თამარა სეხნიაშვილი-ლენგი 11 წელია ევროპაში, კერძოდ ესტონეთში ცხოვრობს.
თავიდან ესტონეთში გაცვლითი პროგრამით ჩავიდა როგორც მასწავლებელი, ახლა კი სტარტაპერია და მუშაობს აპლიკაციაზე, რომელიც დაეხმარება კომპანიებს, ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინონ, აქვთ თუ არა თანამშრომლებს სამსახურებრივი გადაწვა და დაეხმაროს მათ ამ პრობლემის დაძლევაში.
თამარას „ბათუმელები“ ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„ესტონეთში 2015 წელს ჩამოვედი და ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომელმაც ცვლილება მოახდინა ჩემში. გავიზარდე პიროვნულადაც და პირველად რაც დავინახე, იყო ის, რომ როცა გზას ვკვეთდი, მაგალითად, მანქანები ხუთი მეტრის მოშორებით გაჩერდნენ, რომ რამე ზიანი არ მომსვლოდა. საქართველოში ეს წარმოუდგენელია.
21 წლის ადამიანმა ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რომ ვიყავი დაცული, როგორც ადამიანი, როგორც ინდივიდი.
მქონდა ფასი, რადგან არ დამჭირდა ვინმეს მფარველობა წარმატების მისაღწევად.
საქართველოშიც მქონდა სამსახური, ბინა და შემეძლო დავრჩენილიყავი ჩემს ქვეყანაში, მაგრამ არ მქონდა წინსვლის შესაძლებლობა, არ მქონდა დაცულობის შეგრძნება.
აუცილებლად ვიღაცის შვილი, ან ვიღაცის მფარველობის ქვეშ უნდა ვყოფილიყავი, რომ რაღაც წარმატებისთვის მიმეღწია. სხვა ევროპულ ქვეყნებში არ ვიცი როგორ არის, მაგრამ ესტონეთში მნიშვნელობა აქვს პროფესიულ გამოცდილებას, უმაღლეს განათლებას, არ მინახავს აქ ვინმე მხოლოდ იმიტომ დაენიშნოთ სადმე, რომ ვიღაცის ბიძაშვილია.
ყველაფერი მოწმდება ხარისხიანად, ყველაფერი კეთდება ხარისხიანად და თუ სადმე რაღაც არის დარღვეული, არსებობს რეალური მექანიზმები, რომ ადამიანმა თავისი სიმართლე დაამტკიცოს და მიიღოს ის, რაც ეკუთვნის“, – ამბობს თამარა სეხნიაშვილი-ლენგი.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაცია სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებმა ნახონ და გაიგონ მეტი, ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობები, როგორც პროფესიაში, ასევე სხვა სფეროებში.
„ვიზალიბერალიზაცია არ არის მხოლოდ უბრალოდ საზღვრის გადაკვეთა, ტურიზმი და ასე შემდეგ. ეს არის შესაძლებლობა, ადამიანმა ნახოს, როგორ ცხოვრობენ სხვები, რა უფლებებით სარგებლობენ, რა შესაძლებლობები არსებობს სხვა ქვეყნებში და მოითხოვოს იგივე თავის ქვეყანაში.
როცა ჩამოვდივარ საქართველოში, ბოლო პერიოდში ვხედავ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ იბრძვის არსებობისთვის. ევროპაში კი ასე არ არის. საქართველოში ყველაფერი გაძვირებულია.
აქ პენსიონერი 600-700 ევროს იღებს, საქართველოში კი სადღაც 100 ევრო გამოდის პენსია, რაც ძალიან ცოტაა.
აქ, ტალინის მცხოვრებებისთვის მგზავრობა უფასოა. ქალები დეკრეტული შვებულებით წელიწად-ნახევარი სარგებლობენ ისე, რომ ხელფასის 80% ერიცხებათ. ადამიანები იღებენ უმუშევრობის დახმარებასაც, რაც ხელფასის 60%-ია. თუ ადამიანი ცუდად გრძნობ თავს და ვერ ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას, 6 თვის განმავლობაში შეუძლია აიღოს ბიულეტენი და მიიღოს ხელფასის 70%. ანუ, ადამიანს სახელმწიფო არ ტოვებს მარტო“, – ამბობს თამარა.
მისი თქმით, ესტონეთის სახელმწიფო, საქართველოსგან განსხვავებით, სოციალური დახმარების გამო მოქალაქეზე პოლიტიკურ ზეწოლას არ ახორციელებს.
„ამის გამო ვერავინ დაავალდებულებს მოქალაქეს, რომ ხმა მისცენ, მაგალითად, მმართველ პარტიას. მე არასდროს მიგრძვნია მსგავსი რამ. ოჯახის წევრებიც კი არ საუბრობენ ამაზე. ყველას თავისი აზრი აქვს, ყველა ერთმანეთის აზრს პატივს სცემს და იღებს.
