უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ 11 ივნისს, გამთენიისას, უკრაინულმა ჯარებმა რუსეთში დრონებით შეუტიეს ტამბოვის დენთის ქარხანას, კურსკის ოლქში მდებარე საბრძოლო მასალის საწყობსა და ვორონეჟის ოლქში, აეროდრომზე მდებარე საწყობს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ტამბოვის დენთის ქარხანაში დაზიანდა ობიექტები და ხანძარი გაჩნდა. ეს საწარმო აწარმოებს დენთს სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის, არტილერიისა და სარაკეტო სისტემებისთვის.

უკრაინული დრონების თავდასხმის შესახებ ვრცელდება ცნობები რუსულ მედიაში და სოციალურ ქსელებშიც.

რუსეთის ტამბოვის ოლქის გუბერნატორმა ევგენი პერვიშოვმა სოციალურ ქსელებში დაწერა უკრაინული დრონების მასობრივი თავდასხმის მოგერიების შესახებ. მისი თქმით, ერთი დრონის ჩამოგდების შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომელიც ჩააქრეს და მსხვერპლი არ ყოფილა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ასევე დაარტყეს საბრძოლო მასალის საწყობს კურსკის ოლქში.

ამ რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრ ხინშტეინმა, განაცხადა, რომ უკრაინულმა დრონებმა მშვიდობიანი მოქალაქე დააზიანეს. მან ასევე დაწერა ორი პირველადი დახმარების და სამეანო პუნქტის დაზიანების შესახებ.

რაც შეეხება ცნობას ვორონეჟის ოლქში მდებარე აეროდრომზე თავდასხმის შესახებ, რუსული მხარე, კერძოდ, ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრე გუსევი ამბობს, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15-ზე მეტი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მაგრამ მსხვერპლი ან ზარალი არ ყოფილა.

_______________

ფოტო: „უკრაინსკა პრავდა“

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version