დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.

სხდომაზე დღეს დაცვის მხარეს უსმენენ. მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დღეს დასკვნითი სიტყვისას ხაზი გაუსვა, რომ მზია ამაღლობელის საქმის გამოძიება შსს-მ და პროკურატურამ ისე ჩაატარეს, რომ ერთხელაც კი არ შეხვედრიან მზია ამაღლობელს.

„გამოძიებას აწარმოებდა პოლიციის 2 რეგიონის (აჭარის და გურიის) საგამოძიებო დანაყოფის 8 გამომძიებელი, ზედამხედველობას ახორციელებდა 2 პროკურორი.

გამოძიების მანძილზე არც ერთ გამომძიებელს ან პროკურორს თვალით არ უნახავს მზია ამაღლობელი, არ ჰქონია მასთან არც ერთი კითხვა, არ გაურკვევია არც ერთი გარემოება, არ უკითხავს საერთოდ არაფერი.

საქმე ისე დასრულდა, გამოძიების მანძილზე არცერთ გამომძიებელს ან პროკურორს თვალით არ უნახავს მზია ამაღლობელი, არ ჰქონიათ არცერთი კითხვა… არაფრად ჩააგდეს ეს ადამიანი… იქნებ და იბრალებდა [იმ დანაშაულს], ასე რომ ითხოვდა პრემიერი.

გამოძიებამ საქმე დაასრულა ისე, რომ მზია ამაღლობელმა გამომძიებლები და პროკურორები პირველად ნახა სასამართლო პროცესზე“ – თქვა მაია მწარიაშვილმა.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის ადვოკატების დასკვნით სიტყვას ისმენს. მოსამართლემ, შესაძლოა, განაჩენი პირველ აგვისტოს გამოიტანოს, ან მისი გამოცხადება გადადოს.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის თითქმის 7 თვე უკანონო პატიმრობაშია – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.

მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.

მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version