თავიდან, როცა აქ ჩამოვედი, მასწავლებლად ვმუშაობდი. ვიცი, როგორი პოლიტიკური წნეხის ქვეშ არიან საქართველოში მასწავლებლები, ესტონეთში კი მსგავს რამეს ვერ შენიშნავთ.
სკოლა ავტონომიურია და თავისუფალია პარტიული ინტერესებისგან.
მასწავლებლის ხელფასი 1900 ევროა და ხელზე 1600 ევრო გამოდის, თუმცა ეს თანხაც საკმარისია იმისთვის, რომ ოჯახი შეინახო. ხელფასი სწვდება საჭიროებებს.
ჯანდაცვა უფასოა იმ გაგებით, რომ მოქალაქეების გადასახადები ამ სფეროსაც ხმარდება.
მე შემიძლია ჩემი ოჯახის ექიმს დავურეკო, წავიდე, ნებისმიერი სახის ანალიზები ავიღო და ეს ყველაფერი უკვე გადახდილია ჩემი გადასახადებიდან“, – ამბობს თამარა სეხნიაშვილი.
მისი თქმით, ევროპისგან საქართველოს დაშორება და მარტო დარჩენა აგრესორ რუსეთთან ნამდვილად ტრაგედია იქნება.
„ეს ძალიან ტრაგიკული იქნება. დამიჯერეთ, ემიგრანტებისთვისაც ძალიან მტკივნეულია ეს საკითხი, იმიტომ, რომ გვინდა ჩვენს ქვეყანასთან და შორიდან განვიცდით იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება დღეს.
ესტონეთიც ძალიან დიდი ხანი იყო რუსეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ და ეს ერი მომწონს იმიტომ, რომ არ ავიწყდებათ, რომ რუსეთთან არ შეიძლება არანაირი ურთიერთობა. ეს ისტორიული მეხსიერება აქვთ. ჩვენ რატომ გვავიწყდება ეს?
ესტონეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არასდროს მიბრუნდეს რუსეთისკენ და აღარ მოექცეს მათი ჩაგვრის ქვეშ.
ფინეთი ყოველდღე აძლიერებს საზღვარს რუსეთთან. 19 სექტემბერს სამი ბომბდამშენი შემოვიდა ესტონეთის საზღვრებში და ყველამ ვნახეთ, როგორ დადგა ფეხზე მთელი ევროპა“ – ამბობს თამარა სეხნიაშვილი-ლენგი.
საქართველოში კი, მისი აზრით, „ოცნების“ მთავრობა და ივანიშვილი ხალხს ისე ექცევა, როგორც „სეთური „დათა თუთაშხიაში“.
„საზღვრების ჩაკეტვა სურთ, რომ ადამიანებმა ვერ მიიღონ უკეთესი შესაძლებლობები. საბჭოთა კავშირის დროს სხვა რამე კი არ ხდებოდა, არ უნდოდათ ენახათ, როგორ კარგად ცხოვრობდნენ ადამიანები დასავლეთში.
თუმცა თავიანთი შვილებისთვის არ უნდათ ჩაკეტილი საზღვრები. სხვებისთვის უნდათ. თავიანთი თავისთვის უნდათ საუკეთესო, სახელმწიფო ინტერესი კი მთლიანად უგულებელყოფილია. კრიმინალური მეთოდებით მართავენ ქვეყანას და ხალხი ისეთ დონეზეა მიყვანილი, დაავიწყდეთ ყველა სხვა მიზანი იმის გარდა, „დღეს რა ვჭამოთ“.
მე, მაგალითად, ვერ ვისწავლიდი მაგისტრატურაზე, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რომ არ ჰქონოდა სპეციალურად ქართველი სტუდენტებისთვის 100%-იანი დაფინანსება და სტიპენდია. ეს პროგრამა არსებობდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ბევრ ახალგაზრდას განვითარების საშუალება მისცა. ამიტომ, არ შეიძლება ევროპული კარი დაიხუროს ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ხალხისთვის.
მჯერა იმ ბრძოლის, რაც დღეს მიმდინარეობს საქართველოში. არასდროს უნდა მივცეთ იმედს სიკვდილის საშუალება. სხვა არაფერი დაგვრჩენია ბრძოლის გარდა, რადგან ჩვენი ქვეყანა უნდა დავიბრუნოთ.
ამას წინათ ფოთის თეატრი იყო ჩამოსული. ძალიან სერიოზული სპექტაკლი ჩამოიტანეს აფხაზეთის ომის თემატიკაზე. ვთარგმნიდი სპექტაკლს, ყველანაირად ვცდილობ, მეტი ინფორმაცია მივაწოდო ადამიანებს, რომ საქართველო ამ ბრძოლაში არ იყოს მიტოვებული“, – ამბობს თამარა სეხნიაშვილი-ლენგი.






