„ვემსახურები საქართველოს! ვემსახურები ჩემს სამშობლოს და არა მტერს ან მტერთან კოლაბორაციაში მყოფ ხელისუფლებას, რომლის ცინიზმი ისეთივეა, როგორიც რუსული ოკუპაცია“- წერს ფეისბუქზე ფინანსისტი ალიმ ხერხაძე, რომელიც, მისივე თქმით, ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლიდან პროევროპული განწყობების გამო გაათავისუფლეს.

„ბათუმელები“ ალიმ ხერხაძეს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ამჟამად დროებით იმყოფება გერმანიაში, თუმცა სამსახურიდან დათხოვნის მოლოდინი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა მხარი დაუჭირა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას და ხელი მოაწერა პეტიციას.

„2008 წლის ომში საქართველოს ადანაშაულებენ (თავდაცვითი ოპერაცია არ იყო, როგორ გაბედეს და შეუტიეს ოკუპანტებსო) და უტიფარი სახეებით რამდენიმე დღეში დიდგორობას ზეიმობენ.

სინდისის, საკუთარი მორალის ხმაა ყველაზე ძვირფასი და ყველაზე საშიშიც – რისიც უნდა ეშინოდეს ადამიანს. საკუთარი სინდისის კარნახით შევუერთდი 2024 წლის ნოემბერში, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მიერ გამოქვეყნებულ პეტიციას და სამსახურში დამხვდა უკვე ამბავი, რომ პეტიციას მოვაწერე ხელი.

მინდა, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ ამოვიდეს რუსული წუმპიდან, გადამწყვეტ მომენტში შესაძლებლობების გაშვების მოჯადოებული წრე უნდა გავარღვიოთ. ეს ქვეყანა უნდა დაბრუნდეს თავის ისტორიულ ოჯახში“ – წერს ალიმ ხერხაძე ფეისბუქზე.

„ბათუმელებთან“ საუბარში იგი ამბობს, რომ პოლიტიკური მოტივით მისი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების პირველი შემთხვევა არ არის ეს.

მან გვითხრა, რომ პირველად 2017 წელს ქუთაისის მერიიდან გაათავისუფლეს, სადაც საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში უფროს სპეციალისტად მუშაობდა.

ალიმ ხერხაძის თქმით, მაშინ სამსახურიდან მისი გაშვება ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან რუსების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე კრიტიკული პოსტების გამო მოხდა.

„და ზოგადად, „ქართული ოცნების“ მიმართ ხშირად ვაქვეყნებდი კრიტიკულ პოსტებს.

მაშინ მითხრეს, თუ არ იჩივლებ აიპ-ში გადაგიყვანთო და მართლა ვიმუშავე ცოტა ხნით აიპ-ში, მაგრამ 2018 წლის აგვისტოში აიპ-იც დამატოვებინეს. იმ პერიოდში პარტიულად უფრო ეგზალტირებული გუნდი მოვიდა მერიაში, გიორგი ჭიღვარია იყო მერი, რომელმაც ფაქტობრივად რეპრესიები გაატარა და გამათავისუფლა მეც, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსით ვიყავი დანიშნული მაშინ მერიაში“ – ამბობს ალიმ ხერხაძე.

მან გვითხრა, რომ ამჟამად სამსახურიდან რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლეს და აპირებს სასამართლოს მიმართოს.

„ვაპირებ ჩივილს. ადმინისტრაციული კუთხით არ ვიცი რა გამოვა, თუმცა მინდა მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოსაც, რადგან მე სამი შვილი მყავს და სამივე არის მცირეწლოვანი. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში წერია, რომ რეორგანიზაცია არ ვრცელდება სამ წლამდე შვილის დედაზე და არაფერი წერია მამაზე, რაც, ვფიქრობ, რომ დისკრიმინაციული ჩანაწერია, რადგან სამ წლამდე ბავშვისთვის დედაც და მამაც თანაბარი მშობლები არიან.

ჩემს მეუღლეს სამი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. ხელოვნური სახსრები და გულის სარქვლის ინპლანტი აქვს და ყველაზე რთულ მომენტში ჩემი ყველა თანამშრომელი გვერდით მედგა. მათ შორის სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრის დირექტორი დავით ცაბაძეც, თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა მისი ცხოვრების საუკეთესო მომენტი ნამდვილად არაა“- გვეუბნება ალიმ ხერხაძე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მისი კრიტიკული განწყობების გამო ჰქონდა სამსახურიდან გაშვების მოლოდინი, ეს მაინც მტკივნეული აღმოჩნდა მისთვის.

