მზია მეგრელიშვილი მარტოხელა დედაა.

მას 14 წლის შვილი ჰყავს და მასთან ერთად წლებია ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

ახლა მზიას რთული პერიოდი უდგას, რადგან აქვს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები, ვერ მუშაობს, ვერ იხდის ქირის თანხას, ბინის მეპატრონე კი სახლის დაცლას სთხოვს.

მზია მეგრელიშვილი ცდილობს ხმა მიაწვდინოს ხან მერს, ხან აჭარის მთავრობას, თუმცა მისთვის ყველა კარი ჩაკეტილია.

„ვითხოვ სახელმწიფოსგან დახმარებას ბინის ქირის სახით. ან ისეთი საცხოვრისი მაინც მომცენ, რომ მქონდეს თავშესაფარი“, – ამბობს მზია მეგრელიშვილი „ბათუმელებთან“.

მზია თავისი მძიმე ცხოვრების დეტალებს გვიყვება.

„თითქმის 20 წელია არ მაქვს ჩემი საცხოვრებელი. რაც მეუღლეს დავშორდი, მას შემდეგ უსახლკაროდ ვარ. რაღაც პერიოდი მამაჩემის სახლში ვცხოვრობდი გურიაში. შემდეგ მცირეწლოვან შვილთან ერთად მომიწია თავშესაფარში ცხოვრება.

ახლა შვილთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალიბაურში ვცხოვრობ, ნაქირავებ ბინაში. არც იმის შესაძლებლობა მაქვს, რომ სადმე რაიმე შევიძინო და ვერც ქირას ვეღარ ვიხდი.

ოთხი თვის დავალიანება მაქვს და ბინის მეპატრონე ბინის დაცვლას მთხოვს. ვთხოვე ცოტა დრო მოეცა. რაღაც უნდა ვიღონო, რომ გარეთ არ გამოგვყაროს“, – გვეუბნება მზია.

გარდა იმისა, რომ მზიას და მის არასრულწლოვან შვილს არ აქვთ საცხოვრებელი, ქალს აქვს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები.

მზიას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს.

„მჭირდება გულზე სტენტირება. ცოტა ხნის წინ, თავში გაჟონვა მქონდა და ვიწექი საავადმყოფოში, ძალიან მძიმედ ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ გავჩერდი, რადგან შვილი მყავდა მარტოდ დატოვებული.

სტენტირებას ექიმი ვერ მიკეთებს, რადგან კუჭის წყლული მაქვს და ასეთ პირობებში ოპერაციას ვერ გავაკეთებთო, ექიმი მეუბნება.

ხელვაჩაურის მერიამ ქირის თანხაზე უარი მითხრა, გამოკვლევის თანხა მომცა მხოლოდ, მაგრამ ის თანხაც ავიღე და ქირაში მივეცი – მეპატრონე გარეთ გვაგდებდა. რა მექნა.

მაქვს დიაბეტიც, რის გამოც ხშირად მიწევს სასწრაფოს გამოძახება, ამიტომ ვერ ვახერხებ მუშაობას. რამდენჯერაც დავიწყე, იმდენჯერ მომიწია თავის დანებება, რადგან როცა სასწრაფოს გამოძახება მიწევს სამუშაოზე, დამსაქმებლები უკმაყოფილებას გამოხატავენ. ერთმა ისიც კი მითხრა, ჩემთან გინდა მაინც და მაინც მოკვდეო?

ამიტომ დავწერე ხელვაჩაურის მერიაში განცხადება და ვთხოვე მერს, ზაზა დიასამიძეს ქირის თანხის გადახდა, რომ არ შემიძლია ფიზიკურად მუშაობა“, – ამბობს მზია მეგრელიშვილი.

მზია ამბობს, რომ თავშესაფრიდან გამოსვლის შემდეგ, 320 ლარს, სოციალურ შემწეობას იღებდა სახელმწიფოსგან, თუმცა შემდეგ, გადამოწმებისას, ეს შემწეობა გაუუქმეს.

„დამიტოვეს მხოლოდ ბავშვის დახმარება 200 ლარი. ასეთი რა გავმდიდრდი არ ვიცი.

ერთი პერიოდი ყვავილებს ვყიდდი – მსხვილი ბიზნესები რომ შემოვიდა, ჩემი ყვავილები აღარ გაიყიდა და აღარც ფიზიკურად შემეძლო ქუჩაში დიდხანს ყოფნა. ამიტომ, ვეღარც ყვავილებს ვყიდი.

საკვებს მუნიციპალური სასადილოდან ვიღებთ. არ გვყოფნის, მაგრამ ზოგჯერ გოგოები ცოტა პურს მიმატებენ“, – გვეუბნება მზია.

მზია მეგრელიშვილი, 14 წლის შვილთან ერთად.

მისი თქმით, შვილის მამას სასამართლომ ალიმენტის გადახდაც დააკისრა, თუმცა არ იხდის.

„100 ლარი გადაიხადა ამ ბოლოს და სულ ეს არის. აღსრულება არაფერს აკეთებს. სამუშაო აქვს, მზარეულია, მაგრამ შვილს არ ეხმარება“.

მზია ამბობს, რომ შარშან, არჩევნების წინ, ბათუმში ჩამოსულ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაც სცადა, თუმცა დაცვამ ახლოს არ გააკარა.

„მივედი და არ შემიშვეს დასალაპარაკებლად. გამოვედი და აჭარის მთავრობის შენობასთან ვიჯექი მთელი ღამე.

სოზარ სუბარმა იცის, რომ მე მარტოხელა დედა ვარ, სოციალურად დაუცველი. ჯერ კიდევ მაშინ გავეცანი, როცა სახალხო დამცველი იყო და მე თავშესაფარში ვცხოვრობდი.

მაშინ მპირდებოდა ყველაფერს. ახლა, 14 წელი გავიდა ბატონო სუბარ, თქვენმა მთავრობამ მითხრას, რა გააკეთეთ ჩემთვის. ნახეთ ჩემს ანგარიშზე რაიმე თუ დევს, ან სახლი, ან კარი ან რაიმე, ვალების მეტი არაფერი მაქვს და თქვენი ანგარიშებიც ნახეთ, რამდენი გიდევთ. რისთვის ვიდექით მაშინ ერთად, აბა მითხარით“, – ასე მიმართავს ის, „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიის წევრს, ყოფილ სახალხო დამცველს, მზია მეგრელიშვილი.

მისი თქმით, თორნიკე რიჟვაძე ისე წავიდა თანამდებობიდან, ერთხელაც ვერ მოახერხა მასთან შეხვედრა. თუმცა ერთჯერადი წლიური დახმარება მიუცია მთავრობას ერთი-ორჯერ, რომელიც ქალმა ბინის ქირაში დახარჯა.

რაც შეეხება ახალ თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს, მასაც არავინ მახვედრებს. მალავენ, ჩქმალავენ. რას მალავენ არ ვიცი. კი არ უნდა იმალებოდეს, უნდა გამოდიოდეს და ხალხს ეკითხებოდეს, ვის რა პრობლემა აქვს, მაგრამ თავიანთ ჯიბეებში უნდათ ყველაფრის ჩაწყობა და ამიტომ არ კითხულობენ.

გარეთ რომ გამოვიდეს, პრობლემას გაიგებს, რამდენი უსახლკარო ჰყავს, რამდენი ნაგავში იქექება.

გუშინწინ, რომ მოვედი და ვიკითხე, მითხრეს ბეშუმშიაო, ქეიფობდა ბიჭი. გუშინ ჭიუხში იყო და ასე… წარმოგიდგენიათ?

ხელვაჩაურის მერმა ოფიციალურად განმიცხადა, ვალდებული არ ვარ, თანხა გიხადოო.

ვეუბნებოდი, დროებით სარგებლობაში მაინც მომეცით-მეთქი, რომ მეც სული ამოვითქვა. ჩემს შვილს საჭმელი ენატრებოდეს და მე 500 ლარს ვიხდიდე ბინის ქირაში ისე, რომ სოციალურიც არ მრჩებოდეს, ასე შეიძლება?

ამ ადამიანებს არ ესმით, რამდენ ხანს გავძლებ ჩემი ჯანმრთელობით?“ – ამბობს მზია მეგრელიშვილი.

GE33TB7505845068100030მზია მეგრელიშვილის ანგარიშის ნომერი თი ბი სი ბანკში. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ აღნიშნულ ანგარიშზე. 

ვიდეო:

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version