„სილის გაწვნა… არავითარ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულს არ წარმოადგენს,“ – მკაფიო პოზიცია აქვს ადვოკატს ზურაბ ცინცაძეს მზია ამაღლობელის საქმეზე. მას, როგორც დიდი გამოცდილების მქონე იურისტს ვკითხეთ: სილის გაწვნა არის თავდასხმა?
მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი ოთხ თვე-ნახევარია უკანონო პატიმრობაშია. მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
„ბათუმელებმა“ ადვოკატ ზურაბ ცინცაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ზურაბ ცინცაძეს იურისტად მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს. იყო პროკურორი და გამომძიებელი. იგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრია.
- ბატონო ზურაბ, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ქალისგან სილის გაწნა თავდასხმაა. თქვენ რას ფიქრობთ?
ეს მძიმე ბრალდებაა და მოითხოვს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებით რეაგირებას. დანაშაულებრივი ქმედების სისხლის სამართლის კვალიფიკაციისთვის საჭიროა არსებობდეს ოთხი ნიშანი, კერძოდ: სუბიექტი, სუბიექტური მხარე – ანუ დანაშაულებრივი განზრახვა და მოტივი, ობიექტი და ობიექტური მხარე – რაც გულისხმობს დანაშაულის ჩადენის იარაღს, ხერხსა და საშუალებას.
გასაგებია, რომ სუბიექტია მზია ამაღლობელი და ობიექტია პოლიციელი. ობიექტური მხარეა მზია ამაღლობელის ფიზიკური კონტაქტი პოლიციელთან, ანუ სახეში სილის გაწვნა, რაც ბრალდების მხარემ უყოყმანოდ გამოიყენა პოლიციელზე თავდასხმის კვალიფიკაციის მისანიჭებლად.
მოცემულ საქმეზე – საზოგადოებაში და პროფესიულ წრეებში – გამოითქვა არაერთგვაროვანი მოსაზრებები და შეფასებები, რაც ერთი მხრივ ბუნებრივია. მეც მათ შორის დავაფიქსირებ ჩემს მოკრძალებულ მოსაზრებას. საქმის მასალებს არ ვიცნობ და ამ შემთხვევაში ვხელმძღვანელობ მხოლოდ მედიით გავრცელებული კადრებით.
პოლიციელის მოთხოვნა უნდა იყოს კანონიერი და მისი შესრულება სავალდებულოა საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პოლიციელს გააჩნია ძალის გამოყენების უფლება, რომლის ფორმები და საშუალებებიც, მათ შორის, როგორიცაა: ხელბორკილის დადება, რეზინის ხელკეტის, რეზინის ტყვიებისა, თუ ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მკაცრად არის რეგლამენტირებული მოქმედი კანონმდებლობით.
ამასთან, მნიშვნელოვანია პოლიციელის მოქალაქესთან კომუნიკაციის ფორმა, რაც ასევე რეგლამენტირებულია კანონმდებლობით. კერძოდ, პოლიციელს არ აქვს უფლება შეურაცხყოს მოქალაქის პატივი და ღირსება.
თუ ასეთი რამ ფიქსირდება, მაშინ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოლიციელი გადის კანონით დადგენილი სტანდარტიდან და, შესაბამისად, ის რჩება კანონით მინიჭებული სტატუსის მიღმა. ეს აღარ იძლევა საშუალებას მისი მოთხოვნის და ქმედების კანონიერების საფუძვლებზე აპელირებისათვის.
კვალიფიკაციის განსაზღვრისას ეს – მხედველობაში მაქვს პოლიციელზე თავდასხმა სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას, სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
მოგეხსენებათ, თავდასხმა გახლავთ აგრესიული მოქმედება, რომლის მიზანიც შეიძლება იყოს სიცოცხლის მოსპობა ან სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. რაც შეეხება, ქალის მიერ სილის გაწნას, ის უნდა განვიხილოთ, როგორც ქალების შეიარაღების არსენალში არსებული თავდაცვითი იარაღი, რასაც ისინი იყენებენ შეურაცხყოფის, ღირსების შემლახავ საქციელზე რეაგირებისთვის მყისიერად, ინსტინქტურად, ყოველგვარი ტკივილის მიყენებისა და სხეულის დაზიანების მიზნის გარეშე.
ამდენად, რაზე მოახდინა ამ ფორმით რეაგირება მზია ამაღლობელმა – ეს ბრალდების მხარემ სერიოზულად უნდა დაასაბუთოს სასამართლოში.
სილის გაწნა, ხელის და თმის მოქაჩვა, პანჩურის ამორტყმაც კი, არავითარ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულს არ წარმოადგენს.
- უზენაეს სასამართლოს განუხილავს ერთი შემთხვევა – პოლიციელს საზარდულის არეში ამოარტყეს ფეხი, თუმცა ეს მოსამართლეებს პოლიციელზე თავდასხმად არ მიუჩნევიათ.
არ არის ეს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი ქმედება და ამიტომ.
არც სილის გაწვნაა თავდასხმა. ყოველდღიურ ურთიერთობაში რამდენი ქალი შეიძლება აღმოჩნდეს ასეთ სიტუაციაში და რა ვქნათ?! თავდაცვის ინსტინქტით შეურაცხყოფაზე რეაგირებისთვის ქალები ციხეში გავუშვათ სისხლის სამართლის წესით?
წარმოიდგინეთ, სილის გაწნა რომ დანაშაული იყოს, რამდენი გოგო შეიძლება აღმოჩნდეს ციხეში?
როგორც უკვე აღვნიშნე, სუბიექტური მხარე – ანუ რა მიზანი ამოძრავებდა და რაზე რეაგირებდა ამ ფორმით მზია ამაღლობელი, ამის დადგენა საქმეზე სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ ეს გარემოებები არ არის გამოძიებული, სასამართლოში განხილული და სამართლებრივად შეფასებული – ეს ტოვებს ღია სივრცეს, რომლის არსებობაც ხელს შეუშლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.
- იყო ერთი ცრუ მოწმე – დეტექტივი ვლადიმერ ჩიტაია. მისი პატაკის მიხედვით, მზია ამაღლობელი დავალებით მოქმედებდა, თუმცა ამ პოლიციელმა ვერ თქვა, საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია. საბოლოოდ, პროკურატურამ სასამართლოში ამ პოლიციელის დაკითხვაზე უარი თქვა.
კანონმდებლობით ასეა – ამას პროცესის თანახმად, ირიბი, ანუ წარმოებული ჩვენება ეწოდება. თუ მოწმე წყაროს ვერ ასახელებს, ვერ უთითებს, საიდან აქვს კონკრეტული ინფორმაცია, მაშინ ის ჭორაობს, რაც სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ გამოდგება.
ამიტომაც, წამგებიანი იქნებოდა პროკურატურისთვის ამ მოწმის წარმოდგენა.
- მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ეს შემთხვევა მოხდა – პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან, პოლიციელების გარემოცვაში?
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, მზია ამაღლობელი, თავისი ქმედებით ზოგადად პოლიციელების მიმართ გამოხატავდა უკმაყოფილებას თუ კონკრეტული პოლიციელის მიმართ.
- დაზარალებულად მიჩნეულმა ირაკლი დგებუაძემ აღნიშნა სასამართლოში, ჩემ მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაშიო.
ბუნებრივია. საზოგადოებისთვის უცხო არ არის თუ რა ვითარებაში და გარემოებებში რეაგირებენ ქალბატონები ასეთი ფორმებით.
- თქვენი აზრით, პროკურატურამ თვითნებურად განმარტა თავდასხმის მუხლი?
არ ვიცნობ დეტალურად საქმის მასალებს, მაგრამ რასაც მედიით ვეცნობი, კონკრეტულად ეს ქმედება [სილის გაწნა] არ არის საკმარისი სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციისთვის.
- რამდენად დასაბუთებულია მზია ამაღლობელის პატიმრობა, ის თითქმის 5 თვე პატიმრობაშია?
იმდენად შაბლონური გახდა სასამართლოს მსჯელობა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს, არც ღირს ამაზე საუბარი. მაგალითად, ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. სად არის გარანტია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შეიძლება არაფერს ედავებიან და არც ნასამართლევია, დღის ბოლომდე დანაშაულს არ ჩაიდენს?
ვინ იცის, რა მოხდება დღის ბოლომდე და რა ვითარებაში აღმოჩნდება ის.
ერთს დავამატებ: სასამართლოს აქვს ორი გზა. მან საქმეზე უნდა დაადგინოს ან გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენი. ის საქმეს დამატებით გამოძიებაში ვერ დააბრუნებს.
ორივე შემთხვევაში განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. თუ ეს მოთხოვნები პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საქმის წარმართვის შემთხვევაში, ასეთი სახის ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლების არსებობა შეიძლება დადგენილი განაჩენის გაუქმების საფუძველი გახდეს.