„სოლიდარობას გამოვხატავდი სინდისის პატიმრების, მათ შორის მზიას და თამარ დათაშვილს მიმართ. დავდიოდი საპროტესტო აქციებზეც, ამიტომ მაბედნიერებს საკუთარი სიმართლის შეგრძნება. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილებები პირადი კეთილდღეობით ნაკარნახევი ქმედებები არასოდეს ყოფილა. მორალით ნაკარნახევი გადაწყვეტილება მგონია ის, რისთვისაც ღირს ეს ერთი ამოსუნთქვა ცხოვრება.

ბევრჯერ უკითხავთ, „არ გეშინია?“, „ცოლ-შვილი გყავს…“, ხელფასის არა, ქვეყნის დაკარგვის, საკუთარი სინდისის ხმის მეშინია, შვილების მეშინია, რომლებიც ნაავდრებს მკითხავენ, ავდარში მშრალი როგორ გადავრჩი“- ამბობს მოქალაქე.

იგი ფეისბუქზეც წერს, რომ ბევრი, ვინც განზე დგომას ურჩევდა და არა ღია პროტესტს, ახლა ნიშნისმოგებით პასუხობენ.

„აბა რა ეგონა“, „რას დადიოდა აქციებზე“ „გაჩერებულიყო“ – პერსონალური, ღირებულებითი დიაგნოზი უფროა, ვიდრე სამართლიანობა, როდესაც უდანაშაულო ხალხი ცხოვრების მნიშვნელოვან წლებს უსამართლო ტყვეობაში ატარებს და გადარჩენის გზად ვიღაცას გატრუნვა რომ მიაჩნია ეს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა იყო ჩემთვის და ემოციებისგან პასუხსაც ვერ ვცემდი მათ.

არადა, ამ ქვეყნის ისტორია თითო კაცების კისერზე გადასული ცოდვა მადლია, თორემ კოლექტიურად რომ ზნეობრივები ვიყოთ, უძლიერესი ერი ვიქნებოდით დედამიწაზე.

რუსულმა „ხელისუფალმა“ ჩვენი გონების ოკუპაციაც სცადა და ერს, რომელიც სისხლითა და ბრძოლით გადავრჩით, მტერთან წინააღმდეგობის გაწევისთვის თავს გვადანაშაულებინებენ.

გენეტიკურ დონეზე ახშობენ ჩვენში ეროვნულობას, წინააღმდეგობის უნარს და საკუთარი ქვეყნის ფუნქციაზე ფიქრის საშუალებას გვართმევენ. სამაგიეროდ გვეუბნებიან, რომ ერთადერთი ასპარეზი სპორტია, სადაც შეიძლება ქართულმა დროშამ იფრიალოს. ჟონგლიორ, მეორე ხარისხოვან, ეგზოტიკურ ერად უნდათ გვაქციონ.

საფრთხობელად დაგვიკიდეს „ომი იქნება“, „გვაპიდარასტებენ“, „ეკლესიას ებრძვიან“, „ნაცები მოდიან“ და უომრად ჩაგვაბარეს ოკუპანტ ქვეყანას. მონობას მშვიდობად გვასაღებენ, თავიანთ რიგებში ჰყავთ ყველაზე მეტი გეი, მოღალატე ოჯახის წევრები, ვიდეოფირებითა და კომპრომატებით აშანტაჟებენ სამღვდელოებას, ჩამორეცხეს საუკუნოვანი ტაძრები, „ნაციონალურ მოძრაობაში აღარაა იმდენი „ნაცი“, რაც თავიანთ რიგებში ჰყავთ.

გამოგონილ შიშებზე, უმეცრებაზე, გაუნათლებლობასა და „ღრუზინულ“ თვითკმაყოფილებაზე დააფუძნეს თავიანთი ელექტორალური ძალა. მიაჩნიათ, რომ საშუალო სტატისტიკური ქართველი თვითკმაყოფილი რეგვენია და არა რაციონალურად მოაზროვნე.

მიჭირდა ადამიანებისთვის ამეხსნა, რომ თუ მე იმ პრინციპებს დავთმობდი, რისიც მჯერა, თუ მე ჩემი დუმილით ამ ქვეყნის დაღუპვის თანამონაწილე ვიქნები, ასე სათუოდ შენარჩუნებული ხელფასი ჩემი შვილებისთვის მოწამლული იქნებოდა და მათთვისაც.

ვემსახურები საქართველოს! ვცოცხლობ საქართველოსთვის და ძალიან მიყვარს საქართველო.

მჯერა, რომ საქართველო იქნება თავისუფალი, ძლიერი, დემოკრატიული ქვეყანა!

მჯერა რომ გვექნება მდგრადი დემოგრაფია, განათლება და ეკონომიკა“ – წერს ალიმ ხერხაძე ფეისბუქზე.

ამავე თემაზე: 

„მე ფიცი მივეცი ქვეყანას და არა რომელიმე პარტიას“ – ინტერვიუ თავდაცვიდან გათავისუფლებულ პოლკოვნიკთან

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version