მთავარი,სიახლეები

შეიქმნა პეტიცია მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით

10.02.2025
შეიქმნა პეტიცია მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მედიამენეჯერისა და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. 

„ორ ათწლეულზე მეტი მზია ამაღლობელი იბრძოდა პრესის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ახლა ის წინასწარ პატიმრობაშია და სიცოცხლეს რისკავს ღირებულებებისთვის, რომელსაც ყოველთვის იცავდა.

ეს არ არის მხოლოდ მზიას ბრძოლა – ეს არის ბრძოლა ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმრისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და საქართველოს მომავლისთვის.

ვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ – ვკითხულობთ პეტიციის ინგლისურენოვან ტექსტში.

პეტიციაზე ხელმოწერა და გაზიარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია – პეტიცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე. 

30 დღეა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის მხოლოდ წყალს იღებს.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად დამხმარე ნაგებობაზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სისხლის სამართალში კვალიფიკაციის არმქონე მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: