მთავარი,სიახლეები

ბათუმის აქციაზე დაკავებულთაგან 5 მოქალაქე გაათავისუფლეს

17.01.2025
ბათუმის აქციაზე დაკავებულთაგან 5 მოქალაქე გაათავისუფლეს

16 იანვრის საღამოს ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს: ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე და მათე ცენტერაძე.

მათთან ერთად გაათავისუფლეს თემურ ქათამაძეც, ბათუმის აქციების მთავარი მედროშე, რომელიც გათავისუფლებიდან მალევე სამტრედიის იზოლატორთან ისევ დააკავეს.

ამ ამბიდან მალევე ბათუმელმა აქტივისტმა, ციალა ქათამიძემ დაწერა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მას, როცა დაკავებული იყო, უთხრა, რომ ბათუმის მედროშეს ქვეყნიდან „გააგდებდა“.

„ჩემს ოთახში შემოსულმა ირაკლი დგებუაძემ ჩვენს მედროშეზე მითხრა, სულ რომ ვერაფერი, მაგ „თურქს“ მაინც გავაგდებ ქვეყნიდანო. ეგ თურქი არაა, მუჰაჯირი არის-მეთქი! ეგ არის თურქი და თურქეთი ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთზე დიდი მტერიაო! შემომხედა ისეთი სახით, რომელსაც ვერც ერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს და ასახავს, ამ სახეს „ირაკლი დგებუაძე“ ჰქვია!“ – წერს ციალა ქათამიძე ფეისბუქზე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით ძმებს, ლაშა და გიორგი გაბაიძეებს 17 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე გაათავისუფლებენ.

11 იანვარს პოლიციამ ბათუმში აქციაზე 12 ადამიანი დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. იმავე დღეს დაკავებული პირებიდან მხოლოდ სამმა, ქალებმა, დატოვა პოლიციის განყოფილება.

_____________________

ფოტოზე: მათე ცენტერაძის სასამართლო პროცესი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: