცნებამ“ რუსთაველზე გზის გადაკეტვის საბაბით დააჯარიმა

ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის.

ელინა ვალტონენი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს 14 ოქტომბერს ეწვია. ის „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, საღამოს კი, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მივიდა და ვიდეოც ჩაწერა.

15 ოქტომბერს, დილით, „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროევროპულ აქციაზე მისვლის გამო ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, თუმცა თავად ელინა ვალტონენმა და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყვეს და თქვეს, რომ შეხვედრა არა ქართულმა მხარემ, არამედ ფინეთმა, გრაფიკის შეცვლის გამო გააუქმა.

თავის მხრივ, კობახიძემ ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა:

„50 ე.წ. აკაცუკი იყო შეკრებილი იმ აქციაზე და 51-ე „აკაცუკად“ მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ შეკრებაზე, რაც წარმოუდგენელია. ეს მეტყველებს ევროპული ბიუროკრატიის წიაღში არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე“, — განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის მაგალითზე „უცხოეთის აგენტებზე“ ისაუბრა.

დღეს, 16 ოქტომბერს, გავრცელდა ეუთოს თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის ირაკლი კობახიძისადმი მამართვაც:

„პრემიერ-მინისტრო კობახიძევ,

საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ეს ეხება ეუთოს წევრ ყველა სახელმწიფოს. იმისათვის, რომ ხალხმა ამ უფლებით ისარგებლოს, მათ გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ, სადაც პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის არჩევანს გააკეთებენ. […] გეპატიჟებით — ჩამობრძანდით ფინეთში, შეხვდით თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს და დააკვირდით ნებისმიერ დემონსტრაციას, რომელსაც მოისურვებთ“.

______________

ფოტოზე: ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი თბილისში, პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. ფოტო: „ნეტგაზეთი“

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: