მთავარი,სიახლეები

ვინ არის მზია ამაღლობელი – ადვოკატის სიტყვა სასამართლოში

05.08.2025
ვინ არის მზია ამაღლობელი – ადვოკატის სიტყვა სასამართლოში

„მაქვს პატივი წარმოვადგენდე მზია ამაღლობელს ამ სასამართლო პროცესზე“ – განაცხადა 1 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა. დაცვის მხარის სამართლებრივი არგუმენტების გაზიარებამდე მან ჯერ სასამართლოს უამბო, ვინ არის მზია ამაღლობელი და რას უკავშირდება მისი საქმიანობა. 

„ბათუმელები“ გთავაზობთ ადვოკატ მაია მწარიაშვილის მიერ სასამართლოში წარმოთქმული სიტყვის ტრანსკრიპტს მცირე შემოკლებით. 

„მზია ამაღლობელის ცხოვრება და საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება მის მიერ დაარსებულ გამოცემებს: „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“.

ბოლო 24 წელია, იგი ყველა დღე შრომობდა იმისთვის, რომ განეხორციელებინა არაერთი პროექტი, რომელიც საქართველოში აძლიერებდა მედიას, განათლებას და მხარს უჭერდა სოციალურ თანასწორობას.

ყველაფერი დაიწყო 24 წლის წინ, როცა 2001 წელს ბათუმში ახალგაზრდა ენთუზიასტმა ჟურნალისტმა, მზია ამაღლობელმა, ამ პროცესზე მოწმედ დაკითხულ ეთერ თურაძესთან ერთად დააარსა ბეჭდური გამოცემა, გაზეთი „ბათუმელები“.

„ბათუმელები“ დამოუკიდებელ საქართველოზე ზუსტად 10 წლით უმცროსია, თუმცა ერთი დაბადების თარიღი აქვთ – 26 მაისი, რაც მე კანონზომიერი მგონია. 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, ათი წლის შემდეგ კი, 2001 წლის 26 მაისს გამოიცა გაზეთ „ბათუმელების“ პირველი ნომერი.

ამ გადმოსახედიდან გაზეთის პირველი ნომრის გამოცემის ეს თარიღი, მე ვფიქრობ, არ იყო შემთხვევითი დამთხვევა, ეს იყო მზიას თამამი განაცხადი, რომ „ბათუმელები“ იქნებოდა დამოუკიდებელი ქვეყნის დამოუკიდებელი გაზეთი, რომლის მთავარი მიზანი იყო თავისუფალი სიტყვის გავრცელება და დემოკრატიის ხელშეწყობა.

აჭარაში ასლან აბაშიძის მმართველობის დროს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი სრულად კონტროლდებოდა მისი და მისი პარტიის, „აღორძინების კავშირის“ მიერ, ამავდროულად აჭარაში მასობრივად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, იდევნებოდნენ ოპოზიციური პარტიები, განსხვავებულად მოაზროვნეები და მაქსიმალურად წახალისებული იყო სეპარატიზმი.

მზიას „ბათუმელების“ რედაქციამ მუშაობა დაიწყო ერთ პატარა ოთახში, მხოლოდ ერთი კომპიუტერით და თავისუფლებისადმი მზიას მყარი რწმენით. წარმოიდგინეთ, ეს 2001 წელია, მზია ამაღლობელი მაშინ 26 წლის იყო, წელს მზია 50 წლის გახდა და სამწუხაროდ, ის 50 წლის გახდა ციხეში.

მზია წლების განმავლობაში „ბათუმელებში“ მუშაობდა როგორც ჟურნალისტი და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ადამიანის უფლებების გაშუქება იყო. დროთა განმავლობაში როცა „ბათუმელები“ განვითარდა და გაძლიერდა, მზიამ გადაინაცვლა მედიამენეჯერად და დირექტორად, ხოლო გაზეთში შემოიკრიბა ახალგაზრდა, პროფესიისადმი ერთგული ჟურნალისტები და მე მათ ვიცნობ უკვე.

„ბათუმელების“ შექმნის გარიჟრაჟზე, აბაშიძის რეჟიმის პირობებში, თავისუფალი მედიის არსებობა აჭარაში დიდ რისკთან, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორების რისკთანაც იყო დაკავშირებული და ცხადია, „ბათუმელები“ მალევე გახდა აჭარაში მოქმედი ხელისუფლების სამიზნე, როგორც მედია, რომელიც დაუღალავად ააშკარავებდა და აშუქებდა კორუფციის, ნეპოტიზმის და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

იყო არაერთი მუქარისა და ზეწოლის ფაქტი, ფიზიკური თავდასხმის ჩათვლით.

მაგალითად, „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ფარდას ხდიდა, თუ როგორ მფარველობდა და ხელს უწყობდა პროსტიტუციას ბათუმის მაშინდელი მილიცია. სწორედ ამ თემის გაშუქებას მოჰყვა ფიზიკური თავდასხმა მზიაზე. მზიამ აღნიშნა კიდეც, რომ მან იცის, რას ნიშნავს ფიზიკური თავდასხმა.

ასლან აბაშიძის ქვეყნიდან წასვლის შემდეგ გაზეთის განვითარება კიდევ უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო. გაიზარდა გაზეთის ტირაჟი, გვერდების რაოდენობა, უცვლელი დარჩა გამოცემის სარედაქციო პოლიტიკა – შემდეგ ხელისუფლებაშიც „ბათუმელები“ კვლავ დარჩა დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედია-გამოცემად.

2010 წელს მზია ამაღლობელმა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთი“ თბილისში და ეს იყო ის იშვიათი შემთხვევა, როცა რეგიონულმა გამოცემამ ისე შეძლო განვითარება, რომ თბილისში დააფუძნა ახალი მედიაგამოცემა.

მე არ მინდა მზიას ჟურნალისტურ საქმიანობაზე ვისაუბრო, მინდა მის სხვა აქტივობებზე გავამახვილო სასამართლოს ყურადღება და პირველ რიგში მზია ამაღლობელის მიერ დაარსებული მედიაგამოცემების პროფესიულ შეფასებებზე.

„ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ და გამოცემების ჟურნალისტებს მიღებული აქვთ არაერთი ჯილდო პროფესიული საქმიანობისთვის. თავისთავად ცხადია, ყველა ამ ჯილდოში მზიას როლია ძალიან დიდია:

მხოლოდ რამდენიმეს ჩამოგითვლით:

2008 წელს „ბათუმელებმა“ მიიღო ნორვეგიის „გამოხატვის თავისუფლების ფონდისა“ და გერმანული ფონდის, „ცაიტის“ „პრესის პრიზი“;

2009 წელს „ბათუმელებს“ გადაეცა ორგანიზაციის – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრიზი – „პრესის თავისუფლების ჯილდო – სიგნალი ევროპას“. აღსანიშნავია, რომ ეს პრიზი „ბათუმელებმა“ მიიღო 2008 წლის აგვისტოში, ოფიცერ როინ შავაძის სასტიკი მკვლელობის საქმის გაშუქებისთვის და „ბათუმელების“ ეს სტატიები დაერთო შავაძის საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

მზია ამაღლობელი 2008 წელს ამ მძიმე ამბებზე მუშაობდა.

2015 წელს „ნეტგაზეთს“ გადაეცა ნორვეგიის „გამოხატვის თავისუფლების ფონდისა“ და გერმანული ფონდის, „ცაიტის“ პრიზი, როგორც გამოცემას, რომელიც „არ უშინდება ცენზურასა და რეპრესიებს“;

გარდა ამისა, გამოცემების ჟურნალისტებს სხვადასხვა წლებში მიღებული აქვთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზები სხვადასხვა ნომინაციაში, საქართველოს სახალხო დამცველის პრიზი, საქართველოს პრეზიდენტის პრიზი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პრიზი – „ადამიანის უფლებათა ტიტა“ და სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებული პრიზები ჟურნალისტური მასალებისთვის.

მინდა ყურადღება მიაქციოთ – 2022 წელს რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა „როსკომნადზორმა“ დაბლოკა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ რუსულენოვანი ვერსიები, მათ მიანიჭეს „ანტისაბჭოთა პროპაგანდის გამავრცელებელი ორგანიზაციის“ სტატუსი და აკრძალეს რუსეთში მათი გამოცემა.

ახლა მინდა გესაუბროთ მზიას საქმიანობაზე, რომელიც პირდაპირ კავშირში არ არის მედიაგამოცემებთან.

მზია ამაღლობელის მიერ განხორციელებული პროექტები წლების განმავლობაში ქმნიდა და ქმნის საზოგადოებრივ სიკეთეს, რომლის ადრესატებიც კონკრეტული ადამიანები არიან: ათეულობით, ასეულობით, ათასობით ადამიანი, რომელთა ცხოვრებაზეც პირდაპირ თუ ირიბად აისახა ის შრომა, რაც მზია ამაღლობელმა წლების განმავლობაში მოანდომა ამ პროექტების მოფიქრებას, შექმნას და განხორციელებას.

მზიას მიერ განხორციელებული პროექტები ეხმიანება სამოქალაქო საზოგადოების უმწვავეს საჭიროებებს.

მისი პროექტების ადრესატები იყვნენ და არიან ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები ამ ქვეყანაში და აჭარის რეგიონში: მოსწავლეები, სტუდენტები, სოციალურად დაუცველები, მოხუცები, განათლების მიღების შესაძლებლობას მოკლებული პირები, ძალადობის მსხვერპლები, ეკომიგრანტები და ა.შ.

მხოლოდ რამდენიმე პროექტზე მოგიყვებით:

ჯერ კიდევ 2006 წელს მზია ამაღლობელმა დაიწყო ძალზე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც ეხებოდა აჭარაში და აჭარიდან საქართველოს სხვა რეგიონებში ჩასახლებული პირების ადვოკატირებას და მათი პრობლემების შესწავლას.

3 წლის განმავლობაში ამ პროექტის ფარგლებში, სპეციალური ჯგუფი იმყოფებოდა აჭარის თითქმის ყველა მეწყერსაშიშ სოფელში და, ასევე, საქართველოს ყველა იმ რეგიონში – კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში – სადაც ცხოვრობდნენ აჭარიდან ჩასახლებული პირები.

პროექტის ფარგლებში შეისწავლეს ამ ადამიანების საცხოვრებელი გარემო, სიდუხჭირე, საჭიროებები, პრობლემები და ამ მასალას წლების განმავლობაში აშუქებდა „ბათუმელები“.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში პირველად იქნა გამოყენებული და შემდგომში დამკვიდრდა სიტყვა ეკომიგრანტი, რომელიც დღეს ასე ფართოდ გამოიყენება.

მზია ამაღლობელის ამავე პროექტის ფარგლებში მომზადდა კანონპროექტი აჭარის უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტისთვის ეკომიგრანტთა პრობლემების მოსაგვარებლად. ეს პროექტი გახდა მთავარი ბიძგი იმისთვის, რომ აჭარის მთავრობამ მიიღო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა ეკომიგრანტების დახმარებას და ამ პროგრამის მიღების შემდეგ არაერთი ოჯახის მდგომარეობა უკეთესისკენ შეიცვალა.

მზია ამაღლობელის ხელმძღვანელობით, „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ წლების განმავლობაში უწყობდა ხელს ქვეყანაში დისკუსიებს, სხვადასხვა მოსაზრებების გაზიარებას.

ამ მიზნით, 2010-2014 წლებში მზიამ განახორციელა უნიკალური პროექტი – „პრესკაფე და სადისკუსიო სივრცე ბათუმში“, რომელიც ცნობილი გახდა არა მარტო ბათუმში, არამედ მთელს საქართველოში.

ეს იყო კაფე და ამავე დროს სადისკუსიო სივრცე, რომელიც უფასოდ სთავაზობდა სხვადასხვა ჯგუფს სივრცეს აზრთა გაზიარებისთვის. ეს იყო საზოგადოებრივი, სამოქალაქო და პოლიტიკური ჯგუფებისთვის ღია სივრცე დისკუსიებისთვის და ამ სივრცით რეგულარულად სარგებლობდნენ ის პირებიც, რომლებიც ახლა „ოცნებას“ წარმოადგენენ სხვადასხვა თანამდებობაზე აჭარაში.

მხოლოდ რიცხვებიც კი შთამბეჭდავია – ოთხი წლის განმავლობაში „პრესკაფემ“ 500-მდე დისკუსიას, ღონისძიებას, ბრიფინგსა და პრეზენტაციას უმასპინძლა, გაიმართა ათობით კინოჩვენება, გამოფენა და საქველმოქმედო აქცია.

ახლა მზიას პროექტები, რომელიც უშუალოდ განათლების ხელშეწყობას უკავშირდება.

2004 წლიდან 2022 წლამდე, მზია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, პერიოდულად ახორციელებდა საგანმანათლებლო პროექტ „მედიასკოლას“, რომლის ფარგლებში ჟურნალისტიკა ისწავლა არაერთმა სტუდენტმა და სკოლის მოსწავლემ, ბევრი მათგანი დღეს ქართული მედიაში, სხვადასხვა ტელევიზიასა და ონლაინგამოცემაში მუშაობს და მათ ჟურნალისტიკაში პირველი ნაბიჯები სწორედ მზიას განხორციელებული პროექტით გადადგეს.

2021 წელს მზია ამაღლობელმა განახორციელა მორიგი საგანმანათლებლო პროექტი, „მოგზაური ბიბლიოთეკა“. ეს არის პროექტი აჭარის მაღალმთიანი სოფლების სასკოლო ბიბლიოთეკების დასახმარებლად, რომელიც მზიამ იაპონიის საელჩოსა და ქართული გამომცემლობების მხარდაჭერით განახორციელა.

პროექტის ფარგლებში „მოგზაურმა ბიბლიოთეკამ“ აჭარის 29 მაღალმთიან სოფელში 70 ათასი ლარის ღირებულების წიგნები მიუტანა სკოლის მოსწავლეებს, განახლდა 17 სასოფლო და 12 სასკოლო ბიბლიოთეკა, პროექტის ფარგლებში იმართებოდა თანამედროვე ქართველი მწერლების შეხვედრები და დისკუსიები ადგილობრივ ახალგაზრდებთან.

მზიას ხელშეწყობით სკოლის მოსწავლეები, რომლებიც აქამდე ცნობილ მწერლებს მხოლოდ ტელეეკრანზე ხედავდნენ, მათ საკუთარ სოფლებში ხვდებოდნენ და ლიტერატურასა და განათლებაზე ესაუბრებოდნენ.

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ ასევე ჩართული იყო კოვიდის წინააღმდეგ ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიაში და ამ კამპანიის ფარგლებში მაღალმთიან აჭარასა და ბათუმში, ასევე, „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში, იმ ადგილებში, სადაც საინფორმაციო დეფიციტი და არაერთი მითი იყო კორონავირუსის შესახებ, უზრუნველყოფდა ცნობილი, ავტორიტეტული ექიმების მიყვანას და საუბრებს ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ.

2019 წლის 8 მარტს მზიამ ბათუმში გამართა კონფერენცია ქალებზე ძალადობის თემაზე, რომლის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც, ერთი მხრივ, მუშაობენ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი, თავად არიან ბენეფიციარები. ამ კონფერენციის მომხსენებლებად მოწვეული იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმჟამინდელი პროკურორი – ნათია სონღულაშვილი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე (დავით მამისეიშვილი).

მზიას კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი – ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის და აჭარის ისტორიის შესწავლა, პოპულარიზაცია და ადვოკატირება.

ამ პროექტის ფარგლებში „ბათუმელები“ წლების განმავლობაში ამზადებდა სტატიებს ბათუმის და აჭარის სოფლების ისტორიის შესახებ, აგროვებდა ფოტო მასალებს და მზიას ინიციატივით „ბათუმელებმა“ პოპულარულ ენაზე დაწერილი 3 წიგნი გამოსცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის თემაზე. აქედან ორი მათგანი ყველაზე პრესტიჟული ქართული ლიტერატურული პრემია „საბას“ ე.წ. მოკლე სიაში მოხვდა, ხოლო ერთმა – „უცნობი ძველი აჭარა“ – ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო, როგორც წლის საუკეთესო დოკუმენტურმა პროზამ.

უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მზიამ დაიწყო პროექტი, რომელიც შეეხებოდა სტალინური რეპრესიებს საქართველოში. ამ პროექტის მიზანი, უახლესი, ტრავმული წარსულის შესწავლა და გააზრება იყო.

მზიას არაერთი პროექტი ეხება სოლიდარობის და მედიის მხარდაჭერის თემას. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ მზია ამაღლობელი შეუერთდა კამპანიას დამოუკიდებელი უკრაინული მედიის მხარდასაჭერად და დაიწყო თანხის შეგროვება ომის პირობებში მყოფი უკრაინული მედიის დასახმარებლად.

მზია წლების განმავლობაში იყო და არის მრავალი საქველმოქმედო პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერი. „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთში“ გამოქვეყნებული სტატიები გახდა არაერთი საქველმოქმედო აქციის საფუძველი, რამაც არაერთი ადამიანის და ცალკეული ჯგუფის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ.

მხოლოდ რამდენიმე მაგალითზე მოგიყვებით:

2024 წელს „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა სტატია ხულოში მცხოვრები ქალის შესახებ, რომელიც სიღარიბეში, მარტო უვლიდა საქონელს და შესაბამის დახმარებას ვერ იღებდა მულიციპალიტეტისგან. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელების“ მკითხველებმა დაიწყეს ახალგაზრდა ქალის დახმარების კამპანია და მას 97 ათასი ლარი შეუგროვეს;

2021 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა სტატია „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ღარიბ ბავშვებზე, ძმებზე, რომელთაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა კი – ავარიით. „ბათუმელებმა“, მკითხველების დახმარებით, ბავშვებს 55 ათასზე მეტი ლარი გადაურიცხა მხარდასაჭერად;

2021 წელს „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა სტატია და ვიდეო მარტვილში, ნათესავთან შეხიზნულ, უსახლკარო ახალგაზრდა კაცზე, რომელიც დედის ოპერაციის ფულის შესაგროვებლად ქუჩაში ცეკვავდა დილიდან საღამომდე. მასალას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და „ბათუმელების“ მკითხველებმა ახალგაზრდა კაცის დასახმარებლად 42 ათასი ლარი შეაგროვეს. ამ თანხით მან დედის ოპერაციის დაფინანსება და ბინის შეძენაც შეძლო.

ბათუმელების ოფისში მზიას ოთახი მე-4 სართულზეა, მე ეს უკვე ვიცი და როგორც მისმა კოლეგებმა, რომლებიც დღე და ღამე დაუღალავად მუშაობენ, მითხრეს, მის ოთახში შუქი გვიანობამდე არ ქრება, იმიტომ რომ მზია დაუღალავად შრომობდა ამ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების კეთიდღეობისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის, სოციალური სამართლიანობისთის და დემოკრატიისთვის.

ვეცადე ძალიან მოკლედ მეთქვა იმ საქმიანობის შესახებ, რასაც მზია ეწევა წლების განმავლობაში.

ამ ჩუმი ადამიანის საქმეები ძალიან ხმამაღალია.

ქალბატონო მოსამართლე, ბატონო პროკურორო, შეგიძლიათ გაიცნოთ მზია ამაღლობელი და მე მაქვს პატივი, წარმოვადგენდე მზია ამაღლობელს ამ სასამართლოზე“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: