„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი, რომელიც 8 თვეა უკანონო პატიმარია, სახაროვის პრემიის ნომინანტებს შორის დაასახელეს დღეს, 23 სექტემბერს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე.

სახაროვის პრემიაზე მზია ამაღლობელი 66-მა ევროპარლამენტარმა წარადგინა.

წელს სახაროვის პრემიის ფინალისტები არიან:

  • მზია ამაღლობელი, საქართველო
  • ბუდაპეშტის პრაიდი, უნგრეთი
  • კონფლიქტის ზონებში მოღვაწე ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები [პალესტინის პრესის ასოციაცია, პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება (PRCS) და გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტო (UNRWA), პალესტინა
  • ჟურნალისტები პალესტინაში, პალესტინა
  • ჩარლი კირკი, ამერიკის შეერთებული შტატები
  • ანდჟეი პოცობუტი, ბელარუსი
  • ბუალემ სანსალი, ალჟირი
  • სერბი სტუდენტები, სერბეთი

16 ოქტომბერს ცნობილი გახდება სახაროვის პრემიის სამი ფინალისტის ვინაობა, ხოლო 2025 წლის დეკემბერში სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაირკვევა, ვის გადაეცემა წელს პრემია.

რუსი მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პრემია ყოველწლიურად გადაეცემა იმ პირს ან ჯგუფს, ვინც საკუთარი საქმიანობა მიუძღვნა ადამიანის უფლებებისა და აზრის თავისუფლების დაცვას.

პრემია ევროპარლამენტის მიერ ყოველწლიურად გაიცემა 1988 წლიდან. ეს არის უმაღლესი ევროპული ჯილდო ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებისა და მუშაობისთვის.

ყოველწლიურად, სექტემბერში, ევროპარლამენტარები და პოლიტიკური ჯგუფები სახაროვის პრემიის კანდიდატებს წარადგენენ. თითოეულ კანდიდატს მინიმუმ 40 ევროპარლამენტარის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს და თითოეულ ევროპარლამენტარს მხოლოდ ერთი კანდიდატის მხარდაჭერა შეუძლია.

სახაროვის პრემიის გამარჯვებულები სხვადასხვა წელს იყვნენ: ნელსონ მანდელა [1993], მალალა იუსაფზაი [2014], ორგანიზაცია „მემორიალი“ [2008], არაბული გაზაფხულის აქტივისტები [2011], ალექსეი ნავალნი [2021], ირანული მოძრაობა „ქალი, სიცოცხლე თავისუფლება“ და ჰამსა ამინი [2023] და ა.შ.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version